1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N29 ცნობით, ბოლშევიკების ხელში მხოლოდ პეტრე-პავლეს ციხე და სმოლნი დარჩა. დროებითმა მთავრობამ ვერ ჩაახშო ბოლშევიკების გამოსვლა, მთელი პეტროგრადი მათ ხელში იყო. სამხედრო რევოლუციური კომიტეტის განცხადებით, დროებითი მთავრობა გადადგა და სახელმწიფოს მართვა-გამგეობა პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ხელში გადავიდა. ტროცკიმ სხდომაზე განაცხადა, რომ ახალი მთავრობა არ არსებობდა, მინისტრების ნაწილი დაატყვევეს და დანარჩენებსაც მალე დააპატიმრებდნენ. ლენინმა კი აღნიშნა, რომ რევოლუცია, რომელზეც ბოლშევიკები საუბრობდნენ უკვე მოხდა, ძველი სახელმწიფოებრივი აპარატი ძირფესვიანად ამოღებულია, მოხელეების ადგილს დაიკავებდნენ საბჭოები და ხალხი იქნებოდა არა მარტო კანონმდებელი, არამედ ყოველდღიური მმართველი, ამისთვის პირველ რიგში საჭირო იყო ომის დასრულება. ტროცკიმ განაცხადა, გაეგზავნათ დელეგატები ფრონტზე, რათა მათთვის პეტროგრადში მიმდინარე მოვლენები აეხსნათ.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 6 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა