რეგისტრირებული ფაქტები15526
ფილტრი:
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 12 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს რესპუბლიკის ჯარების უფროსის, გენერალ-მაიორ გიორგი ივანეს ძე კვინიტაძის ბრძანებით: ა) საქართველოს ყველა ტიპის ჯარში უნდა აღდგეს სამხედრო მისალმება, როგორც სამსახურის დროს, ისე სამსახურის გარეთ. ხარისხითა და წოდებით უფროსი მოვალეა პირველი მიესალმოს. ბ) იგივე წესი ვრცელდება უცხო სახელმწიფოთა სამხედრო პირების მიმართ, რომლებიც საქართველოს მიწა-წყალზე იქნებიან და სამხედრო ფორმას ატარებენ. გ) სამხედრო მისალმების ნიშნად მარჯვენა ხელი ქუდამდე უნდა მიიტანონ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის განკარგულებით, აჭარის დელეგაციის ამერიკის ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, უილიამ ჰასკელთან მოლაპარაკების ოქმის გაჟონვის გამო გაზეთი „ვოზროჟდენიე“დახურეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის თვითმმართველობის სხდომაზე სანიტარულმა ინსპექტორმა კაპიტონ მეუნარგიამ ქალაქში პარტახტიანი სახადის (ტიფი) და ქოლერას გავრცელებაზე ისაუბრა. პარტახტიანი სახადი ქალაქში პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნებულმა ჯარის ჯგუფებმა შემოიტანეს.
1919
ტიპი: ავტორობა
სახელმწიფო ბანკის დაარსებასთან დაკავშირებულ მოხსენებაში დიომიდე თოფურიძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება ბანკი, რომელსაც ძირითად ფულს მისცემს სახელმწიფო, ხოლო მართვა-გამგეობა მოეწყობა დამოუკიდებლად. ბანკის გამგეს აირჩევს დამფუძნებელი კრება, ხოლო წევრებს, გამგის წარდგინებით, დაამტკიცებს პარლამენტი. მან ასევე აღნიშნა, რომ წესდებაში, რომელიც რუსეთის ბანკისგან მიიღეს, ცვლილებები უკვე შეტანილი იყო. მუხლობრივი განხილვის მოწყობა კი მომავლისთვის დაიგეგმა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მოკავშირეთა უმაღლეს კომისარს (იტალიის, ინგლისის, საფრანგეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლებს) გაუგზავნა ნოტა, რომელშიც ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლის შესახებ ატყობინებდა. მოხალისეთა ჯარის მიერ დაპყრობილ ოლქებში ხალხი აჯანყდა. ცხადი იყო, რომ აჯანყების ჩასაქრობად მოხალისეთა ლაშქრის სარდლობა შეტევას დაიწყებდა, რასაც მხარეში ანარქია მოჰყვებოდა. საქართველოს მთავრობას არ სურდა იარაღით ჩარეულიყო და სთხოვდა მოკავშირეთა კომისარს, ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვით და მათი თვითგამორკვევის უფლებით გადაეჭრა ეს საკითხი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქ. ონში ებრაული სკოლის თალმუდ თორას ახალი შენობის გახსნის გამო იქაური ებრაელების სახელით რაბინმა დავით ბააზოვმა შინაგან საქმეთა მინისტრს დეპეშა გამოუგზავნა. რაბინი მიესალმა მინისტრს, საქართველოს მთავრობას ერთგულება შეჰფიცა დაიმედი გამოთქვა, რომ ებრაელებს სრულ ეროვნულ-კულტურულ ავტონომიას მიანიჭებდნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 ივლისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო თეატრში ადმინისტრაციის ინიციატივით მოწყობილმა სამხატვრო-სამუსიკო კოლეგიამ, რომელშიც კონსერვატორიის დირექტორი ნიკოლოზ ნიკოლაევიც იყო, მოისმინა დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე". ოპერამ ჟიურის წევრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მისი დადგმა გადაწყდა.