რეგისტრირებული ფაქტები19570
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ თბილისის პირველ საკვირაო სკოლის საბჭოს განუზრახავს სკოლასთან ბიბლიოთეკის დაარსება და გამგეობას სთხოვენ წიგნებით დახმარებას. გამგეობამ მათ 2 თუმნის წიგნები გაუგზავნა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლის რევიზიის შესახებ ალექსანდრე მდივნის მოხსენების პასუხად გამგეობამ დაადგინა, მოხსენებიდან ამოეღოთ ის ნაწილი, რომელიც სკოლის ნაკლოვანებებს ეხებოდა და ისე გაეგზავნათ ბათუმის განყოფილებისათვის.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს იროდიონ ხოსიტაშვილის თხოვნა, რომ 4 თვის განმავლობაში გაეწიათ დახმარება აკაკის სალიტერატურო ფონდიდან. გამგეობამ ი. ხოსიტაშვილს დახმარების სახით გადასცა 10 თუმანი და დაადგინა, რომ მომავალ წელს გადაეცათ 7.50 თუმანი, რაზედაც საზოგადოების წევრმა ფილიპე მგელაძემ თანხმობა არ განუცხადა გამგეობას.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა საგურამოს სკოლის პედაგოგის არისტოკლე რამინიშვილის მამამ, მღვდელმა დომენტიმ, რომ თავისი შვილის ავადმყოფობის გამო საჭირო იყო სკოლაში გამოეგზავნათ შემცვლელი მასწავლებელი. გამგეობამ ცნობა განსახილველად სასკოლო სექციას გადასცა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა გორის ქალთა სახელოსნო სკოლის გამგე ელენე თარხნიშვილმა, რომ გაეგზავნათ 165 მანეთის წიგნები ფასდაკლებით სკოლის ბიბლიოთეკისთვის. გამგეობამ გორის განყოფილებას გაუგზავნა წერილობითი თხოვნა, რომ მთავარი გამგეობისთვის გამოეგზავნათ ცნობა გორის სკოლის შესახებ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ნინო უტურაშვილმა, რომ დაენიშნათ მისთვის სტიპენდია რათა ესწავლა ვიშნი-ვოლოჩოკის ხალიჩების დახატვის საქსოვ სკოლაში. გამგეობამ შიდამრეწველობის კომიტეტს დაავალა წინა წლების მიხედვით გადაეცათ სტიპენდია ნ. უტურაშვილისათვის.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ივანე გიორგის ძე რატიშვილმა განაცხადა, რომ სტიპენდიის თანხის შეგროვება-განაწილება საზოგადოებას ბევრ დროს ართმევდა, ამიტომ ეს საქმე თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო ღარიბ მოწაფეთა დამხმარე კომისიისთვის უნდა გადაებარებინა . ვისაც სტიპენდიის ხაზინისთვის ფულის შეწირვა მოუნდებოდა, ამ კომისიას მიმართავდა და საზოგადოება ზედმეტი შრომისგან განთავისუფლდებოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ საგურამოს ილიასეული მამული დამთვალიერებელმა კომისიამ ზედაპირულად შეამოწმა, რაზეც მეტყველებდა კომისიის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მამულს 123 დესეტინა ფართობი სახნავი მიწა ჰქონდა, როცა რეალურად 62 დესეტინაზე მეტი არ იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის მოიჯარეებს ხელშეწყობა სჭირდებოდათ, რათა მამულში 9 დესეტინა მიწის ფართობზე გაეშენებინათ ვენახი, 4 დესეტინაზე – ხილის ბაღი, მოეწყოთ სანერგეები და სხვ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 1 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გააკეთა მოხსენება საზოგადოების მუზეუმისა და საისტორიო საეთნოგრაფიო მუზეუმების გაერთიანების შესახებ. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა უსასყიდლოდ შეესრულებინა მუზეუმის გამგის მოვალეობა, ხოლო მის თანაშემწეებად აერჩია ის პიროვნებები, რომლებსაც თავად ისურვებდა. ასევე გამგეობამ დ. კარიჭაშვილს სთხოვა წარმოედგინა მუზეუმის სრული კატალოგი და ეზრუნა მუზეუმის განახლებისთვის, რისთვისაც გამგეობამ 10 თუმანი გადადო.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს დავით კარიჭაშვილის, შიო დედაბრიშვილისა და ლუარსაბ ბოცვაძის მიერ შედგენილი წესები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო საზოგადოების მაღაზიებში წიგნებით ვაჭრობა. გამგეობამ მათ მიერ შედგენილი წესების განხილვა გრიგოლ რცხილაძეს დაავალა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის პირველ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვის განცხადება ალექსანდრე როინაშვილის 2 ობიექტივის შესყიდვის შესახებ, რის საფასურადაც ის გამგეობას ძველი ეკლესიებისა და ციხე-კოშკების სურათებს გადასცემდა. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ დ. ერმაკოვს გადაუღია იაკობ გოგებაშვილის დაკრძალვის 4 ფოტო, რომლის საფასურიც 40 მანეთს შეადგენდა. გამგეობამ დაადგინა: მიეწერათ დ. ერმაკოვისთვის, რომ ობიქტივების ფასი 360 მანეთს შეადგენდა და თუ ის ობიექტივებს ამ ფასად იყიდდა, საზოგადოება მზად იყო მისგან სურათები შეეძინა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებლის მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ. ის მეოთხე განყოფილებისთვის სახელმძღვანელოების გაგზავნას ითხოვდა. გამგეობამ დააკმაყოფილა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობამ (თავმჯდომარის ამხანაგი – იოსებ ივანეს ძე ოცხელი) ქუთაისის განყოფილებას შეატყობინა, რომ მთავარი გამგეობა 18 აპრილს, საღამოს 7 საათზე საზოგადოების კანცელარიაში გამართავდა სხდომას. დღის წესრიგიც აცნობა და სთხოვა წარმომადგენლის გამოგზავნა, რომელიც ქუთაისის ფილიალის დეკემბრის ფინანსური ანგარიშის დოკუმენტაციას წარადგენდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საგურამოს სკოლის მასწავლებელ არისტოკლე რამინიშვილის თხოვნა, რომ გაათავისუფლონ მასწავლებლობის მოვალეობისგან ავადმყოფობის გამო და მისცენ შესაფერისი ატესტაცია. გამგეობამ ა. რამინიშვილის თხოვნა დააკმაყოფილა და სასკოლო სექციას დაავალა მოეძებნათ საგურამოს სკოლისთვის ახალი მასწავლებელი.

