განათლების მინისტრის 1918 წლის 20 აგვისტოს მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამინისტრო დაამუშავებს გეგმას, სად და როგორი სპეციალური სასწავლებელი უნდა დაარსდეს და მის განხორციელებას შეუდგება, როცა გამოირკვევა რესპუბლიკის ფინანსური მდგომარეობა; მინისტრთა საბჭომ იმსჯელა არს. სასწავლებლებზე და დაადგინა: მიწისმზომელთა, ისევე როგორც რკინიგზის საშ. ტექნიკური სასწავლებელი თითოა საქართველოში, ამიტომ ორივე დარჩეს მთავრობის სასწავლებლად და გაეროვნდეს. ასევე თბილისის I და II კომერციული სასწავლებლების, თბილისის სავაჭრო, საფერშლო (ნავთლუღში და მიხეილის საავადმყოფოსთან), ქუთაისის კომერციული, ბორჯომის, სიონისა და ფოთის სახელოსონო სასწავლებელთა გაეროვნების, გორის სასულიერო სასწავლებლის საშ. სამეურნეო სასწავლებლად გადაკეთების შესახებ და სხვ. მინისტრი შუამდგომლობს მინისტრთა საბჭოს წინაშე, დაამტკიცოს ეს გადაწყვეტილება ტექნიკურ და პროფესიულ სასწავლებელთა შესახებ.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი