1919 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე წერაქვის სკოლის მასწავლებელ მარიამ ღიბრაძის საკითხი განიხილეს. ვინაიდან, წერაქვში იმატა სომხებსა და ქართველებს შორის შეტაკებებმა და გახშირებული იყო გზაზე ძარცვა-გლეჯა, ქალი მასწავლებლის იქ წასვლა შეუძლებელი იყო. სექციამ საჭიროდ ჩათვალა, გადაეხედა გამგეობის დადგენილებისთვის ღიბრაძესთან დაკავშირებით. მისთვის უნდა მიეცათ ჯამაგირი სამოსწავლო წლის ბოლომდე, რადგან იგი აღდგომამდე, ე. ი. თითქმის წლის ¾ ნაყოფიერად მუშაობდა სკოლაში. მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ გამგეობა ღიბრაძეს მასწავლებლად ბორჩალოს სკოლაში დანიშნავდა. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი