რეგისტრირებული ფაქტები3290
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: განათლება
კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტის – იოსებ გიორგის ძე ირემაშვილის – 1912 წლის 4 იანვრის განცხადებიდან ვიგებთ, რომ სწავლას მოწყურებულ კაცს მეუღლე და წვრილშვილი 70 წლის მოხუცი მამის, სოფლის დიაკვნის ამარა ჰყავდა მიტოვებული. იოსების ოთხი შვილიდან უფროსი ქართველ ქალთა საზოგადოების სკოლა "განათლებაში" სწავლობდა.
1913
ტიპი: განათლება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ 1913 წლის 17 იანვარს განიხილა შალვა გოგებაშვილის დეკემბრის წერილი და დაადგინა: კიევში ბოლოს გაგზავნილი 100 მანეთი სწავლის დასამთავრებელ დახმარებად ჩასთვლოდა ადრესატს; ამავე მიზნით კიდევ 200 მანეთი გაეგზავნათ მისთვის და თანაც გაეფრთხილებინათ, რომ სწავლის დამთავრებისთვის მეტი თანხა აღარ მიეცემოდა.
1915
ტიპი: განათლება
1915 წლის 24 მარტს გამართულ კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებამ წლის ხარჯთაღრიცხვაში 80 მანეთის სახალხო და საბავშვო წიგნაკები გაითვალისწინა იმ სოფლებისთვის, სადაც არ ჰქონდათ ბიბლიოთეკა-სამკითხველოები, სახელდობრ – მირზაანში, ტიბაანში, არბოშიკში, ოზაანსა და ასანურში სოფლის მასწავლებელთა პასუხისმგებლობით დარიგდებოდა აღნიშნული ლიტერატურა (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი ეგნატე ნინიკაშვილი, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
1915
ტიპი: განათლება
1915 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების საერთო კრებამ შემდეგი შესწორებები შეიტანა წლის ხარჯთაღრიცხვაში: სასწავლო წიგნებისა და ნივთების საწყობისათვის გადაიდოს 200 მანეთი, ქვემო მაჩხაანის ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის – 160 მან., ჯუგაანის სამკითხველოსთვის – 80 მან., ზემო მაჩხაანისთვის – 70 მან. (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
1915
ტიპი: განათლება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებას, საანგარიშო მოხსენების თანახმად, სამი ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა, კერძოდ – ჯუგაანში, ქვემო და ზემო მაჩხაანში (ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).

