საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81403

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 13 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 13 ნოემბერს ქუთაისის თეატრში გამართულ ნატალია ჯავახიშვილის ბენეფისზე პიესა „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 11 ნოემბერს სახალხო სახლში ქართულმა წარმოდგენების მმართველმა წრემ წარმოადგინა იუშკევიჩის პიესა „მეფე“ კოტე ხახანაშვილის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ანა ჩირგაძის, ალექსი მეტრეველის, ნიკო გოცირიძის, ი. მინდიაშვილის, მ. რომანიშვილისა და სხვ. მონაწილეობით.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 10 ნოემბერს სამსონ სოლომონის ძე მეტრეველი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების გამგეობის წევრად აირჩიეს.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 10 ნოემბერს ხარფუხის სახალხო აუდიტორიაში ხარფუხის სცენისმოყვარეთა წრის სხდომაზე თეოფილე კეკელიძე გამგეობის წევრად აირჩიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 10 ნოემბერს სახალხო თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით ალექსანდრე სუმბათაშვილის დრამა „ღალატი“ წარმოადგინა.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის 10 ნოემბერს 23 წლის პორუჩიკი ნ. ს. ანდრონიკაშვილი გერმანელებთან ბრძოლაში მოკლეს.

1914

ტიპი: მფლობელობა

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილი ეგნატე მამუკას ძე ხრამელაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოები ვაჭარმა იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ მისი გარდაცვალების შემდეგ ჩუმად დააბეჭდვინა სტამბაში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იპილიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ ეგნატე მამუკას ძე ხრამელაშვილმა საზოგადოებას თავისი შედგენილი სახელმძღვანელოები უანდერძა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ეკატერინე თევდორეს ასულმა ასათიანისამ განაცხადა, რომ საზოგადოების სკოლებში დაუშვებელი იყო საღვთო სჯულის რუსულ ენაზე სწავლება.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების გამგეობის თითოეული წევრი პატივსაცემი პირი იყო, მაგრამ საზოგადოების საქმეებისთვის ყველას არ ჰქონდა საკმარისი დრო, რადგან საკუთარი საქმეებით იყვნენ დაკავებულები. გამგეობის წევრების მოუცლელობა კი აზიანებდა საზოგადოებას. ამიტომ, ვისაც დრო ჰქონდა მას უნდა აეღო ისეთი მძიმე საქმე და საპატიო მოვალეობა, როგორიც ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის წევრობა იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ უკმაყოფილება გამოთქვა გამგეობის საქმიანობის შესახებ. მან განაცხადა, რომ ყველაზე მეტი ყურადღება სკოლებს სჭირდებოდა. სკოლებში კურსდამთავრებულებისა და მოსწავლეების რიცხვი მცირე იყო, მიზეზად კი გამოცდილი, მომზადებული და გლეხის მეგობარი მასწავლებლების არარსებობა დაასახელა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას ჰქონდა ვადით შენახული ფულის ბანკის ბილეთები და სახელმწიფო ბანკის პროცენტიანი ქაღალდების მოწმობები. მისი აზრით, შეუძლებელი და მოუხერხებელი იყო სარევიზიო კომისიას ბანკებში ევლო და ბილეთების ავთენტურობა შეემოწმებინა. ასევე სკოლების რევიზია გაეკეთებინა. კარიჭაშვილის აზრით, საზოგადოების გამგეობის შუამდგომლობის გარეშე ბანკის გამგეობა ბილეთების შემოწმების უფლებას არავის მისცემდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრებმა – დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ და ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადეს, რომ შეამოწმეს სალაროს საბუთები, საბუღალტრო