1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ივანე ივანეს ძე შოპენის წერილი „ტიფლისსკიე ვედომოსტი“-ს რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისთან, სადაც იგი წერდა, რომ განსაცვიფრებელი ამბავი იქნებოდა, მას, სომხეთის მოქალქეს, გამორჩენოდა ისეთი ღირშესანიშნავი ფაქტი, როგორც არარატის მწვერვალის დაპყრობა იყო (სანკოვსკი თავის შენიშვნაში, რომელიც ერთვოდა შოპენის სტატიას ერევნის პროვინციის სიმდიდრეების შესახებ, მიუთითებდა, რომ არარატის მწვერვალი პროფესორ პაროტს ჰქონდა დაპყრობილი). შოპენი აღნიშნავდა, რომ იმ დროს, როცა პაროტის ექსპედიცია არარატის მისადგომებთან დაბანაკებულიყო, ისიც სამსახურებრივი დავალებით ახლომდებარე სოფლებში მოგზაურობდა, ამიტომ ყოველდღიურად ინტერესდებოდა ექსპედიციის ამბებით. მისი მტკიცებით, ექსპედიციას მხოლოდ გარკვეულ სიმაღლემდე მიუღწევია და იქ ჯვარი აღუმართავს. ამ ფაქტის მოწმე ყოფილა დაბა არგურის უხუცესი სტეფან აღა, ვისთვისაც შოპენს გამოუკითხავს მთაზე ასვლის ამბები.

წყარო: ტიფლისსკიე ვედომოსტი (Тифлисские ведомости), 1831 | 1 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა