საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19584

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა პავლე დავითის ძე საყვარელიძის (ფსევდონიმით – ნ. საქარელი) წერილის – „სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წეს-წყობილების“ გაგრძელება, რომელიც იაპონიას ეხებოდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, პოეზიის აკადემიაში ტიციან ტაბიძემ წაიკითხა მოხსენებები: „ლაფორგი“ და „მედეას პრობლემა“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, პაოლო იაშვილმა პოეზიის აკადემიაში წაიკითხა მოხსენება „არტურ რემბო“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, გრიგოლ რობაქიძემ პოეზიის აკადემიაში წაიკითხა მოხსენებები: „პოეტიკა ნოვალისის“, „ჰენრიხ კლეისტ“ და „რიტმის პრობლემა“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ტიციან ტაბიძემ გაზეთ „კომუნისტში“ გამოაქვეყნა წერილი საქართველოს მწერალთა კავშირთან დაარსებული პოეზიის აკადემიის შესახებ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადში“ გროგოლ რობაქიძემ გამოაქვეყნა წერილი „იმპრესიონიზმი (შპენგლერის შეხედულება)“.

1918

ტიპი: ავტორობა

ბაგრატ ბეთანელი სოციალ-დემოკრატიულ პარტიას თვლიდა ადამიანის უკეთილშობილეს გრძნობათა გამომხატველად, რომელსაც ხალხის ზნეობრივად ამაღლება შეეძლო. ის იზიარებდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამას.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, კოლაუ ნადირაძე კრიტიკული წერილების წიგნად გამოცემას აპირებდა. წიგნის სახელი იქნებოდა „მანეკენები“ და მასში შევიდოდა: გრიგოლ რობაქიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სანდრო ცირეკიძის, ნიკოლოზ მიწიშვილისა და გიორგი ლეონიძის პორტრეტები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „აჯანყება“ დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, რედაქციამ სეით დევდარიანის წიგნი „როგორ ცხოვრობენ რუსეთში“ მიიღო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ივლისს ბათუმისა და ბათუმის ოლქის საქართველოსთვის გადაცემის გამო მთავრობამ და რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდალმა გენერალმა კვინიტაძემ ბათუმის ოლქის და აჭარის მოსახლეობას მოწოდებებით მიმართეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ბაზალეთში ბოლშევკების მიერ ჩატარებულ მიტინგზე სიტყვით გამოვიდა ისიდორე რამიშვილი, რომელსაც გლეხებმა არ მოუსმინეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს საქართველოს სახალხო განათლების კომისარ დავით კანდელაკის ინიციატივით თბილისში უნდა გამართულიყო დოსტოევსკის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვარს ვალერიან გაფრინდაშვილმა გაზეთ „ბარრიკადში“ გამოაქვეყნა წერილი სანდრო ცირეკიძის შესახებ.

