რეგისტრირებული ფაქტები19321
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის დეკემბერში კავკავის სკოლის გამგე პართენ გოთუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გაეგზავნათ სკოლისთვის მესამე მასწავლებლის ხელფასი 1-ელი სექტემბრიდან 16 ნოემბრამდე, რადგან გადასცემოდა იმ პირს, ვინც აღნიშნულ დროს ასრულებდა მესამე მასწავლებლის თანამდებობას. ამ პერიოდის ხელფასი შეადგენდა 62 მან. 50 კაპ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წინარეხის სკოლის მასწავლებელმა ანტონ თოიძემ მიმართა თხოვნით, რომ წინარეხის სკოლის ხელსაქმის მასწავლებლისა და მოსწავლე ქალებისთვის საქველმოქმედო ბაზრისთვის ნივთების დასამზადებელი მასალის საყიდლად გადაედოთ რამდენიმე მანეთი.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე საზოგადოებას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა ლავრენტი აგლაძემ სკოლისთვის გაეგზავნათ სასწავლო წიგნები, სურათები და ნივთები. გამგეობამ თონეთის სკოლას სურათების გარდა ყველა საჭირო ნივთი გაუგზავნა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1907 წლის ბოლოდან დაიწყო ის პერიოდი, როცა უფულო წევრები საზოგადოების წევრებად აღარ ითვლებოდნენ, რადგან მათ საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამო რიცხავდნენ საზოგადოებიდან.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა საზოგადოების საწევრო გადასახადის შემცირება მოითხოვა. მისი აზრით, საწევრო უნდა შემცირებულიყო, რათა ხელმოკლე ხალხი საზოგადოებაში გაწევრიანებულიყო და ეროვნულ-კულტურულ საქმეში წვლილის შეტანის შესაძლებლობა ჰქონოდა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ეკატერინე გაბაშვილმა, რომ გამგეობას დაებეჭდა მის მიერ წარმოდგენილი საბავშვო მოთხრობანი მისივე პირობების თანახმად. გამგეობამ ეკ. გაბაშვილის პირობები განსახილველად და შემდეგ თავიანთი მოსაზრების გადმოსაცემად შესაბამის კომისიას გადასცა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სკოლები უნუგეშო მდგომარეობაში იყო და მოსწავლეების რიცხვი საგრძნობლად იკლებდა. მისი აზრით, მასწავლებლები არ იყვნენ შესაბამისად მომზადებულები, რადგან მხოლოდ ანა-ბანას სწავლება არ იყო საკმარისი. მასწავლებელი კულტურული საქმის ხელმძღვანელი, გლეხის დამრიგებელი და გზის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საჭირო იყო სასკოლო სექციას გამგეობასთან ერთად შეემუშავებინა სკოლების მოწყობის ტიპი. აგრეთვე საზოგადოების სკოლები მთავრობის სკოლებს უნდა დაკავშირებოდა, რათა კურსდამთავრებულებს მთავრობის სასწავლებლებში ჰქონოდათ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა საზოგადოების წევრებს სკოლებში რუსულ-ქართულ ენაზე სწავლების თავიდან ასაცილებლად შესთავაზა წინადადება, რომ გაეხსნათ ისეთი სკოლები, სადაც მოსწავლეები დაწყებითი საფეხურიდან პირდაპირ გადავიდოდნენ მაღალ საფეხურზე და სასწავლებლად არ წავიდოდნენ იმ სკოლებში, სადაც საგნების სწავლება რუსულ ენაზე მოითხოვებოდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 20 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მის განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილეს, როგორ უნდა შეცვლილიყო ურთიერთდამოკიდებულება მთავარი გამგეობის წიგნის მაღაზიასა და განყოფილებათა წიგნის მაღაზიებს შორის. ასევე წარმოადგინეს ცნობა წიგნებით ვაჭრობის საკითხთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, წიგნებით ვაჭრობა ნელი ტემპით ვითარდებოდა და მხოლოდ რამდენიმე ქალაქის განყოფილებას ჰქონდა საკუთარი წიგნის მაღაზია. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაბზეგი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათი განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილეს საკითხი წერა-კითხვის საზოგადოებისა და საისტორიო საზოგადოების მუზეუმების გაერთიანების შესახებ. საკითხს თან ერთვის ცნობა, რომ 1911 წელს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა საზოგადოებას უანდერძა თანხა მუზეუმის ასაშენებლად, ხოლო 1912 წელს საზოგადოებამ მუზეუმისთვის შეიძინა მამული 60 ათას მანეთად. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილის ინიციატივა, მოსკოვის ქართული საზოგადოების გამგეობას ან კერძო პირს შეეკრიბა საწევრო გადასახადები. ასევე განიხილეს მისი თხოვნა, საზოგადოება მოსკოვის ქართველობას წიგნების გამოცემასა და პედაგოგიური მუზეუმის დაარსებაში დახმარებოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაამტკიცეს 1914 წლის 9 ნოემბრის კრების ოქმი და განიხილეს 1913 წლის საზოგადოების გამგეობის წლიური ანგარიში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების სკოლებში მხოლოდ ანა-ბანას არ ასწავლიდნენ. მოსწავლე საკმარის ცოდნას იძენდა და სანიმუშო პროგრამით განვლილ მასალას ოთხი წლის განმავლობაში იმდენად ათვითცნობიერებდა, რომ კურსის დასრულების შემდეგ თავად ზრუნავდა თვითგანვითარებაზე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ იმის დასამტკიცებლად, რა უყურადღებოდ იყო სკოლები მიტოვებული, მაგალითად საგურამოს სკოლა მოიყვანა, სადაც მამულისა და სკოლის ინტერესები მუდმივად უპირისპირდებოდა და სკოლა ყოველთვის იჩაგრებოდა. მამულის მოიჯარეები სკოლას ავიწროვებდნენ, მასწავლებლებს ზამთარში არ ჰქონდათ შეშა, არც სასწავლო ნივთები მიეწოდებოდათ დროულად. ამასთან მოსწავლეები სკოლაში შორი გზიდან დადიოდნენ. რუხაძემ განაცხადა, რომ სკოლის ასეთი მდგომარეობის შესახებ არაერთხელ აცნობა გამგეობის წევრებს, რომლებმაც ზომები მიიღეს და სკოლა სოფელში გადაიტანეს, მოსწავლეებს ახლოს რომ ჰქონოდათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წინააღმდეგი იყო მოსწავლეები საზოგადოების სკოლების დაწყებითი საფეხურიდან მთავრობის საშუალო სასწავლებლებში გადასულიყვნენ. ამასთანავე, ლუარსაბ ბოცვაძემ განაცხადა, რომ ხალხს მოსწონდა საზოგადოების სკოლები და ამიტომ მოსწავლეების რიცხვი კი არ მცირდებოდა, არამედ იზრდებოდა.

