განათლების მინისტრი 1918 წლის 31 აგვისტოს მოხსენებაში გაგრის რეალური სასწავლებლის რეორგანიზაციის შესახებ, აღნიშნავდა, რომ სასწავლებელი პრინც კონსტანტინე ოლდენბურგის თავშესაფრის განყოფილება იყო. ეს გავლენას ახდენდა როგორც სწავლა-განათლებაზე, ასევე პერსონალის შემადგენლობაზე. სასწავლებელს აგრონომი განაგებდა, რომელიც თან მათემატიკისა და ლიტერატურის მასწავლებელიც იყო. მშობლებმა ქალაქის თვითმართველობას შუამდგომლობით მიმართეს, სასწავლებლის განათლების სამინისტროსთვის გადაცემის თაობაზე. თვითმართველობას სასწავლებლის ხარჯების ტვირთვა არ შეეძლო, ამიტომ დროებით აუცილებელი სუბსიდიით სამინისტროს უნდა ეკისრა მისი არსებობა (ემსახურებოდა 50 000-იან მოსახლეობას). ასეთივე დახმარება სჭირდებოდა გაგრის ორ სკოლასაც. სახელმწიფო ხაზინას ამისთვის 10 000 მან. გაღება უწევდა.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი