საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82206

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 მაისს რაჭის სამაზრო-საერობო გამგეობის წევრი მალაქია გობეჯიშვილი ონიდან პასუხობს განათლების სამინისტროს, რომ დაბალი საფეხურის სასწავლებელი ბავშვს უნდა აძლევდეს საზოგადო განათლებას, რადგან სპეციალური ცოდნის მიღება 7-10 წლის ბავშვისთვის შეუძლებელია. სწავლა 3 წელი უნდა გრძელდებოდეს პირველდაწყებით სკოლაში, ხოლო 4 წელი – უმაღლეს პირველდაწყებით სკოლაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

მთავარგამგე ჭუმბურიძე 1919 წლის 16 მაისს ცაგერში მითაიშვილს სწერს, რომ, ცირკულარის თანახმად, სასწავლო წელი 31 მაისს უნდა დასრულდეს, განსაკუთრებული პირობების გამო შესაძლებელია მოსწავლეთს ადრე დათხოვნაც.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 აპრილს განათლების სამინისტრომ თბილისიდან ონში დეპეშით აცნობა რაჭის ერობის გამგეობას, დირექტორ ბერიძეს, რომ 75 ათასი მანეთს უგზავნიან ქალაქისა და სოფლის მასწავლებლების ხელფასებით დასაკმაყოფილებლად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 მაისს ლეჩხუმის სამაზრო საერობო გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მითაიშვილმა ცაგერიდან განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს აცნობა, რომ ტიფის გამო სკოლებში მოწაფეთა რიცხვი შემცირდა, დარჩენილებსაც ეშინიათ, და მშობლები, მასწავლებლები სწავლის დროებით შეწყვეტას ითხოვენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 ოქტომბერს ახალციხის მაზრის სოფელ ქვაბისხევის კომისარი ერასტი მაისურაძე ესწრებოდა ამავე სოფლის მცხოვრებთა კრებას, რომელიც გაიმართა ეკლესიის ეზოში. კრებას ესწრებოდა სოფლის დაახლოებით 30 მცხოვრები. განიხილეს სკოლებში საღვთო სჯულის აღდგენის საკითხი. მათი აზრით, აღნიშნული საგნის ამოღება ვნებდა ბავშვების ზნეობრივ განვითარებას. ერთხმად დაადგინეს, რომ თავიანთ მოთხოვნას წარუდგენენ დამფუძნებელ კრებას და გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციას. ისინი მოითხოვდნენ საგნის დაუყოვნებლივ შემოღებას განახლებული პროგრამით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბერს საქართველოს განათლების სამინისტრომ მთავრობის საქმეთა მმართველობას დაუბრუნა კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს შუამდგომლობა სკოლებში საღვთო სჯულის აღდგენის შესახებ განმარტებით, რომ 1918 წლის 22 ნოემბერს მიღებული კანონის თანახმად, ყველა ტიპის და საფეხურის სახაზინო და კერძო სკოლაში გაუქმდა საღვთო სჯულის სწავლება, ამიტომ შეუძლებლად მიაჩნდა ამ საკითხზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 აპრილს ხობის მაცხოვრის კარის ეკლესიის ეზოში მღვდელ იოანე კანდელაკის თავმჯდომარეობით შედგა სამრევლოს კრება სასწავლებლებში საღვთო სჯულის სწავლებისა და სამღვდელოების ნივთიერად უზრუნველყოფის შესახებ. საქართველოს დამფუძნებელ კრებას სთხოვეს, საღმრთო სჯული სავალდებულო საგნად მიეღოთ და სამღვდელოების შენახვაზე სახელმწიფოს ეზრუნა. მათი თქმით, ეკლესია სახელმწიფოსგან განცალკევებული არ უნდა ყოფილიყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 დეკემბერს ქუთაისის ვაჟთა 1-ლ გიმნაზიაში მღვდელ ნ. აბესაძის თავმჯდომარეობით გაიმართა მშობელთა კრება. მშობლები ითხოვდენენ საღვთო სჯულის სწავლების აღდგენას თუნდაც არასავალდებულოდ. მათ განცხადებით, სკოლებში შექმნილი იყო ანარქიული სიტუაცია, ბავშვების სწავლისადმი დამოკიდებულება გახდა ინდიფერენტული და თვითნებურად ხდებოდა სწავლის მიტოვება. მშობლები ქრისტიანულ სწავლებას თვლიდნენ სავალდებულოდ, ითხოვდნენ მის სწავლებას სურვილისამებრ და ჯამაგირის გადახდას სწავლის ქირის თანხიდან. კრებაზე გადაწყდა, რომ სანამ მთავრობა გამოსცემდა რაიმე წიგნს ეთიკის დარგიდან, განეხილათ ეს საკითხი.

1931

ტიპი: ღონისძიება

1931 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს გიორგი ნიკოლაძის ხსოვნის აღსანიშნავ საღამოზე, რომელიც ამავე წლის 29 ნოემბერს სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზში იმართებოდა. მოსაწვევს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მდივანმა ბესარიონ ყავრიშვილმა და მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილების მდივანმა ი. ლუკაშვილმა მოაწერეს ხელი.

ტიპი: ღონისძიება

ვანო და გაიანე დავითაშვილების ორივე ვაჟი ომში დაიღუპა. არჩილის საფლავი ვერ მოიძებნა, მარლენი კი უკრაინაში დაკრძალეს.

ტიპი: ავტორობა

მარლენ დავითაშვილის თანამებრძოლმა მარლენის მშობლები შვილის საფლავის სანახავად უკრაინაში მიიწვია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის გამოსვლა ცხინვალში სახელმწიფო ხარჯებით გიმნაზიის გახსნის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველ ს. ჯაფარიძის მოხსენება სკოლების ეროვნულ საფუძველზე მოწყობის კანონპროექტის პარლამენტში წარდგენაზე, რაც ზედმეტად ჩათვალეს კანონპროექტის დეკლარაციული ხასიათის გამო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება შტატგარეშე დარჩენილ მოსამსახურეთა სალიკვიდაციო ფულით დაკმაყოფილების შესახებ. ამისთვის მინისტრს გაუხსნეს 58 610 მან. კრედიტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მოხსენება განსვენებული ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის მეუღლის ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისთვის 3 ათასი მანეთის დახმარების აღმოჩენის შესახებ. მას დახმარებაზე უარი ეთქვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება სახალხო სკოლების ყოფილი ინსპექტორის, ვასილ ჯაფარიძის დასამარხად დახმარების გამოყოფის შესახებ. მის ქვრივს გადასცეს 5 000 მან.

1954

ტიპი: ორგანიზაცია

1954 წელს „ქართველ მხედართა ორგანიზაციის“ პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე ილია კუჭუხიძე მიიჩნევდა, რომ გაწევრიანების თაობაზე უნდა მოლაპარაკებოდა ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე სამხედრო მინისტრის მოხსენების – ტაბახმელაში ყაზაროვისა და შანშიევის ზარალის ანაზღაურების შესახებ – საფუძველზე დაადგინეს: აუნაზღაურდეთ, თუ ზარალი რესპუბლიკის ჯარებმა მიაყენეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის გამოსვლა ჯარისკაცთა ბინადრობის გამო სახლების პატრონთა ზარალის ანაზღაურების შესახებ. დაადგინეს: იმ შემთხვევაში აენაზღაურებინათ, თუ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იყვნენ დაზარალებულები.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 7 აპრილს, 12:00 საათზე, დანიშნული იყო პედაგოგიური ფაკულტეტის საჯარო სხდომა, რომელსაც ქრისტინე შარაშიძე უნდა დასწრებოდა. ბილეთს ხელი მოაწერა პედაგოგიური ფაკულტეტის მდივანმა სიმონ ყაუხჩიშვილმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის წინადადებით ხორუნჟ (დაბალი ჩინის ოფიცერი) ალექსი დრობაშევისთვის ქვეყნის დემოკრატიის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ათასი მანეთის გადაცემა გადაწყდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე განათლების მინისტრის წინადადებით გადაწყდა: ბათუმის ქალთა გიმნაზიის მასწავლებლად ნამუშევარ მარიამ ასათიანს შემწეობის სახით მიეცეს 500 მან.