რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი მზარდობით
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ექიმმა სოკოლოვმა კავკასიის საექიმო საზოგადოებას განუცხადა, რომ 1875 წელს 100 გარდაცვლილ ადამიანში 40 ადამიანი გარემოდან მიღებული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ქალაქში არსებული ბუნებრივი პირობები იყო და მათ შორის უპირველესი მდინარე მტკვარი გახდა, რომლის უსუფთაობისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობის გამოც არაერთი ადამიანი დაავადდა და გარდაიცვალა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის აპრილის მეორე ნახევარში დიმიტრი ყიფიანი, ნიკო ცხვედაძე, ბესარიონ ღოღობერიძე და იაკობ გოგებაშვილი ილია ჭავჭავაძის სახლში შეიკრიბნენ. მათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პროექტი განიხილეს და მასში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის აპრილის დასაწყისში ალექსი წერეთელმა, თურქეთში რუსეთის იმპერიის ვიცეკონსულმა, მეუღლის, მარინა უსპენსკაიას ხელით ილია ჭავჭავაძეს ბარათი გაუგზავნა. წერეთელი ილიას რუსეთსა და თურქეთს შორის შესაძლო ომის დაწყების შემთხვევაში პეტერბურგისთვის ტელეგრამით ინფორმაციის გაგზავნას სთხოვდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის აპრილში ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილმა ნახა რუსეთის მთავრობის მოწოდება, რომელშიც ქართველ ერს ხოტბა ჰქონდა შესხმული. მან ამ სიტუაციით ისარგებლა და პეტერბურგის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წესდების გამოგზავნა სთხოვა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1875 წლის 1-ელ იანვრამდე 18 ოლქში 22 389 დაწყებითი სასწავლებელი არსებობდა, სადაც 754 655 ბიჭი და 165 252 გოგო სწავლობდა. სასწავლებლების ფუნქციონირებისთვის სახელმწიფო ხაზინიდან 828 848 მანეთი და 82 კაპიკი იხარჯება, ერობისგან – 1 660 793 მანეთი და 3 კაპიკი, ქალაქებისგან – 660 937 მანეთი და სოფლის საზოგადოებისგან – 1 467 123 მანეთი და 20 კაპიკი.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ავსტრიის სლავები, რომლებიც გერმანიის მეზობლად ცხოვრობდნენ ძალინ წუხდნენ თავიანთ ბედზე, რადგან თავად გერმანია ტერიტორიის გაფართოებისთვის იბრძოდა. სლავები, სახელდობრ ჩეხები კი ცდილობდნენ პრუსიასთან დამეგობრებას, რაც მათი აზრით ავსტრიას შეაშინებდა, გერმანიისთვის ეს ამბავი მეტად სასიხარულო იყო, მაგრამ ჩეხეთის ახალმა თაობამ დაგმო ძველი თაობის ინიციატივა და მას უგუნური გადაწყვეტილება უწოდა.

