ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი საუნივერსიტეტო, ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების მხარდაჭერით ახორციელებს კვლევით პროექტებს შემდეგი მიმართულებებით:


1. ენის მოდელირება და კორპუსული ლინგვისტიკა;

2. ქართული ჟესტური ენის კვლევა;

3. ქართველურ ენათა ტიპოლოგიური კვლევა, ელექტრონული დოკუმენტაცია;

4. ტექსტოლოგია, ძველი ქართული სიტყვიერი მემკვიდრეობის კვლევა, პუბლიკაცია;

5. ქართული ენის სოციალური ისტორიის კვლევა;

6. ქართულის როგორც მეორე ენის და ქართულის როგორც უცხო ენის სტანდარტიზაციის საკითხთა კვლევა სახელმძღვანელოების მომზადების მიზნით;

7. შუა საუკუნეებისა და მოდერნულობის ქართულ-ევროპული წყაროების კვლევა, თარგმნა, პუბლიკაცია.


ინსტიტუტის სტრუქტურაში შედის ჟესტური ენის ლაბორატორია, ქართველური ენების კვლევის ჯგუფი და ქართული ენის სახელოსნო.


ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის კვლევითი მიმართულებები

ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი ახორციელებს ინტერდისციპლინურ პროექტებს ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერებისა და ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგში. კვლევის ძირითადი სფეროებია:

კორპუსული ლინგვისტიკა

ქართული ენის კორპუსის პროექტებზე მუშაობა 2009 წლიდან დაიწყო. დღემდე განხორციელდა და ინტერნეტსივრცეში განთავსდა ძველი, საშუალი და ახალი ქართულის ცალკეული ეტაპის, ჟანრის და კონკრეტული ძეგლის მონოლინგვური და პარალელური კორპუსები (იხ. www.corpora.iliauni.edu.ge). ინსტიტუტის მიერ მომზადებული კორპუსული პროექტების ფარგლებში, ლინგვისტური და ტექნოლოგიური სტანდარტის შესაბამისად, დღეისათვის დოკუმენტირებულია 100 000 000-მდე სიტყვა-ფორმა.

ბუნებრივი ენის მოდელირება

2014 წელს დასრულდა მუშაობა ქართული ენის საანალიზო და საანოტაციო პროგრამების შექმნაზე. შეიქმნა თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიური ანალიზატორი სასრული პოზიციის ავტომატების (Beesley K.R., Kartunnen L. 2003, Koskenniemi, K. 1983 და ა.შ.), xfst-ისა და lexc-ის გამოყენებით. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მორფოსინტაქსური მოდულის შესაქმნელად და მორფოლოგიური ანალიზატორის ადაპტირებისთვის ძველი და საშუალი ქართულის ლინგვისტურ თავისებურებათა გათვალისწინებით.

კომპიუტერული ლექსიკოგრაფია

პირველად ქართულ საენათმეცნიერო სივრცეში დამუშავდა კვლევის ამ მიმართულების ძირითადი ელემენტები, მომზადდა სამაგისტრო და საბაკალავრო კურსები ენისა და ტექნოლოგიების, კომპიუტერული ლინგვისტიკისა და ლექსიკოგრაფიის მიმართულებით. 2009-2010 წლებში მომზადდა ქართულ-ახალბერძნული იდიომური გამოთქმების სალექსიკონო მასალები. ამჟამად იქმნება იდიომური გამოთქმების მონოლინგვური და ორმიმართულებიანი ბილინგვური ლექსიკონი TLex ლექსიკოგრაფიული სისტემის გამოყენებით. სამომავლოდ, მონოლინგვურ კორპუსებზე დაყრდნობით შეიქნება ქართული ენის ლექსიკონები.

