1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 22 ფსევდონიმით „პირველი სუფრაჟისტკა“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია „ქალები და პოლიტიკური პარტიები“, რომელშიც განხილული იყო ქალის მდგომარეობა მამაკაცთან შედარებით. ავტორის აზრით, ცნობილ ფემინისტ ქალებს, მაგ. ემელინ პანკჰერსტს, ბერტა ფონ ზუტნერს, მარია კიურის რომ არ ჰყოლოდათ თანამოაზრე და ხელშემწყობი ქმრები, ისინი ყველასთვის უცნობები დარჩებოდნენ. ქალებზე რეაქციონური შეხედულების მქონე ვილჰელმი ამბობდა, რომ ქალს უნდა ახსოვდეს სამი „კ“ – ეკლესია, საბავშვო ოთახი და სამზარეულო (გერმანულად სამივე სიტყვა ასო კ-ზე იწყება). მისმა ქალიშვილმა უპასუხა: „მამა, ნუ დაგავიწყდება მეოთხე „კ“, ე. ი. კონსტიტუცია, რითიც შეახსენა, რომ ქალი პოლიტიკაშიც უნდა იღებდეს მონაწილეობას. ავტორი ახსენებდა კორნელია გრაკხს, რომელმაც აღზარდა ხალხისათვის თავდადებული შვილები. მისი აზრით, ახალი მთავრობა უფრო უღრმავდება ქალთა საკითხს, აფასებს მათ შრომასა და ღვაწლს, რომლებიც მამაკაცებთან ერთად რევოლუციური მოძრაობისას მიდიოდნენ სახრჩობელაზე, კატორღაში, ციხეებსა და შორეულ ციმბირში, (კონოპლიანიკოვა, გინზბურგი, პეროვსკაია, გელფმანი, ზასულიჩი, ვოლკენშტეინი, სპირდონოვა, ფიგნერი, ბრეშკოვსკაია და სხვანი.) თუმცა პარტიებმა ქალების არჩევნების უფლება სათავისოდ გამოიყენეს და ყველანაირად წინ აღუდგნენ ქალის პოლიტიკაში ჩართულობას.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 7 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული ენა
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა