რეგისტრირებული ფაქტები19729
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 18 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N6 დაიბეჭდა ნინო ნადირაძის პუბლიკაცია „პედაგოგიკა და პარტია“, რომელშიც ის საუბრობს პედაგოგიურ ცხოვრებაში პოლიტიკისა და პარტიულობის მიზანშეუწონლობაზე და აღწერს საქართველოს სახალხო მასწავლებელთა კავშირის გამგეობის არჩევნებს, სადაც პარტიული ნიშნით აირჩიეს კანდიდატები. მისი თქმით, როცა 1915 წლის 27 დეკემბერს დაარსდა სახ. მასწავლებელთა კავშირი, გამოცხადებული იყო, რომ ის ზეპარტიული იქნებოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ისმაილ-ბეი აანალიზებს ჩრდილოკავკასიელ მთიელთა თვითგამორკვევასთან დაკავშირებულ სირთულეებს საერთაშორისო ვითარების კონტექსტში: მართალია, I მსოფლიო ომის მეორე ფაზა ანტანტამ დაასრულა გერმანიის დამარცხებით, რასაც დიდად შეუწყო ხელი უილსონის 14-პუნქტიანმა ლოზუნგმა "მცირერიცხოვან ხალხთა თვითგამორკვევის შესახებ", თუმცა ინგლისმა უილსონის დაპირებები ფარატინა ქაღალდად აქცია.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ისმაილ-ბეის სტატია ეძღვნება I მსოფლიო ომის არსის ანალიზს, მის პოლიტიკურ-ეკონომიკურ წანამძღვრებსა და ფაზებს. ავტორი საუბრობს იმ სავალალო ვითარებაზე, რომელშიც აღმოჩნდნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მთიელები, რომელთაც წაართვეს ნეიტრალიტეტი და ახლა ძალით ითრევენ მსოფლიო ომში მათთვის მიუღებელი იდეალებისთვის საბრძოლველად.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 4 მაისს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ ნინო ნადირაძე აქვეყნებს სტატიას „ქალებო მთელი ქვეყნისა შეერთდით!“, რომელშიც მიმოიხილავს გაზეთ „შრომის“ ორ სტატიას. ის განსაკუთრებით აღნიშნავს ბ. ჯავახის პუბლიკაციას, რომელიც ამბობს, რომ როცა ყველა ერთი მიზნისკენ უნდა მიისწრაფვოდეს, დიდი და პატარა, ქალი და კაცი შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს, ამ დროს ქართველი ქალები ცალკე საზოგადოებას იარსებენ და ეთიშებიან მამაკაცებს. პასუხად ნინო ნადირაძე წერს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ქალთა ემანსიპაცია, ამის ირგვლივ უნდა შეერთდნენ ქალები განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, მიმართულებისა და სოციალური მდგომარეობისა და მთელი ძალ-ღონით ებრძოლონ დამამონებელ პირობებს.

