რეგისტრირებული ფაქტები19562
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9 იანვარს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ცნობილაძემ გზათა სამინისტროს კომისარს დეპეშით შეატყობინა, რომ საფოსტო ვაგონების შემოწმებისას გასატანად აკრძალულ პროდუქტებსაც ხვდებოდნენ. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, სამწუხარო შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო ვაგონების შემოწმება. ცნობილაძემ ითხოვა, მისთვის N19 საფოსტო ვაგონების შემოწმების გზა ეჩვენებინათ. დეპეშა ჩეკულაევამ დაბეჭდა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 22 ივლისს სოხუმის გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა ახალი გამგეობის არჩევნების ოქმი, რომელსაც დაურთო წერილი ახალი არჩევნების ჩატარების მიზეზების შესახებ,ვინ აირჩიეს წევრებად და რა შედეგები მოჰყვა გამგეობის სასარგებლოდ „ფინჯან ჩაის“ დაწესებულების გახსნას. წერილს ხელს აწერენ თავმჯდომარე ნიკო თავდგირიძე და მდივანი დავით მეძმარიაშვილი.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წევრმა გრიგოლ რცხილაძემ მოახსენა შემდეგი: გამგეობამ მას დაავალა ცხინვალის განყოფილებისგან მიღებული ეკატერინე მალხაზის ასული ორჯონიკიძის ანდერძის საოლქო სასამართლოში წარდგენა. ანდერძის თანახმად, ცხინვალის განყოფილებას ეკუთვნოდა 50 დღიური მამული სოფელ წყნარში სკოლის გასახსნელად. ანდერძი 1915 წლის 21 აგვისტოს ეკატერინე ორჯონიკიძის თხოვნით შეუდგენია დეკანოზ იროდიონ ოქროპირიძეს, რომელსაც ხელი მოუწერია ანდერძზე ორჯონიკიძის მაგივრად. რცხილაძის თქმით, ოქროპირიძე იყო როგორც ანდერძის გადამწერი, ასევე ხელის მომწერიც მეანდერძის მაგივრად. კანონთა კრებულის მეათე ტომის 1048-ე მუხლის მიხედვით, ერთი და იგივე პირს არ ჰქონდა უფლება, ერთდროულად ანდერძის გადამწერიც ყოფილიყო და მოანდერძის მაგივრად ხელის მომწერიც. რცხილაძის აზრით, სწორედ ამ მიზეზით არ დაამტკიცებდა სასამართლო ანდერძს და ანდერძის წარდგენისთვის საჭირო თანხაც ტყუილად დაიხარჯებოდა. ყოველივე ამის გამო რცხილაძე ურჩევდა გამგეობას, სათანადო განმარტების თანხლებით, უკან გაეგზავნა ცხინვალის განყოფილების გამგეობისთვის ანდერძი და მასთან ერთად წარმოდგენილი სხვა დოკუმენტი.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 10 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობას გიორგი ზიკოს ძე დედანაშვილმა ამცნო, რომ მთავარი გამგეობისგან მიიღო შემდეგი საბუთები: 1915 წლის 21 აგვისტოს შედგენილი ეკატერინე მალახაზის ასული ორჯონიკიძის ანდერძი, იმავე ანდერძის რუსული თარგმანი, 1916 წლის 20 თებერვლით დათარიღებული ეკატერინე ორჯონიკიძის დაბადებისა და გარდაცვალების მეტრიკული მოწმობა, ვექილ რცხილაძის აზრი ანდერძის უკანონოდ შედგენის შესახებ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ცხინვალის განყოფილების მდივანმა არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, ცხინვალის განყოფილების გამგეობამ მოქმედება დაიწყო 1914 წლის 22 ნოემბერს. სხდომა ჩატარდა ოთხჯერ, გამგეობას გაურჩევია ოთხი საქმე, სხდომებზე დასწრება ყოველთვის სრული იყო. 1914 წელს ჩატარდა ერთი საზოგადო კრება, კერძოდ 17 ნოემბერს, რომელზეც აირჩიეს გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრები. კრების ოქმი კრების თავმჯდომარემ მაშინვე გადაუგზავნა მთავარ გამგეობას. ცხინვალის განყოფილების წევრთა რიცხვი და ვინაობა უკვე ჩართული იყო მთავარი განყოფილების საკვიტანციო წიგნში საწევრო გადასახადთან ერთად. 1914 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ცხინვალის განყოფილების მიზანი იყო ცოტაოდენი ქონების დაგროვება ბიბლიოთეკისა და სკოლის გასახსნელად და ღარიბი მოსწავლეების დასახმარებლად. იმ დროისთვის დაბა ცხინვალში საზოგადოების ცხინვალის განყოფილებას არც სკოლა გააჩნდა და არც ბიბლიოთეკა.

