რეგისტრირებული ფაქტები18717
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის 11 აგვისტოს გრიგოლ ყიფშიძე სწერს დიდი თონეთის სკოლის ახლად დანიშნულ მასწავლებელ ბესარიონ ჭილაძეს, რომ პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მას უნდა ჩაებარებინა სკოლის მაგიდები, სკამები, სასკოლო ნივთები და წიგნები მოსწავლეთათვის და სწავლება დაეწყო მაშინ, როცა გამგეობისგან მოუვიდოდა ქაღალდი.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი იაზონ ბაქრაძე) თხოვნით მიმართა საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისში, ეცნობებინათ ქუთაისის გუბერნიაში გახსნილ ფილიალთა რაოდენობა და გამგეობის წევრთა შემადგენლობა, რათა შესაძლებლობა მისცემოდათ უმოკლეს ხანში მოეწვიათ განყოფილებათა წარმომადგენლების კრება სამოქმედო გეგმის დასასახავად.
1909
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობა (მდივანი სამსონ ფირცხალავა) აკმაყოფილებს ქუთაისის ფილიალის გამგეობის 6 ოქტომბრის თხოვნას და აცნობებს, რომ ქუთაისის გუბერნიაში გახსნილია 6 განყოფილება: ბათუმში, სენაკში, სამტრედიაში, ხონში, ყვირილასა და ჭიათურაში. წერილში წარმოდგენილია ექვსივე განყოფილების გამგეობათა წევრების სია.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ავადმყოფობის გამო ერთთვიან შვებულებაში გასული მაღაზიის ნოქარი მიხეილ დევაძე სთხოვს დახმარებას. პრეზიდიუმმა მოსთხოვა ნოქარს სათანადო მოწმობის წარდგენა. გამგეობამ დაადგინა, მიეცა დევაძისთვის მაისის ჯამაგირი ავანსად და 7000 მანეთი დახმარების სახით.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მიხეილ შივოშვილის თხოვნა მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისთვის მატერიალური დახმარების თაობაზე. პრეზიდიუმი 10 000 მანეთს დაჰპირდა და შივოშვილი ამ გადაწყვეტილების დადასტურებას ითხოვდა გამგეობისგან. გამგეობამ დაადგინა, მიეცა შივოშვილისთვის 10 000 მანეთი.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის განცხადება გაყიდული წიგნების ანგარიშის წარმოების შესახებ. კიკვაძის აზრით, ანგარიშის წარმოება მაღაზიაშივე უნდა მომხდარიყო. გამგეობა დაეთანხმა მის წინადადებას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 30 ივნისს ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შედგენილი ქართულ-თურქული ლექსიკონის გამოცემის საკითხში დახმარებას სთხოვს (სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელი ჯავახეთში ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომელი იყო. მან შეისწავლა თურქული და შეადგინა ქართულ-ოსმალური სახელმძღვანელო იმ სოფლების მცხოვრებთათვის, რომლებმაც 1628 წელს ოსმალეთის დაპყრობის შემდეგ ენა დაივიწყეს).
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის პირველ ივლისს განათლების მინისტრმა გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა დამფუძნებელი კრებისათვის გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1917-1918 სასწავლო წელს სწავლება მშობლიურ ენაზე – დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა საშუალო სკოლის ოთხ კლასში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში მხოლოდ მოსამზადებელ და პირველ კლასებში განხორციელდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადეობის სხდომაზე წარმოადგინეს დაბა ყვირილაში წიგნებით მოვაჭრე პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძის თხოვნა 300 მანეთის კრედიტის გახსნის თაობაზე. გამგეობამ ყვირილას განყოფილების განცხადების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა მისი თხოვნა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ლუარსაბ ბოცვაძემ გააკეთა მოხსენება დასაბეჭდი წიგნების შესახებ, რის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა: დაებეჭდათ „ქაჯანა“, „ალი“ და „თავდადებულნი ქართველნი“, რომელთა დასაბეჭდად უნდა გადაედოთ ხარჯთაღრიცხვიდან დანიშნული თანხა, 300 მანეთი.