საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31070

ფაქტი 31070

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას ამცნო, რომ საზოგადოების ერთ-ერთ განყოფილებას ზუგდიდის მაზრის უფროსისთვის სკოლის გახსნის ნებართვა უთხოვია. განყოფილებას ამის შესახებ არ უცნობებია მთავარი გამგეობისთვის და არც ამ საქმისთვის საჭირო ცნობები მიუწოდებია. მთავარი გამგეობა აფრთხილებდა საზოგადოების ყველა განყოფილებას, რომ მათ სკოლის გახსნის შესახებ აუცილებლად უნდა მიემართათ მთავარი გამგეობისთვის და წარმოედგინათ შემდეგი ცნობები: განყოფილების აზრით სად იყო საჭირო სკოლის გახსნა, რა ხარჯს იკისრებდა განყოფილება სკოლის გახსნა-შენახვის საქმეში, ვინ იკისრებდა დანარჩენ ხარჯებს, რამდენი ქართველი მცხოვრები და რამდენი სკოლის ასაკის ბავშვი იყო იმ რაიონში, სადაც უნდა გახსნილიყო სკოლა. საჭირო ცნობების წარდგენის შემდეგ, სკოლის გახსნის მსურველ განყოფილებას შეეძლო თხოვნით მიემართა მთავარი გამგეობისთვის, რომ სკოლათა დებულების გათვალისწინებით, მას აღეძრა შუამდგომლობა ამ საქმესთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31070; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .