რეგისტრირებული ფაქტები33127
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს განცხადება გამგეობის წევრებისთვის ჯამაგირის 100%-ით მომატების შესახებ. განჩინების თანხმად ეს სიახლე ყველაზე უნდა გავრცელებულიყო.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 12 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობა ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველ კომიტეტს ატყობინებს, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად აღარ ჰყოფნით თანხა, რის გამოც სთხოვენ გადაურიცხონ ბანკის მიერ ამ საქმისთვის შეპირებული 100 მანეთი (ხელს აწერს თბილისის გამგეობის საქმისმწარმოებელი - გ. ბურჭულაძე).
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ინჟინერ პეტრე მამრაძის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის გადაკეთება და ღობის (მოაჯირის) დასრულება 1065 მანეთი ჯდებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ივნის-ივლისში შეიქმნა ილიას ძეგლის რესტავრაციის პროექტის შემდგენელთა ქვეკომისია, რომლის წევრები იყვნენ: პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი ივანე ჯავახიშვილი, არქიტექტორი ანატოლი კალიგინი, მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი და არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი. ქვეკომისიის მიზანი იყო მთაწმინდაზე ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის გადასაკეთებლად სრული პროექტის შედგენა ავტორ იაკობ ნიკოლაძესა და მშენებელ პეტრე მამრაძესთან ერთად. ამ საკითხს არაერთი სხდომა მიეძღვნა, რომელთა თავმჯდომარე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე მდივანი.
1913
ტიპი: ღონისძიება
გრიგოლ ბურჭულაძე პეტრე მამრაძეს სთხოვს, რომ დაუზუსტოს ლუჩიანო დე ბლასისთვის მისაცემი ფულის რაოდენობა, შეატყობინოს, მთლიანად გამოუწეროს კუთვნილი თანხის (891 მან., 50 კაპ.) ქვითარი თუ დააკლოს, რადგან საფლავის მოაჯირის სამუშაოები ჯერ არ აქვს ბოლომდე მიყვანილი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 6 აპრილს ლუჩიანო დე ბლასიმ ინჟინერ პეტრე მამრაძისაგან 100 მანეთი მიიღო ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის სამუშაობისათვის.
1913
ტიპი: ღონისძიება
ვ. დ. აგლაძე ხელწერილით ადასტურებს, რომ 1913 წლის 2 მაისს დე ბლასის ანგარიშიდან მიიღო 63 მანეთი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 აპრილს ლ. ო. დე ბლასი სთხოვს ინჟინერ პეტრე მამრაძეს, რომ მისი ანგარიშიდან გადაუხადონ ვ. აგლაძეს 63 მანეთი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 6 მაისს ა. ბერიევი ხელმოწერით ადასტურებს, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის გახსნის დღეს გაწეული სამუშაოსთვის ინჟინერ პეტრე მამრაძისგან სრულად მიიღო კუთვნილი 8 მან., 50 კაპ.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 8 ოქტომბერს ვასილ ბერელაშვილმა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს 25 მანეთი შესწირა.
1912
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასავლის ნაწილში აღნიშნულია, რომ 1912 წლის 11 აგვისტოს დიმიტრი ერმაკოვს 15 მანეთი გადაუხადეს ილიას ძეგლის სურათში.
1911
ტიპი: ღონისძიება
ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის 1911 წლის შემოწირულობათა ნუსხაში აღნიშნულია სიმონ სააკაშვილის 50 მანეთი და მის მიერ შეგროვებული 26 მან.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს ქეთევან ჟურულის მიერ შეგროვებული 140 მანეთი გადაეცა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 22 აგვისტოს მოხსენებით ბარათში დავით კარიჭაშვილი აღწერს მასალის უხარისხობის მიზეზით ილია ჭავჭავაძის ძეგლზე გაჩენილ დაზიანებებს (რამდენიმე ადგილას დამსკდარია ჩარჩოს სახურავი; წინა პირზეც, თაღს ქვემოთ, ორი ქვებშორისი ნაპრალია) და ითხოვს, რომ შეკეთება დაევალოს ძეგლის ამშენებელ ინჟინერს - პეტრე მამრაძეს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 28 დეკემბრის განცხადებაში ლუჩიანო დე ბლასი ქ. შ. წ. კ. გ საზოგადოებას სთხოვს ერთიანად გადაუხადონ კუთვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი (2000 მან.), რათა უფრო გააქტიუროს საქმიანობა. ამასთან, დასძენს, რომ მას უკვე კარგა ხნის გამზადებული აქვს ყველაფერი, მაგრამ ადგილზე არ ადგმევინებენ, რის გამოც დროც ეკარგება და მატერიალურადაც ზარალდება.
1912
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას 1912 წლის 22 აგვისტოს განცხადებით მიმართავს ლუჩიანო დე ბლასი, რომელსაც შეუძლებლად მიაჩნია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება 15 სექტემბრისთვის, რადგან თბილისში არ მოიპოვება დამკვეთთა მიერ მოთხოვნილი წითელი მარმარილო, ამასთან, მას არც ხელშეკრულების ფასი აძლევს ხელს.
