საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86984

1919

ტიპი: ღონისძიება

„ვოლნი გორეცი“ საგანგებო ანკეტით მიმართავს ქართველ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს. თემა ერთადერთია: რას ფიქრობს საქართველოს მოძმე დემოკრატიული რესპუბლიკა კავკასიელ მთიელთა ბრძოლაზე, მთიელთა რესპუბლიკის აღდგენის შესაძლებლობაზე. გაზეთის ამ ნომრის რესპონდენტები არიან: რაჟდენ არსენიძე, ნიკო ნიკოლაძე, გრიგოლ ვეშაპელი, გრიგოლ რობაქიძე და პაოლო იაშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოეტი გრიგოლ რობაქიძე ამბობს, რომ რუსეთში ჩრდილოკავკასიელ ხალხებს ველურებად მიიჩნევენ, რომელთა ხვედრიც გადაჯიშება ან გადაშენებაა, მაგრამ ისინი მწარედ ცდებიან: კავკასიელები უძველეს ხალხთა შთამომავლები არიან და თუ მათ თავისუფალი განვითარების საშუალება მიეცემათ, მსოფლიო კულტურა ამით მხოლოდ მოიგებს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, კავკასიელ მთიელთა საკავშირო მეჯლისის დელეგაცია ეწვია პოლკოვნიკ გასკელს (ჰასკელს) და ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მას, როგორც ანტანტის სახელმწიფოთა წარმომადგენელს, გადასცა საპროტესტო წერილი, რომელშიც დაწვრილებით იყო აღწერილი დენიკინის „დობროარმიის“ დანაშაულებრივი ქმედებები კავკასიის ტერიტორიაზე. მთიელთა ოთხპუნქტიან მოთხოვნებს ხელს აწერდნენ კავკასიის მთიელ ხალხთა საკავშირო მეჯლისის თავმჯდომარე აჰმედ ცალიკოვი და მდივანი აბას-აღა ეფენდიევი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთში „ვოლნი გორეცი“ ევგენი ჟარკოვსკი გაზეთის წინა ნომერში დაწყებულ თემას აგრძელებდა – აანალიზებდა თერგის ოლქში მუშათა მოძრაობის დამარცხების მიზეზებს. ჟურნალისტის თქმით, მოხდა რევოლუციის მტრების გასახარი საქმე: გზა გაეხსნა დენიკინის ელვისებურ წინსვლას ამ მხარეში, დონზე კი ატამანი კალედინი ბატონობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

ევგენი ჟარკოვსკის თერგის მხარის სამხედრო-რევოლუციური საბჭოების ხელმძღვანელთა დანაშაულებრივი ქმედებების მიზეზად მიაჩნდა: საკუთარი ძალების გადაჭარბებული შეფასება, გრანდიოზული თავდასხმების დაგეგმვა ინგუშეთზე, ვედენოზე – მთიელთა შარიათის ჯარის რეზიდენციაზე და მოლაპარაკებების გამართვა ჩეჩნეთის დიქტატორთან – აჰმედ-ხან პირველად წოდებულ მუტუშევთან.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ ეხმიანება აზიზ მექერის წიგნის გამოსვლას ბერნში. რეცენზიაში აღნიშნულია, რომ „რუსები ჩერქეზეთში" მაღალპოლიგრაფიული ფრანგულენოვანი გამოცემაა და იგი კავკასიისმცოდნეობის დიდი შენაძენია. მასში განხილულია კავკასიელ მთიელთა ცხოვრება რუსების გამოჩენამდე და მას შემდგომ (1760-1864 წწ).

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ელ. ჭელიშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა, რომ 20 სექტემბრიდან გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად ავადმყოფი ივანოვას სამსახურში დაბრუნებამდე დროებით დაეშვათ დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვა. ჭელიშვილმა სამინისტროს ალიხანოვას სამსახურის შესახებ თხოვნაც გაუგზავნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში გრიგოლ ვეშაპელმა განაცხადა, რომ ქართულ და ჩრდილო კავკასიელთა ენებს ენათმეცნიერები ცალკე მდგომად ანუ იზოლირებულ ჯგუფად განიხილავენ. ამ იზოლაციამ ლინგვისტიკიდან პოლიტიკაშიც გადაინაცვლა, ამიტომ საჭირო იყო სხვა ქვეყნებთან სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის დამყარება.

