1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი კომისიის წევრებმა ილიასეული სახლ-კარის მდგომარეობა არასახარბიელოდ შეაფასეს, რადგან მამულის მიწების მოიჯარეებს იჯარის პირობების შესრულება უჭირდათ. ისინი წლიურად იჯარას იხდიდნენ 1300 მანეთს, ამასთანავე ვალდებულები იყვნენ ყოველწიურად ერთ დესეტინა მიწაზე ვენახი გაეშენებინათ ამერიკული ვაზის სათავეებზე მავთულის დაჭიმვით, რაც 1200 მანეთი ჯდებოდა. ამგვარად, წლიური გადასახადი 2500 მანეთს უდრიდა, როცა შემოსავალი 2000 მანეთს არ აღემატებოდა. აქედან გამომდინარე, იჯარის ხელშეკრულება არასწორი პირობებით იყო შედგენილი, რაც ინტენსიურ მუშაობას აფერხებდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი