1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, სვანიშვილის მამულის შეძენის შემთხვევაში სამუზეუმო კომისიაზე გადმოვიდოდა ბანკის ვალი (24000 მანეთი). მამულის დამტკიცების დროს სვანიშვილს უნდა მისცემოდა 30000 მანეთი, ხოლო 6000 მანეთი მიეცემოდა ერთი წლის შემდეგ, როდესაც სამუზეუმო კომისია თვადაზნაურებისაგან 10000 მანეთს მიიღებდა. მამულის დამტკიცება 5000 მანეთამდე დაჯდებოდა, 2000 მანეთი კი ცისკარაშვილის მამულის შეძენას მოხმარდებოდა. ბანკის ვალს კომისია იმ თანხიდან გადაიხდიდა, რომელსაც თავადაზნაურობისაგან მიიღებდა. სამუზეუმო კომისია ვარაუდობდა, რომ ბანკის ვალის სრულად დასაფარად 24000 მანეთი არ დასჭირდებოდა, არამედ უფრო ნაკლები, რადგან ბანკის ბილეთები ყოველთვის უფრო ნაკლები ღირდა, ვიდრე მათი ნომინალური ფასი. ეს ოქმი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის უნდა წარედგინათ. ოქმს ხელს აწერენ: ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და ალექსანდრე ყიფშიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი