რეგისტრირებული ფაქტები18642
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთში „ვოლნი გორეცი“ გაპო ბაევის სტატია გვიამბობს:„ დაღესტნის აჯანყებით დაწყებულმა ჩრდილოკავკასიელთა განმათავისუფლებელმა ბრძოლამ ოსეთის ხელისუფალთა წარმომადგენლებზეც იმოქმედა: ოსეთის მმართველის, პოლკოვნიკ ხაბაევის მიერ დანიშნული სოფლის მოხელეების სასტიკი ტონი უბრალო ხალხის მიმართ ამ რამდენიმე თვეში ისე შერბილდა, რომ ლამის ლაქუცად გადაიქცა“.
1934
ტიპი: ავტორობა
1934 წლის 4 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა ღია ბარათი, რომელშიც წერდა შვილსა და ორსულ მეუღლეზე, რომლის სამსახურის გამოც მათ სახცოვრებელი ადგილი შეიცვალეს. ასევე შეატყობინა, როგორი წახალისება ჰქონდათ საფრანგეთში მასწავლებლებს შვილების გაჩენის შემთხვევაში.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აჰმედ ცალიგოვი წერს, რომ „ერთიანი და განუყოფელი“ რუსეთი ფინეთსაც კი არ თმობს (ს. საზონოვის პროტესტი), მით უფრო არასოდეს აიღებს ხელს ამიერკავკასიაზე. მას შავი რეაქციისგან კავკასიის ხსნის გზად ერთიანი ბრძოლა და კონფედერაცია მიაჩნდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 მარტის „ერთობა“ წერდა, რომ თბილისში დაბრუნდა ეროვნული საბჭოს მიერ სამეგრელოში გაგზავნილი დელეგაციის წევრი ლეო შენგელაია-ქიაჩელი, რომელმაც აღნიშნა, რომ მობილიზაციის საქმე კარგად მიდიოდა, ხალხი შეგნებით ხვდებოდა ოსმალეთის განზრახვას და სამშობლოს დაცვის საჭიროებას აღიარებდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ (რედაქტორი აჰმედ ცალიკოვი) პატივს მიაგებს დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლაში რევოლუციის იდეალებს შეწირულ დაღესტნის გმირთა ხსოვნას: ალი დახადაევს (1918 წ.), პეტროვსკში დახვრეტილ ულუბი ბუინაკსკისა და მის ხუთ ამხანაგს (1919 წ.), ყუმუხ-თემირხან-შურის გზაზე მოკლულ გარუნ საიდოვს (1919 წ).
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ 1919 წლის 8 ნოემბრის N 2296 მიწერილობის თანახმად, გაუგზავნა თავისი რწმუნებული გიმნაზიის მე-6 კლასის ყოფილი მოსწავლის ვახტანგ ამბოქაძის დათხოვნის მოწმობა, დაბადების მოწმობა N 38, აცრის მოწმობა N 475 და წოდების მოწმობა ნამსახურეობითი სიის პირთან ერთად. სთხოვა, ხსენებული საბუთების მიღება ეცნობებინა. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 ნოემბერს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს სწერს, რომ მარტის შუა რიცხვებში საპატიო მიზეზით თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობა შეწყვიტა. მან ორი თვის შემდეგ მიიღო თავისუფლება ანაზღაურების შენარჩუნებით. ამ მიზეზით სამინისტრომ მისი შტატის მასწავლებლად დამტკიცება ვერ მოასწრო. 1919 წელსაც გიმნაზიაში შტატის გარეშე მასწავლებლად დაინიშნა. ის დირექტორს სთხოვდა სამინისტროსთან შუამდგომლობას, რომ პირველი სექტემბრიდანვე შტატის მასწავლებლად დაემტკიცებინათ, როგორც უმაღლესი განათლების მქონე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ერთობაში“ ზემო ნიჩბისელი გლეხი აფრია პავლეს ძე ხუტაშვილი აცხადებდა, რომ 1920 წლის 26 აგვისტოს ის დაიბარა კავთისხევის კომისარმა ერეკლე გედევანიშვილმა და შვილის მიყვანა სთხოვა. მის შვილს რა დანაშაული მიუძღოდა, არ უთხრა, მათრახი ურტყა და ჩექმით ფერდები ჩაუმტვრია. ამ ფაქტის გაზეთში დაბეჭდვას ითხოვდა სიმართლის დასადგენად, რომ მთავრობას ყურადღება მიექცია. თუ შვილი იყო დამნაშავე, მას რატომ კლავდნენ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 7 ოქტომბერს ივანე გაჩეჩილაძე სთხოვდა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ მისთვის ცილისწამების თავიდან ასაცილებლად და ავტორიტეტის აღსადგენად მოეხდინათ მკაცრი რევიზია და თუ „სოციალ-დემოკრატის“ N 23-ე გამოცემაში მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდებოდა მიეღოთ საჭირო ზომები ავტორის წინააღმდეგ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 7 ოქტომბერს ივანე გაჩეჩილაძემ მისწერა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ გაზეთ „სოციალ-დემოკრატის“ N 23-ე გამოცემაში დაიბეჭდა ცილისმწამებლური სტატია სათაურით „მყრალი ჭაობი“, რომელიც მისი თქმით, დაწერილი იყო ერთ-ერთი იმ მასწავლებლის მიერ, რომელიც მუდამ ცდილობდა სასწავლებლის ნორმალური ცხოვრების შეფერხებასა და პირადი შურისძიებით გაჟღენთილი ივ. გაჩეჩილაძის ავტორიტეტის დაცემას საზოგადოებაში.