1922

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე არსენიშვილმა გაზეთ „ბარრიკადში“ გამოაქვეყნა წერილი „დახვეწილი ნაოჭი“, რომელშიც განიხილა სანდრო ცირეკიძის, შალვა აფხაიძის, ნიკოლოზ მიწიშვილის, კოლაუ ნადირაძის, ტიციან ტაბიძს, გრიგოლ რობაქიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილისა და პავლე ინგოროყვას პოეზია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყებოდა, რომ თბილისის ქალაქის თვითმართველობის სასურსათო განყოფ. გამგე პანიევმა დეპეშათა სააგენტოს წარმომადგენლის შეკითხვაზე, სანოვაგეზე ფასების აწევის მიზეზებთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ეს იყო დროებითი და გამოწვეული ინგლისელების ბათუმიდან წასვლისთვის მზადებით. კომერსანტებმა საქონლის გაზიდვა დაიწყეს, ამიტომ გაძვირდა ვალუტა და საქონელიც. პანიკა შეწყდა, როგორც კი გაიგეს, რომ ბათუმი საქართველოს გადაეცემოდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 25 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N7 (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა კრისტაბელ პანკჰერსტის პუბლიკაცია „საზარელი მტარვალობა (მთავრობა და თეთრი მონები“), რომელშიც ავტორი საუბრობს ქალთა უთანასწორობაზე, განიხილავს პროსტუტუციას – თეთრი მონებით ვაჭრობას და ასევე ქალთა მუშაობის საკითხს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა ტ. ა. ლასსეის წერილი კრისტაბელ პანკჰერსტის მიმართ, რომელშიც ის ეთანხმება მას, რომ ქალების უმრავლესობა თანაუგრძნობს მამაკაცთა გარყვნილებას. მათ იციან პროსტიტუტი ქალების არსებობა, მაგრამ ისინი წარმოუდგენიათ სრულიად განსხვავებულ და დაცემულ არსებებად, რომელნიც ღუპავენ ახალგაზრდა მამაკაცებს. ავტორის აზრით, პანკჰერსტი წერს სასტიკ სიმართლეს მათ შესახებ, რომ ისინი თავად არიან მსხვერპლნი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა მანზელ მულენის წერილი კრისტაბელ პანკჰერსტის მიმართ, რომელშიც ის მადლობას უხდის მისთვის გაგზავნილი იმ წიგნისთვის, სადაც პანკჰერსტის მიერ აღწერილ სიტუაციას ვენერიულ სნეულებათა შედეგების შესახებ ადასტურებს ინგლისის ჰოსპიტალში თავისი 30 წლიანი მუდმივი მუშაობის გამოცდილებით.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ ცნობით, კრისტაბელ პანკჰერსტის წერილებს, რომელიც შემდგომში ცალკე წიგნად დაიბეჭდა სათაურით „საზარელი მტარვალობა“, სათავე დაედო წერილით პიკადილის სკანდალზე, რომელიც ცნობილი იყო როგორც კენი ჯერალდის საქმე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N9) რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა წინასიტყვაობა, რომელიც ეძღვნება კრისტაბელ პანკჰერსტის „საზარელ მტარვალობას“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 9 გამოქვეყნდა რედაქციის (კატო მიქელაძე) წერილი კრისტაბელ პანკჰერსტის „საზარელი მტარვალობის“ თარგმანის დასრულებასთან დაკავშირებით. ავტორის ცნობით, გაზეთ „მეგობარში“ დაიბეჭდა წერილი „პროტესტი ქართველი ქალისა“, რომელშიც ამ წერილების თარგმანს მოიხსენიებდნენ როგორც ვულგარულ გამოსვლას და მედიცინის წარმომადგენელთა გამოკვლევას საზიზღარს უწოდებდნენ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა კრისტაბელ პანკჰერსტის „საზარელი მტარვალობა (რას ფიქრობენ ქალები)“, ბოლო ნაწილი, რომელიც 1914 წელს დაიბეჭდა „ქალთა პრესსაში“. პუბლიკაციაში ავტორი წერს, რომ მამაკაცთა აზრით, ქალები პოლიტიკურ თავისუფლებას ითხოვენ სქესობრივი თავისუფლების გამო. სუფრაჟისტებს კი მიაჩნიათ, რომ ქალები საარჩევნო ხმის მიღების შემთხვევაში უფრო მეტს გააპროტესტებენ სქესობრივ უთანასწორობას, რათა სქესი არ გადაიქცეს სათამაშოდ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 1-ელი ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N8 (რედაქტორი კატო მიქელაძე) დაიბეჭდა კრისტაბელ პანკჰერსტის პუბლიკაცია „საზარელი მტარვალობა“ ქალთა უუფლებო და უთანასწორო მდგომარეობაზე, პროსტიტუციაზე და სქესობრივი ცხოვრების სხვა საკითხებზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 4 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N4 (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა კრისტაბელ პანკჰერსტის პუბლიკაცია „საზარელი მტარვალობა (უბიწოება და მამაკაცების ტანმრთელობა)“, რომელიც ეხება მამაკაცთა თავშეკავებასა და სქესობრივ დაავადებებს.