რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 8 და 10 ოქტომბერს თბილისის რკინიგზის დეპოებში, ქარხნებსა და ფაბრიკებში და სხვ. მუშებმა გამართეს თათბირი მოსკოვის სოვნარკომისა და საქართველოს რევკომის მიერ საქართველოს ფაქტობრივ გაბათილებაზე და გადაწყვიტეს წარმომადგენელთა გაგზავნა რევკომში წერილობითი განცხადების გადასაცემად, რომელსაც 5 132 მუშამ მოაწერა ხელი. შემდეგ მუშებმა აირჩიეს 3 პირი პოლიტიკურ პარტიებთან მოსალაპარაკებლად და 9 პირისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოს რევკომთან მოსალაპარაკებლად, ესენი იყვნენ: იასონ ჩაჩუა, იაკობ ასიტოვი, ლეონტი თომაძე, ანდრო თოდუა, იასონ კახაბრიშვილი, ვასილ ოსიძე, პეტრე ხარაძე, იოსებ ავალიძე და ნიკოლოზ გოგინაშვილი.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 15 სექტემბრის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ (N8) იუწყება, რომ მანგლისში რევკომის თავმჯდომარეა გ. კობიძე, დანარჩენი წევრები რუსები და სოხები არიან. აქ ქართული ენა გაუქმებულია, კულტურა – გამასხარავებული.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 15 სექტემბრის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ (N8) იუწყება, რომ მანგლისში იყო რეპრესიები. მღვდელი ჩიტაძე, რომელიც სამშობლოს დასაცავად ჯარში იყო, მესამე თვეა დაჭერილია.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 ოქტომბერს ბოლშევიკებმა ოფიციალურად აცნობეს ქართული უნივერსიტეტის დეკანს, ივანე ჯავახიშვილს, რომ სტუდენტთა კავშირისა და სტუდენტთა სასადილოს გამგეობები დაითხოვეს და მათ ადგილს დანიშნულები დაიკავებდნენ, ასევე მოითხოვეს ლექციების რუსულად წაკითხვა და პოლიტექნიკუმთან შეერთება. ყველაფერ ამის გამო ივანე ჯავახიშვილმა თანამდებობაზე უარი განაცხადა, ხოლო გამგეობის წევრი სტუდენტები გადაიმალნენ.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 30 წლის სექტემბრის „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) იუწყება, რომ საფრანგეთისა და შვეიცარიის სინდიკალისტურ და რადიკალურ გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა (ბათუმიდან) საქართველოში მძვინვარე ტერორის შესახებ, მოყვანილია დაპატიმრებულ სოციალისტთა გვარები (სილ. ჯიბლაძე, ი. რამიშვილი, ალ. ლომთათიძე, გრ. ლორთქიფანიძე და სხვ.), ნათქვამია, რომ პრესა გამოთქვამს შეშფოთებას ოკუპანტთა ბარბაროსული პოლიტიკის გამო, რომ მოსკოვის იმპერიალისტებმა გადააჭარბეს მასწავლებლებს, ნიკოლოზ II-სა და ვილჰელმ ჰოჰენცოლერნს.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 30 წლის სექტემბრის ჟურნ. „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) იუწყება, რომ ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ ორგანოში „სოციალ-დემოკრატი“ დაიბეჭდა ვრცელი ინტერვიუ კარლო ჩხიძესთან საქართველოს ისტორიის, განსაკუთრებით კი მისი სამი წლის დამოუკიდებლობის ისტორიის, ამ პერიოდში გატარებული რეფორმებისა და რუსეთის ბარბაროსული თავდასხმის შესახებ.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 30 სექტემბრის ჟურნ. „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) იუწყება, რომ ბელგიის კომუნისტური ჯგუფის ორგანომ, ბრიუსელის გაზ. „ექსპლუატემ“ დაბეჭდა მიხა ცხაკაიას 2 წერილი საქართველოს შესახებ. პირველში ავტორი ამტკიცებს, რომ ქართველი ხალხი წინააღმდეგია ნოე ჟორდანიას მთავრობისა, რომელიც ტერორს ეყრდნობოდა, მეორეში კი აღწერილია სოციალისტურ ინტერნაციონალისტთა დელეგაციის მოგზაურობა საქართველოში, მათ მუშები და გლეხობა მტრულად შეხვდა. ასეთი ტყუილებით ფიქრობენ კომუნისტები იმ შთაბეჭდილების შესუსტებას, რომელიც საქართველოზე მათმა ყაჩაღურმა თავდასხმამ მოახდინა ევროპის პროლეტარიატზე? – ნათქვამია წერილში.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 30 სექტემბრის ჟურნ. „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) ცნობით, სამსონ კილაძე იყო მესამე დასელი. იგი ჯერ კიდევ სემინარიის წლებში დაუკავშირდა მათ. თავდავიწყებით უყვარდა პარტია და ასრულებდა მის დავალებებს.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 30 სექტემბრის ჟურნ. „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) იუწყება, რომ ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ ორგანოში „სოც.-დემოკრატი“ დაიბეჭდა ვრცელი ინტერვიუ კარლო ჩხეიძესთან საქართველოს ისტორიული მდგომარეობის, სამი წლის დამოუკიდებლობის ისტორიისა და რეფორმების, ასევე რუსეთის ბარბაროსული თავდასხმის შესახებ.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის ჟურნალ „თავისუფალი საქართველო“ (N13) ცნობით, ოქტომბრის დამლევს ბოლშევიკებმა მეტეხის ციხეშიც გააძლიერეს რეპრესიები. ჩეკას გამომძიებელმა ფედორენკომ ტუსაღები ნიკოლოზ ზურაბიშვილი და ნიკოლოზ ჩაბიშვილი ფიზიკურად დასაჯა და კარცერში დაამწყვდია, რადგან უცოდინრობის გამო რუსულად ვერ მისცეს ჩვენება. ამის გამო ტუსაღებმა პროტესტი გამოუცხადეს რევკომისა და ჩეკას წარმომადგენლებს, რაც უყურადღებოდ დატოვეს.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 7 ოქტომბერს მიხეილ (ვალოდია) ხუტულაშვილს სამხედრო საქმეთა კომისრისა და არმიის უფროსის მოადგილის უფლებები მიენიჭა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების სტიპენდიატებმა მურად გულთაიშვილმა და სულეიმან კაიკაციშვილმა სტიპენდიის გაზრდა სთხოვეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 7 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გამოცხადდნენ ნიკოლოზ ჩიგოგიძე და დავით ონიაშვილი. დამსწრეთა სიმცირის გამო კრება გადაიდო. თავმჯდომარის განცხადებით, პირებს, რომლებიც ვერ ახერხებდნენ მოვალეობის შესრულებას, ამის შესახებ გამგეობისთვის ოფიციალურად უნდა ეცნობებინათ, რათა ახალი დელეგატები შეერჩიათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 7 ოქტომბერს პარიზის სოციალისტურ გაზეთ „ლა ფრანს ლიბრში“ დაბეჭდილ ცნობაში „ხალხის ნების წინააღმდეგ“ ნათქვამია, რომ II ინტერნაციონალის მდივანმა რამსეი მაკდონალდმა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ისგან მიიღო ლანძღვით სავსე პასუხი რუსეთის კომუნისტებისადმი მიმართულ წინადადებაზე, ყველა ქვეყნის სოციალისტებისა და კომუნისტებისგან შეედგინათ კომისია, რომელიც თავისთავზე აიღებდა ქართველი ხალხის თავისუფლად დაკითხვას მისთვის სასურველი მთავრობის ფორმის შესახებ. მაკდონალდს პასუხი გადასცა კლიუჩკომ, ლონდონში რუსეთის კომერციული დელეგაციის წევრმა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 9 ოქტომბერს დაასაფლავეს ყოფილი სამხედრო მინისტრი პარმენ ჭიჭინაძე, რომელიც გარდაიცვალა თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 9 ოქტომბერს შტატის შემცირების მიზეზით თბილისში დაითხოვეს 160-მდე მუშა, ხოლო ნავთლუღ-კახეთის გზებიდან – 100-მდე. მირონოვმა შეიმუშავა ახალი პროექტი, რომლის თანახმადაც 860 მუშა უნდა გაეთავისუფლებინა, ამავე დროს რუსეთიდან იწერდა ახალ მუშებს, რომელთა ერთი ნაწილი უკვე ჩამოვიდა საქართველოში და ქართველების ადგილი დაიკავა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა წიგნების ფასების მომატებას. გამგეობამ პრეზიდიუმს მიანდო ამ საკითხის მოგვარება. გვერდისთვის ნორმა უნდა ყოფილიყო სამი თუმანი, უფრო მცირე ფორმატზე ორი თუმანი და თხუთმეტი მანეთი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას საზოგადოების სტიპენდიატები მურად გულთაიშვილი და სულეიმან კაიკაციშვილი სთხოვენ სტიპენდიის გაზრდას. იმ დროისთვის თითოეული თვეში 2000 მანეთს იღებდა. გამგეობამ გადაწყვიტა, გაეზარდა სტიპენდია 5000 მანეთამდე.

