1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი სასკოლო სექციის სამოქმედო გეგმის შესახებ. გადაწყვიტეს, ენახათ საბავშვო ლიტერატურაში არსებული მასალა, დაელაგებინათ სისტემურად საბავშვო მოთხრობები და ლექსები, ამოერჩიათ უცხო ენაზე არსებული საუკეთესო საბავშვო წიგნები და გადაეთარგმნათ ქართულად. საბავშვო წიგნების გამოცემის საქმის ხელმძღვანელობა მიენდო იპოლიტე ვართაგავას. ყურადღება უნდა მიექციათ სხვადასხვა სამეცნიერო დარგებიდან მასწავლებელ-მოწაფეთათვის გამოსაყენებელი წიგნებისთვის, აგრეთვე სახელმძღვანელო წიგნების შედგენა-გადმოთარგმნისთვის, რისთვისაც საჭირო იყო შეეძინათ ყველა ასეთი წიგნი, განეხილათ სექციაში და აერჩიათ საუკეთესო თარგმანები. ამ საქმის ხელმძღვანელობა მიენდო ლუარსაბ ბოცვაძეს და ვარლამ ბურჯანაძეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი