1912 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სენაკის სკოლის საქმე, რომელსაც თან ერთვის ცნობა, რომ სენაკის სკოლა მდებარეობდა თავადი მინგრელსკის მიწაზე. რადგან სკოლის შენობა ჯერ კიდევ დასამთავრებელი იყო და მასწავლებლებსაც არ ჰქონდათ კუთვნილი ხელფასი მიღებული, გადაწყვიტეს, სკოლის მიწა და შენობა ბანკში დაეგირავებინათ, აღებული ფულით კი დაემთავრებინათ სკოლის შეკეთება და გადაეხადათ მასწავლებლების ხელფასი. ამისათვის საჭირო იყო მიწა დაემტკიცებინათ საზოგადოების სახელზე, რისთვისაც მამულის გამგე ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ალშიბაიამ საზოგადოებას მოსთხოვა ვალდებულების ქაღალდი, რომლის თანახმად, თუ ოდესმე სკოლა დაიხურებოდა, საზოგადოების ვალდებულება იქნებოდა თავადი მინგრელსკისათვის გადაეხადა 2500 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, რომ სასამართლო წესით ეცდებოდნენ დაემტკიცებინათ მამული საზოგადოების სახელზე, ხოლო მინგრელსკის მოურავს სთხოვეს, საზოგადოება გაეთავისუფლებინა 2500 მანეთის გადახდის ვალდებულებისაგან.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი