რეგისტრირებული ფაქტები81238
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა ახუთის სკოლის მასწავლებელ დიმიტრი ბერულავას მისწერა, რომ მის მიერ პირველ მარტს გაკეთებული მოხსენების (N6) საფუძველზე და გამგეობის 29 აპრილის გადაწყვეტილებით (N31) ეგზავნებოდა შემდეგი წიგნები და სასწავლო ნივთები: 2 ახალი აღთქმა, 2 „ბუნების კარი“, 5 როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“, 3 ევტუშევსკის „არითმეტიკული გამოცანები“ (ქართულად), 25 ასპიდის დაფა, 25 სახაზავი, 1 კოლოფი გრიფილი და ფანქრები. დანარჩენი ნივთების გაგზავნაზე სკოლას უარი უთხრეს არქონის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 აგვისტოს ახუთის სკოლის მასწავლებელმა, დიმიტრი ბერულავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 29 აპრილის გადაწყვეტილების (N31) თანახმად გაგზავნილი 12 მანეთის ღირებულების წიგნები და სასწავლო ნივთები მიიღო.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს გიორგი ცერცვაძე მუშაობდა მასწავლებლად სენაკის მაზრის სოფელ კირცხში.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს მიხეილ სპირიდონის ძე გიორგობიანი მუშაობდა მასწავლებლად სოფელ ბუგეულში.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 19 დეკემბერს შილდის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა გიორგი აღნიევმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 31 იანვარს მიიღო შემდეგი წიგნები: ი. გოგებაშვილის „დედაენა“ – 12 ეგზემპლარი, ახალი აღთქმა ქართულ ენაზე – 1, დ. ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“ – 2, თბილისის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება – 2, „პატარა ბიბლიოთეკა“ – 2, ი. როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ – 2, სოლომონ ლიონიძის „გლოვა ირაკლი მეორისა“ – 2, ორბელიანის ლექსები – 2, ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 2, „დარიგება მასწავლებელთა და მშობელთათვის“ – 1, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები – 3, გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“– 2, „ლოცვები“ – 3, დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“ – 3, რ. ერისთავის „იგავ-არაკნი“ – 2, დ. ბაქრაძის „მიტრიდატ დიდი მეფე პონტისა“ – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ბაგრატ IV“ – 1 ან 2, „თ. ალექსანდრე ჯამ.-ორბელიანის ნაწერი და ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“– 1, ა. ორბელიანის „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო“ – 1, გრ. რჩეულოვის „ანუკა ბატონისშვილი“ – 1 , „არსენას ლექსი“ – 1, „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“ – 1, პლ. იოსელიანის „ქართული ღრამატიკა“ – 1, ანთ. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“ – 1, ივანე კერესელიძის ლექსები – 1, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“ – 1, „ხორველის ლექსი“ – 1, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ვახტანგ VI “ – 1, ი. ჭავჭავაძის „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდგან“ – 1, ი. ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებული“ – 1, ი. დავითაშვილის ლექსების კრებული „სტვირი“ – 1.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 1-ლ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ კისისხევ-ნასომხარის სასოფლო სკოლის ოსტატ დავით რცხილაძისგან მიღებულ წერილს თან ერთვოდა გამგეობისგან აპრილში გამოგზავნილი წიგნების სია: წმინდა სახარება – 1, ი. გოგებაშვილის „დარიგება მასწავლებლისათვის“ – 2, დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“ – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე“ – 2, გრიგოლ ორბელიანის ლექსები – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ვახტანგ მეექვსე“ – 2, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები – 3, დ. ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“ – 2, პლ. იოსელიანის „პირველ დაწყებითნი კანონნი ქართულის ღრამატიკისა“ – 1, „იგავ-არაკნი გადმოთარგმნილნი და გადაკეთებულნი რუსულიდგან ქართულად და გალექსილნი რაფიელ ერისთავისაგან“ – 2, დ. ბაქრაძის „პონტის მეფე მიტრიდატ დიდი“ – 3, ივანე როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ – 2, სოლომონ ლიონიძის „გლოვა ირაკლი მეორისა“ – 2, „პატარა ბიბლიოთეკა“, წიგნი პირველი – 2, ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 2, გოგებაშვილის „დედა ენა“ – 5, მიხეილ ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“ – 1, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო ანუ თავდადება ქართველთა“ – 1, ილია ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებული“ – 1, გრ. რჩეულოვის „ანუკა ბატონისშვილი, ისტორიული მოთხრობა“ – 1, „თ. ალექსანდრე ჯამ.-ორბელიანის ნაწერი და ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“ – 1, „ლოცვანი“ – 3, ანთ. ჯუღელის „ამბები სოფლის ცხოვრებიდამ, ყრმათათვის“ – 2, ივანე კერესელიძის ლექსები – 1, „არსენას ლექსი“ – 1, ავენაროესის „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“ – 1, იოსებ დავითაშვილის „სტვირი“ – 1, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“ თარგმნილი რუსულიდან ბარბარე თუმანიშვილისაგან – 1, ანთ. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“ – 1, „იგავ-არაკნი, გამოკრებილნი სიბრძნე-სიცრუიდგან და გალექსილნი თ. რაფიელ ერისთავისაგან“, ილია ჭავჭავაძის „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ – 1.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 1-ლ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მიიღო კისისხევისა და ნასომხარის სასოფლო სკოლის ოსტატ დავით რცხილაძის ცნობა, რომ სკოლას აწუხებდა უქონლობა შემდეგი ნივთებისა: სკოლის ავეჯი მოსწავლეთათვის, მცენარეთა და ცხოველთა სურათები, საქართველოს რუკა, დედამიწის სფერო, 20 ეგზემპლარი გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“ და სხვადასხვა საკითხავი წიგნები.