1919

ტიპი: ავტორობა

ქართველი პოლიტიკოსოსა და პუბლიცისტის – გრიგოლ ვეშაპელის – განცხადებით, ვიდრე დარიალის კარიბჭესთან ქართული დროშის გვერდით, ნაცვლად მეზობელი მთიელებისა, გადამთიელ კაზაკ-მოსკოველთა დროშა ფრიალებს, კავკასიაში ვერ შეიქმნება პოლიტიკური წონასწორობა და ვერც საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა იქნება მყარი.

1919

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „კლდის“ რედაქტორი, ეროვნული პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი კრების წევრი – გრიგოლ ვეშაპელი – „ვოლნი გორეცის“ თხოვნით აფასებს ჩრდილო კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს: ქართველი პოლიტიკოსის აზრით, საქართველომ ქმედითი მონაწილეობა უნდა მიიღოს მთიელთა თავისუფლების აღდგენაში, რადგან კავკასიაში მცხოვრებ მრავალეროვან ხალხთაგან „კავკასიელები“ მხოლოდ ქართველები და მთიელები არიან, ანუ ისინი, რომელთა რასა და ენაც მხოლოდ კავკასიაშია და რომელთა ბედიც განუყოფლადაა ერთმანათთან დაკავშირებული.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, მთელი დაღესტანი აღიარებს შეიხ ალი-ჰაჯი ახუშელის ძალაუფლებას: თემირ-ხან-შურის, პეტროვსკისა და დერბენტის გარდა, მთელი დაღესტანი აჯანყებულთა ხელშია, მათ დაიკავეს ზღვიდან მთებზე გადასასვლელები – აზერბაიჯანის საზღვრიდან მდ. თერგამდე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, სოფელ წუდახარში დაღესტნის ათივე ოლქიდან შეკრებილმა წარმომადგენლებმა დაგეგმეს აჯანყება, რომლის დაწყებაც წუდახარელებს ერგოთ წილად. მართლაც, მეორე დღეს, ხუთშაბათს, 21 აგვისტოს, სამხედრო ბეგარისთვის კენჭისყრაზე შეკრებილმა ხალხმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადა უბნის მეთაურს – აბდულ რახმან ყადიევს.

1919

ტიპი: ღონისძიება

გაზეთის ცნობით, თავად ოლქის უფროსის, პოლკოვნიკ მაჰომედოვის მეთაურობით ურჩი წუდახარელების დასასჯელად მიმავალ კაზაკთა რაზმს ხაჯალ-მახიში თავს დაესხნენ სოფლელები და განაიარაღეს. საკუთარ სახლში თავშეფარებული და აჯანყებულების მიერ ალყაშემორტყმული მაჰომედოვი კი მხოლოდ უხუცესთა შუამდგომლობამ იხსნა სიკვდილისაგან.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ საკუთარი კორესპონდენტის ცნობით, წუდახარელმა და ხაჯალ-მახელმა აჯანყებულებმა გაერთიანებული ძალებით იერიში მიიტანეს სოფელ ლევაშიზე და ხანმოკლე შეტაკების შემდეგ გამოიხსნეს ალი-ჰაჯი ახუშელი, რომელიც გათავისუფლებისთანავე შეუდგა აჯანყების ხელმძღვანელობას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ კორესპონდენტის თქმით, დაღესტნელმა აჯანყებულებმა ყურანზე დაიფიცეს, რომ სიკვდილს ამჯობინებდნენ დენიკინის დამქაშის, დაღესტნის მმართველის გენერალ ხალილოვის მონობას.

1919

ტიპი: ავტორობა

„ვოლნი გორეცის“ რედაქტორის – აჰმედ ცალიგოვის – აღფრთოვანებული შეფასებით, უზუნ-ჰაჯისა და ალი-ჰაჯის მეთაურობით მოწყობილი აჯანყებებით კვლავ დგება დროება დიდი იმამ შამილისა!

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, კავკასიელ მთიელთა საკავშირო მეჯლისმა სამ (არაბულ, თურქულ და რუსულ) ენაზე გაავრცელა მოწოდება ყველა მთიელისადმი. გაზეთის რუსულ ტექსტში ნათქვამია, რომ თბილისში ჩატარებულმა მთიელ მოღვაწეთა ყრილობამ (1919 წლის 27 აგვისტო-3 სექტემბერი) დაადგინა კავკასიის მთიელ ხალხთა საკავშირო მეჯლისის შექმნა (თავმჯდომარე – აჰმედ ცალიგოვი), რომელსაც უნდა წარემართა მთიელთა პოლიტიკური ცხოვრება, მჭიდრო კეთილმეზობლური ურთიერთობები დაემყარებინა ყველა თვითგამორკვეულ რესპუბლიკასთან, პირველ ყოვლისა – საქართველოსა და აზერბაიჯანთან.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, მეჯლისი მხარს უჭერდა იმ განმათავისუფლებელ ბრძოლას, რომელიც ჩეჩნეთში უზუნ-ჰაჯის მეთაურობით მიმდინარეობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

საქართველოს დამფუძნებელი კრების ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრის, ვერსალის საზავო კონფერენციის დელეგატის – ნიკო ნიკოლაძის განცხადებით, მთიელები ავანგარდს წარმოადგენენ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა სახელმწიფოებრიობის დაცვის საქმეში, რადგან მათ შეაჩერეს ბოლშევიკთა სვლა სამხრეთისაკენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ნიკო ნიკოლაძე მომავალ ყვითელ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც უკვე რეალური გახდა და რომელიც, პირველ რიგში, ომითა და რევოლუციებით გამოფიტულ რუსეთს ემუქრება. ქართველი პოლიტიკოსის აზრით, როცა ყვითლების ტალღა კავკასიის ქედს მოაღწევს, ამ შეჯახებაშიც, ჩვეულებრივ, დიდ როლს მთიელები ითამაშებენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ნიკო ნიკოლაძე წერის, რომ დენიკინი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა აგენტია, რომელიც უცხოელ მმართველთა ინსტრუქციით მოქმედებს, რის გამოც მას ისტორიის მკაცრი განაჩენი ელის.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ მიცემულ ინტერვიუში ნიკო ნიკოლაძე ამბობდა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკებისთვის დენიკინი საფრთხეს არ წარმოადგენდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, XIX საუკუნის მიწურულს ნიკო ნიკოლაძემ შეიმუშავა გროზნო-ფოთის ნავთობსადენის პროექტი, რომელიც გროზნოს ნავთობს მსოფლიო ბაზარზე გასვლის საშუალებას მისცემდა, ამასთან, საქართველო-ჩეჩნეთის კეთილგანწყობას ეკონომიკურადაც შეადუღაბებდა. სამწუხაროდ, პროექტი რუსეთმა ჩაშალა.

1919

ტიპი: ღონისძიება

ნიკო ნიკოლაძისეული გროზნო-ფოთის ნავთობსადენის პროექტი ჩაშალა სერგეი ვიტემ, რომელმაც აგდებულად განაცხადა, რომ გროზნოს გულისთვის ურთიერთობას ვერ გაიფუჭებდა ბაქოელ ნავთობმრეწველებთან და დონეცკელ ქვანახშირის კრეზებთან, – ამის შესახებ 1919 წლის 22 სექტემბერს თავად ნ. ნიკოლაძემ ისაუბრა გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში.

1919

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ვოლნი გორეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რაჟდენ არსენიძე, საქართველოს დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე, ვრცლად საუბრობს იმ სერიოზულ, მაგრამ არა დაუძლეველ სირთულეებზე, რომლებიც ხელს უშლის ჩრდილოკავკასიელ მთიელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა-აღმშენებლობას.