1911
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის საპროტოკოლო დადგენილების საფუძველზე შედგენილ 13 პუნქტიან ხელშეკრულებას ხელს აწერენ, ერთი მხრივ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და, მეორე მხრივ - იტალიის სამეფოს ქვეშევრდომი ლუჩიანო დე ბლასი (დეპლასი). ეს უკანასკნელი კისრულობს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასადგმელად საჭირო 5000 მანეთად ღირებული სამუშაობის წარმართვას ინჟინერ პეტრე მამრაძის პროექტითა და მისივე ზედამხედველობით. ნაკისრი ვალდებულების შესრულების თარიღად დათქმულია 29 აგვისტო (უკანასკნელი ვადაა 15 სექტემბერი). პირობის დარღვევის შემთხვევაში დე ბლასიმ წერა-კითხვის საზოგადოებას უნდა დაუბრუნოს მიღებული თანხა და გადაუხადოს პირსაგამტეხლო 500 მანეთი, რის შემდეგაც გამგეობა უფლებამოსილი იქნება საკუთარი შეხედულებისამებრ აირჩიოს სხვა შემსრულებელი. წინამდებარე ხელშეკრულების ნოტარიალურად გაფორმებას მხარეები 1911 წლის 10 აგვისტომდე გეგმავენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს იპოლიტე ვართაგავას მოხსენება საბავშვო წიგნების გამოცემის შესახებ და დაადგინეს, რომ უნდა გამოიცეს ქართველ მწერალთა ორიგინალი საბავშვო ნაწარმოებები ნიკოლოზ (ბაჩანა) რაზიკაშვილის, იროდიონ ევდოშვილის, გიორგი ქუჩიშვილის, პარმენ ცახელის, ვარლამ რუხაძის, ეკატერინე გაბაშვილის და სხვა, მათ შორის ვაჟა-ფშაველას საყმაწვილო პოემები, მოთხრობები და ლექსებიც. ვაჟას მემკვიდრეებთან მოლაპარაკება მიენდო ლუარსაბ ბოცვაძეს. გამგეობა დაეთანხმა სექციის დადგენილებას.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 დეკემბერს კირითხურო ვლადიმერ აგლაძე ხელწერილით ადასტურებს, რომ მიიღო 35 მანეთი – ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ცოკოლის მოწყობისთვის კუთვნილი გასამრჯელოს დარჩენილი ნაწილი.
ტიპი: ღონისძიება
ხელოსანი ტ. ლებედა ხელწერილით ადასტურებს, რომ მან ილია ჭავჭავაძის საფლავის მოაჯირის გაკეთებაში ინჟინერ პეტრე მამრაძისგან მიიღო 50 მანეთი და არავითარი პრეტენზია არა აქვს მასთან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 მარტს ინჟინერი პეტრე მამრაძე ილია ჭავჭავაძის ძეგლის მოაჯირის მასალისა და მუშებისათვის საჭირო 200 მანეთს სთხოვს ქ შ წ კ გ საზოგადოების გამგეობას. განცხადების მინაწერის თანახმად, ინჟინერმა მიიღო ეს თანხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილ წერილში პეტრე მამრაძე არ ეთანხმება ანატოლი კალგინისა და ჰენრიკ ჰრინევსკის გაზვიადებულად მკაცრ შეფასებას, თითქოს არაპროპორციულად და ულაზათოდ იყოს მოწყობილი ილია ჭავჭავაძის საფლავი. ინჟინერ-ტექნოლოგი აღნიშნავს, რომ თავადაც ამჩნევს ზოგიერთ წუნს, ამიტომ სიამოვნებით დათანხმდება კომისიის მოწვევას, თუკი ეს ხელს შეუწყობს შედეგის გაუმჯობესებას.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 21 ივნისს ხონის საურთიერთო ნდობის საზოგადოებამ (თავმჯდომარე მათე ბახტაძე, გამგეობის წევრი მიხეილ ქუთათელაძე) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ მათ არ ჰქონდათ თანხა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდში გადასარიცხად. შეწირულობის გასაღებად ბანკისა და საბჭოს საზოგადო კრების ნებართვა იყო საჭირო.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 18 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას ბალახანიდან აცნობებენ, რომ იაკობ მანსვეტაშვილის დავალებით ნავთობმრეწველთა კანტორიდან ერიცხებათ 100 მანეთი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად და სთხოვენ დაუდასტურონ თანხის მიღება.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის ივნისში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ფილიალებს, დაწესებულებებსა და კერძო პირებს დაუგზავნა შეტყობინება, რომელიც იუწყებოდა, რომ 30 აგვისტოსთვის – ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების მეოთხე წლისთავისთვის – დაგეგმილ ძეგლის კურთხევას აფერხებდა უსახსრობა: კერძოდ, ექსპერტთა გამოანგარიშებით, ძეგლის დასრულებას 3 754 მანეთი და 85 კაპიკი სჭირდებოდა, ფონდში კი მხოლოდ 600 მანეთი იყო დარჩენილი. გამგეობა სთხოვდა შეტყობინების ადრესატებს, ორი კვირის განმავლობაში ეცნობებინათ, თუ ვინ რამდენი თანხის გაღებას შეძლებდა, რათა დროულად შესდგომოდნენ საქმეს (ხელმომწერნი: თავმჯდომარის ამხანაგი – ალ. მდივანი, გამგეობის წევრები: შიო დედაბრიშვილი, შ. მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი).

