საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2068

ფაქტი 2068

1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პ. საყვარელიძემ წაიკითხა მოხსენება დემოკრატიული რესპუბლიკის სხვადასხვა ფორმის შესახებ. საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა, მაგრამ როგორი ტიპის უნდა იყოს იგი. დემოკრატიის სამგვარი ფორმა არსებობს: ამერიკული – უფლება-განაწევრებული დემოკრატია, ფრანგული – პარლამენტარული დემოკრატია და შვეიცარიული – პირდაპირი დემოკრატია. პირველი ემყარება უფლებათა გაყოფის პრინციპს. უფლებები ეთანხმება ერთმანეთს კოორდინაციის წესით; პარლამენტარული დემოკრატია გაურბის უფლებათა შერევის პრინციპს. აქ მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. მინისტრები მონაწილეობენ საკანონმდებლო პარლამენტში. მოქმედებს ნდობა-უნდობლობის ვოტუმი. პრეზიდიუმს არა აქვს ვეტოს უფლება, აქვს ქვემო პალატის გაშვების უფლება სენატის თანხმობით; შვეიცარიული ტიპის დემოკრატია ემყარება უფლებათა სხვადასხვაობას, მაგრამ უფლებათა შორის არსებობს სუბორდინაცია და არა კოორდინაცია. არის კანონდებლობითი რეფერენდუმი და ხალხური მართვა-გამგეობა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უნდა შეიმუშაონ დემოკრატიული კონსტიტუცია მესამე ტიპის მიხედვით იმ შესწორებითა და ცვლილებით, რომელსაც თხოულობს ადგილობრივი მდგომარეობა და ხალხის ცხოვრება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2068; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .