საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N30) ცნობით, ბურცევისა და სხვა დაპატიმრებული მინისტრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ბოლშევიკების დამარცხებასთან ერთად მათ ელოდათ სიკვდილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ (N30) ცნობით, ბოლშევიკები რევოლუციის ერთ-ერთ ლიდერს, ეკატერინე ბრეშკოვსკაიას, დაპატიმრებით ემუქრებოდნენ.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, ქუთაისში ჩამოიყვანეს მაძებარი პოლიციის უფროსი (ამჟამად პორუჩიკი) ჩემინავა, ქუთაისის გარნიზონის უფროსს გადასცეს. იგი ჩასვეს ქუთაისის გარნიზონის ჰაუპტვახტში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, თბილისიდან დაბრუნდა სასურსათო კომიტეტის წევრი გრიგოლია. მან თბილისში 2 000 ფუთი ფეხსაცმლის ტყავეულობა შეიძინა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N30 დაიბეჭდა „მკითხველის“ წერილი, რომელიც საუბრობს გაზეთ „საქართველოს“ N246-ში ბ. ლ. ბახტაძის მიერ ეკატერინე ბრეშკოვსკაიას დახასიათებაზე. ბახტაძის აზრით, რადგან ის ქალია, მაინც მამაკაცზე დაბლა დგას, და იგი უძლურია, ვინც არ უნდა იყოს. ეს მოსაზრება ავტორისთვის მიუღებელია, რადგან ეკატერინე ბრეშკოვსკაია სახალხო ეროვნული კრების თავმჯდომარეობაზე უარს აცხადებს არა თავისი ხნოვანებისა და სისუსტის გამო, არამედ გონიერებისა. „ნეტავ რას იტყოდა ლ. ბახტაძე, საფრანგეთის რევოლუციის გმირი ქალი, ლუიზა მიშელი რომ ენახა?“ – წერს „მკითხველი“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N30 „მღვიძარეს“ ფსევდონიმით დაიბეჭდა წერილი „ქ. სამტრედია“, რომლის მიხედვით 25 აგვისტოს ქ. სამტრედიაში საფუძველი ჩაეყარა ქალთა პირველ კლუბს, აირჩიეს ათი ქალი, რომელთაც უნდა ეზრუნათ კლუბის მოწყობისთვის. მამაკაცები ამ წამოწყებას მტრულად შეხვდნენ და საქმის ჩაშლას ცდილობდნენ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, ქუთაისის ქალთა კლუბის სასარგებლოდ ელენე ნადარეიშვილის მეუღლის მიერ ქ. გუდაუთაში შეგროვებულის ფულის შემომწირველთა სია: ელენე ნიკოლოზის ასული ნადარეიშვილი, ეკატირინა გიორგის ასული ნადარეიშვილი, ელიჩკა ფარნას ასული ნადარეიშვილი, მარიამ უჩანეს ასული ქაჯაია, ოსანა სპირდონის ასული არჯავანიძე, ლუბა ჭოჭია, კატო ადამია, ნინა დავითის ასული ნადარეიშვილი, ლიდა გიორგის ასული გობეჩია, სონია ხოფერია, მატრონე გიორგის ასული კაკაბაძე, აგრაფინა გაბუნია, ვერა პერტენავა, ტერეზია ფილიპეს ასული ლაკერბაია, პარასკევა დიმიტრის ასული გოგინავა, ვარია მასხულია, ვალენტინა ლაკერბაია, ქსენია ნადარეიშვილი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბერს წიგნების გამომცემელი ქართველთა ამხანაგობის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ჯაბადარმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის მიცემის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ნოემბერს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის შესახებ. ხელს აწერს ექვთიმე თაყაიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე დაფუძნდა ეროვნულ-პოლიტიკური სექცია, სადაც თავმჯდომარედ აირჩიეს ივანე გობეჩია, მდივნად – აკაკი ფაღავა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ დადგინდა: 1. ქართველი ერი დგას რუსეთის ორიენტაციის გზაზე; 2. საქართველო რუსეთთან ერთად ავითარებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ნაციონალურ გეგმებს; 3. ყრილობა მხარს უჭერს ამიერკავკასიის ახლად შემდგარ ორგანოს – „ამიერკავკასიის კომისარიატს“.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ გადაწყდა ამიერკავკასიის სეიმში ქართული ეროვნული საბჭოს დაფუძნება, ნაციონალურ კითხვათა და საჭიროებათა გასარკვევად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ დადგინდა, რომ რუსეთის სამოქალაქო ომის გაგრძელებიშ შემთხვევაში, სხვადასხვა ლოკაციაზე უნდა მოწვეულიყო ადგილობრივი დამფუძნებელი კრება, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებით გაატარებდნენ საჭირო ღონისძიებებს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ საქართველოს დამფუძნებელი კრების მოწვევა ეროვნულ საბჭოს დაევალა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე გიორგი გვაზავამ განაცხადა, რომ ეთანხმებოდა კავშირს რუსულ დემოკრატიასთან, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პოლიტიკური კურსის გადასვლას რუსულ ორიენტაციაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე შალვა ქარუმიძემ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის მიმართულებით არ უნდა წასულიყო, რადგან თუ რუსეთის მხარდაჭერა ფრონტის ხაზისთვის იყო სასარგებლო, იგი აზიანებდა ქვეყნის ურთიერთობას რუსეთის მოწინააღმდეგე ერებთან (ოსმალეთი, უკრაინა, გერმანია).

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე გრიგოლ რცხილაძემ განაცხადა, რომ სეიმისა და საბჭოს წევრობა არ უნდა შეეძლოთ ერთი და იმავე პირებს, რადგან ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, სეიმი გაბატონდეს ქართულ პარლამენტზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე იოსებ გობეჩიამ განაცხადა, რომ სეიმი უნდა დაყოფილიყო პოლიტიკურ და არა, ეროვნულ სექციებად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ გადაწყდა, რომ საბჭო ადგილს დაუთმობდა არჩევნებზე მიღებული ხმების პროპორციით შედგენილ დეპუტატებს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს პირველი ქართული ეროვნული ყრილობის დადგენილებით ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარეს უნდა მოეწვია ეროვნული საბჭოს პირველი ყრილობა სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. ხელს აწერს ყრილობის თავმჯდომარე ივანე გობეჩია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე სამაჰმადიანო საქართველოს თვითმართველობის აღიარება შეიტანეს რეზოლუციაში. ხელს აწერს ყრილობის თავმჯდომარე ივანე გობეჩია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს კახეთის რკინიგზის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარემ, ვ გოგიჩაიშვილმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ყრილობაზე დასწრების მოთხოვნის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 12 ნოემბერს თბილისის სასტუმროებისა და მორთული ოთახების საზოგადოების თავმჯდომარემ, სპირიდონ სხირტლაძემ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების საშუალების მიცემის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს წერილი გაუგზავნა კრასნოდარის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების თავმჯდომარე ბაგრატ ვირსალაძემ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 ნოემბერს კრასნოდარის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების თავმჯდომარემ ბაგრატ ვირსალაძემ, საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს წერილი გაუგზავნა, აცნობა ქალაქ კრასნოდარის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების ინტერპარტიული საბჭოდან აღმასრულებელ კომიტეტზე წარმომადგენლის დასწრების აუცილებლობის შესახებ.