საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88412

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ სამტრედიის მოურავის მოადგილე დავით მელქაძემ და საქმისმწარმოებელმა გიორგი წერეთელმა თხოვნით მიმართეს მთავარ გამგეობას, რომ სამტრედიაში არსებული წიგნების მაღაზია და ბიბლიოთეკა, რომლებიც დახურული იყო და არ ფუნქციონირებდა გადაეცათ მათთვის, რომ აემუშავებინათ და მეტი სარგებელი მოეტანა ნახსენებ დაწესებულებებს საზოგადოებისათვის.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა ილია ჭავჭავაძის და, ელისაბედ საგინაშვილი ინახულა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 ოქტომბერს ოლივერ უორდროპს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიდარ ბამატი ესტუმრნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 9 ოქტომბერს თბილისის ქალთა VI გიმნაზიის დირექტორმა, გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგე გრიგოლ ნათაძეს მიმართა, რომ მას წარუდგენდა გიმნაზიის რუსულისა და სომხური კლასების პროგრამებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიაში, სომხურ ენაში, სომხურ ლიტერატურასა და სომხეთის ისტორიაში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 9 ოქტომბერს სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს აცნობა, რომ გერმანული ენის მასწავლებლად დანიშნული იყო აკაკი გიორგის ძე აბულაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 ოქტომბერს დაბალი სკოლების მთავარგამგეს სთხოვენ აცნობონ რა ენაზე უნდა სწარმოებდეს სწავლა ჯავის უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებელში. ხელს აწერენ გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი ხახუტაშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

ისიდორე გივის ძე კოსტავა თბილისის II კომერციული სასწავლებლის ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებელი 1911 წლის 10 ოქტომბრიდან იყო. მისი წლიური ხელფასი 1320 მანეთს შეადგენდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 10 ოქტომბრიდან სიმონ გიორგის ძე გაჩეჩილაძე დაინიშნა ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად ლანჩხუთის ვაჟთა გიმნაზიაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 ოქტომბერს ოლივერ უორდროპს ხანმოკლე, არაოფიციალური ვიზიტით ხმელთაშუა ზღვისპირეთის მთავარსარდალი და კონსტანტინეპოლის უმაღლესი კომისარი, ადმირალი დე რობეკი ესტუმრა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის პერიოდში ევგენი გეგეჭკორმა წერილი გაუგზავნა სტამბოლში დიპლომატიურ წარმომადგენელ გრიგოლ რცხილაძეს ქალაქისა და მისი მუშაობის ნაყოფიერების უდიდეს მნიშვნელობაზე ევროპის საერთო პოლიტიკაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბრის „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სოხუმის თეატრალური სეზონის დასასრულს ნინო ჩხეიძის პატივსაცემად წარმოდგენა უნდა გამართულიყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

მთავარგამგე ჭუმბურიძე 1919 წლის 11 ოქტომბერს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობას უგზავნის ლაილაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის წერილს და აუწყებს: რადგან მღვდელ მუსერიძის შრომა სასწავლებლისთვის აუცილებელია და თან მას ხელს არ შეუშლის მღვდელთმსახურების აღსრულება, შეიძლება იგი დარჩეს ორივე თანამდებობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი-ერთი უნდა დატოვოს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბერს რაჭის სამაზრო გამგეობის წევრმა, საქმის მწარმოებელმა – ა.მეტრეველმა განათლების სამინისტროს სახალხო სკოლების მთავარგამგეს მიმართა, რომ საქართველოს განაპირა მხარეები განათლებით ჩამორჩებოდა შუაგულს. 1917 წელს ზოგიერთი სასწავლებლისთვის ნატურით გადახდას ხალხმა თავი დაანება და რამდენიმე სკოლა (უფრო მეტად, სამრევლოები) დაიხურა შემდეგ სოფლებში: ზემო კრიხი, ფუტიეთი, ტოლა, გორისუბანი, კაჩაეთი. ხალხი ისევ მიმართავდა გამგეობას სკოლის გახსნის მოთხოვნით, და, თავის მხრივ, ბინას, გათბობა-განთების და სხვა ხარჯებს თავის თავზე იღებდნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანის მაგიერ შ. დედაბრიშვილი, წევრები: ნინიძე, იაშვილი, ნ. ნაკაშიძისა, გიორგობიანი, ვართაგავა, კაკაბაძე, თავმჯდომარეობდა დ. გ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება „დედაენის“ შესწორების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით ამ საკითხის მოსასმენად სპეციალური სხდომა დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის მე-2 ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელ დავით მაკარის ძე გაჩეჩილაძის თხოვნა გიმნაზიის მე-8 კლასის მოწაფე სოკრატ ჩარკვიანისთვის სტიპენდიის მიცემის შესახებ. გამგეობამ სოკრატ ჩარკვიანს ერთდოულ დახმარებად ორასი თუმანი (2000 მანეთი) გადასცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ მთავრობის სტამბის „დედაენაზე“ მომუშავე ასოთამწყობები და რუხაძის სტამბის მუშები ითხოვდნენ დაეთმოთ მათთვის ნახევარ ფასში 10 ცალი „დედაენის“ II ნაწილი ან თითო ეგზემპლარი დაბეჭდილი წიგნებისა. გამგეობამ დაადგინა, მიეცეს თითო ეგზემპლარი ყოველი დაბეჭდილი წიგნისა იმ პირთ, რომელნიც ნამდვილად იმუშავებდნენ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 11 ოქტომბერს ბათუმის ოლქის სოფელ ორთაბათუმის მუსლიმთა თემის მცხოვრები მუსტაფა ალის ძე კონცელიძე, როგორც ღარიბი ოჯახის შვილი, განათლების სამინისტროს უნივერსიტეტის სამეურნეო ფაკულტეტზე სახელმწიფო დაფინანსებით ჩარიცხვას სთხოვს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა დე რობეკთან, ევგენი გეგეჭკორთან, ნოე რამიშვილსა და ალექსანდრე გედევანიშვილთან ერთად ივახშმა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა და ადმირალმა დე რობეკმა მცხეთაში ოფიცერთა ახალი საწვრთნელი სკოლა დაათვალიერეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 ოქტომბერს ოლივერ უორდროპს ლეიტენანტი ლიუკი ესტუმრა. მათ საქართველოზე ისაუბრეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ ოზურგეთის გიმნაზიის დირექტორი მასწავლებელ ანდრიაძის წასვლის წინააღმდეგი არ იყო. იმავე შინაარსის დასაბუთებული მოხსენება ოზურგეთის გიმნაზიამ სამინისტროში გაგზავნა. მირზიშვილი ანდრიაძის ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გადაყვანის დადასტურებას ითხოვდა. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის – ევგენი გეგეჭკორის – 2 ოქტომბრის ნოტაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია იმ სისხლისღვრით, რაც დენიკინის წინააღმდეგ აჯანყებულ დაღესტანსა და ყოფილი მთიელთა რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ხდება და საერთაშორისო მისიებს სთხოვს ჩაერიონ მღელვარების გამომწვევი მიზეზების დიპლომატიური გზით გადაჭრაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეზობლად მზარდი ანარქია საქართველოს დამოუკიდებლობასაც უქმნის საფრთხეს.

1919

ტიპი: ავტორობა

აჰმედ ცალიგოვის გაზეთის მოწინავე მიმართავს ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, რომ დროა საქართველო და აზერბაიჯანი დაპირებებიდან და დიპლომატიური მცდელობებიდან ნამდვილ საქმეზე გადავიდნენ და რეალური დახმარება გაუწიონ თავისუფლებისთვის სასტიკ ბრძოლაში ჩაბმულ ჩრდილოკავკასიელ მოძმეებს.

1919

ტიპი: ავტორობა

„ვოლნი გორეცის“ 1919 წლის N5-ში გრძელდება რუბრიკა „მთიელები რუსულ ლიტერატურაში“: ლ. კრემერი ამჯერად ლევ ტოლსტოის „კაზაკებს“ განიხილავს, მასში დახატულ ჩეჩენთა სახეებს „გენიალურ ესკიზებს“ უწოდებს. ავტორის აზრით, თუ პუშკინისა და ლერმონტოვის მთიელები ბაირონისა და ჰიუგოს რომანტიკულ გმირებს მოგვაგონებენ, ლ. ტოლსტოის რეალისტური კალმით გაცოცხლებული კავკასიელები ჩრდილოამერიკელ ინდიელებს უფრო ჰგვანან, ცეცხლითა და მახვილით მოსულ ევროპელ ვარიაგებს (ვიკინგებს) რომ ებრძოდნენ.