ქართული ჟესტური ენის კვლევა

2011-2012 წლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო (USIAD, Save Children International, თბილისის ოფისი) საგრანტო პროექტების ფარგლებში, პირველად აღიწერა ქართული ჟესტური ენა და შეიქმნა პირველი ქართული დაქტილური ანბანი ყრუთა თემის უშუალო მონაწილეობით; 2012 წელს აღიწერა და გამოიცა ჟესტური ენის გრამატიკა, მომზადდა მეთოდური სახელმძღვანელოები სკოლის მასწავლებლებისთვის. 2013 წელს ინსტიტუტის ფარგლებში შეიქმნა ჟესტური ენის ლაბორატორია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ჟესტური ენის ლექსიკონისა და პროგრამული თარგმანის ინოვაციურ სამეცნიერო პროექტებზე. ქართველურ ენათა კვლევა

ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტთან სამეცნიერო-კვლევითი პროექტების სახით ფუნქციონირებს ქართველური ენების კვლევითი ჯგუფი, რომელიც 2006 წლიდან მუშაობს არასამწერლობო ქართველური ენების დოკუმენტირებისა და ლინგვისტური აღწერის პროექტებზე. 2010 წელს ჯგუფმა გამოსცა „მეგრულის ლინგვისტური ანალიზი“, რომელშიც წარმოდგენილია მეგრულის ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსისა და ლექსიკოლოგიის კვლევის აქამდელი შედეგები, ასევე - ჯგუფის მიერ 2006-2009 წლებში სამეგრელოში განხორციელებული კვლევითი ექსპედიციების მონაცემთა ანალიზი. 2012 წელს, ამავე ჯგუფის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, შემუშავდა და გამოიცა თეორიული საფუძვლები მეგრული ტექსტების გლოსირებისთვის, გამოიცა ახლადჩაწერილი მეგრული ტექსტები ქართული ვერსიით; 2007-2011 წლებში მომზადდა და ინტერნეტსივრცეში განთავსდა მეგრული ტექსტების ელექტრონული კორპუსი (www.klrg.iliauni.edu.ge). ამჟამად ჯგუფი მუშაობს ორ სამეცნიერო პროექტზე: „სივრცე და დრო ქართველურ ენებში“ და „ფონოსემანტიკური ლექსიკა ქართველურ ენებში (სტრუქტურული, სემანტიკური და პრაგმატული ასპექტები“.

ქართული ენის სოციალური ისტორიის კვლევა

ქართული ენის სოციალური ისტორიის სისტემური კვლევის მიზნით, 2006-2013 წლებში ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში ხორციელდებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების (Alexander von Humboldt-Stiftung, DFG, Akademie der Wissenschaften zu Goettingen) მიერ ინიცირებული კვლევითი პროექტები. დამუშავდა აღმოსავლური და დასავლური ქრისტიანული სამყაროს გვიანანტიკურობისა და შუა საუკუნეების ძირითადი კონცეფციები ერთი მხრივ, დომინანტი ენების ფუნქციებისა და, მეორე მხრივ, ადგილობრივი ხალხური ენების ემანსიპაციის შესახებ. დაიბეჭდა სამი მონოგრაფია უცხოურ და ქართულ ენებზე, ასევე - სტატიები საერთაშორისო და ადგილობრივ რეფერირებად ჟურნალებში.

ტექსტოლოგია, ძველი ქართული ფილოლოგია

ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების ფარგლებში, ინსტიტუტის პროფესორთა მონაწილეობით 2006 წლიდან მზადდება და საერთაშორისო სამეცნიერო სერიებში (Corpus Christianorum: Series Graeca, Series Apocryphorum) იბეჭდება ძველი ქართული ორიგინალური და ნათარგმნი თხზულებების ტექსტური მემკვიდრეობა, ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებსა სერიულ გამოცემებში ქვეყნდება ინსტიტუტის პროფესორთა მიერ მომზადებული პუბლიკაციები.

ქართულის როგორც უცხო ენისა და ქართულის როგორც მეორე ენის კვლევა
ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტთან ფუნქციონირებს ქართული ენის სახელოსნო, რომელიც იკვლევს ქართული ენის ფუნქციური გრამატიკის პრობლემატიკას და მუშაობს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის (საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობა, უცხოელები) ქართული ენის სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალების შექმნაზე. 2010-2013 წლებში მომზადდა ქართულის როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოები, ძველი და ახალი ქართული ენის სასწავლო მასალების ელექტრონული პორტალი. ამჟამად მზადდება ქართულის როგორც უცხო ენის სახელმძღვანელო კომპლექტი.



მეტი >>

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოთახი F 314;
  • ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
  • nino_doborjginidze@iliauni.edu.ge