წიგნები და ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა. მათი აზრით, შეუძლებელი იყო ბანკებში სიარული და იმის შემოწმება, სალაროს საბუთებს ბანკის მოხელეებმა მოაწერეს ხელი თუ სხვა პირებმა, რადგან ამის უფლებას არც ერთი წესდება არ აძლევდათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა, ირაკლი ივანეს ძე რამიშვილმა და კონსტანტინე დავითის ძე მაღალაშვილმა სარევიზიო კომისიის საქმიანობა გააკრიტიკეს. მათი აზრით, კომისიას გულდასმით, არა ზედაპირულად, უნდა შეემოწმებინა საზოგადოების ქონება, დაწვრილებით უნდა განეხილა და შეემოწმებინა ნამდვილად ინახებოდა თუ არა ფული ბანკში და იყო თუ არა ნამდვილი ფულის ის საბუთები, რომლებიც სალაროში ინახებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრმა გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განმარტა თუ რატომ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი ზოგიერთ სკოლაში რუსულ ენაზე. მან განაცხადა, რომ ზოგიერთი სკოლის მოხელეები წინააღმდეგობას უწევდნენ გამგეობის მიერ ქართულ ენაზე სწავლების მოთხოვნას და საზოგადოებას დახურვას უპირებდნენ. სწორედ სკოლების მოხელეების წინააღმდეგობა იყო მიზეზი ზოგიერთ სკოლაში რუსულ ენაზე სწავლებისა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ სკოლებში საგნების რუსულად სწავლება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ქართული ენის მიმართ გულგრილი მოპყრობა უნდა დასრულებულიყო და გამგეობას საზოგადოების წესდების ის მუხლი უნდა მოეყვანა სისრულეში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო გამართულიყო მასწავლებლების კრება, სისტემატური კურსები, ექსკურსიები და სხვა. მისი აზრით, საჭირო იყო საქმის მოყვარული და ენერგიული ხალხი მიეღოთ საზოგადოების წევრებად, რომლებიც ინიციატივას გამოიჩენდნენ და ენერგიულად გაუძღვებოდნენ საქმეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ გამგეობას სკოლებისთვის სანიმუშო პროგრამები ჰქონდა შედგენილი, რაც მეტ-ნაკლებად ემთხვეოდა პედაგოგიურ მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც ყველა საგანი მშობლიურ ენაზე უნდა ესწავლებინათ, მაგრამ ზოგიერთ სკოლაში საღვთო სჯულსა და არითმეტიკას რუსულად ასწავლიდნენ, რაც დაუშვებელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ საზოგადოების მიზანი იყო ჩაეტარებინა ლექციები და კურსები, მოეწვია მასწავლებლები და გაემართა სახალხო შეხვედრები. გამგეობას კი ეს ყველაფერი არ ჰქონდა განხორციელებული.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ გამგეობის წევრები კრებას არ ესწრებოდნენ, რაც დაუშვებელი იყო. მისი აზრით, გამგეობას ინიციატივა უნდა გამოეჩინა, შეედგინა სამოქმედო გეგმები და წარედგინა საზოგადოების კრებისთვის. ასევე საჭირო იყო გამგეობის ახალი წევრები გაეფრთხილებინათ, რომ ან პირნათლად შეესრულებინათ თავიანთი საქმე ან უარი ეთქვათ გამგეობის წევრობაზე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების მაღაზიის, საწყობისა და საქმის წარმოების საქმეები მოწესრიგებული იყო, მაგრამ ქონება დაზღვეული არ იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ ბიბლიოთეკები არ იყო კარგ მდგომარეობაში. მისი აზრით, საზოგადოებას პირველ რიგში უნდა დაედგინა კარგი ბიბლიოთეკის კრიტერიუმები, გაერკვია რომელი დარგისა და ავტორის წიგნები იყო ხალხისთვის საინტერესო და შემდეგ უნდა გადაეწყვიტა, გამგეობისთვის მომავალში მიეცა თუ არა ახალი ბიბლიოთეკების გახსნის უფლება.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ გამგეობას არ ჰქონდა სამოქმედო გეგმა, არ იცოდა უნდა გაეხსნა თუ არა ახალი სკოლები და როგორი ტიპის უნდა ყოფილიყო ისინი. სკოლები ცუდ მდგომარეობაში იყო, მასწავლებლებიც არ იყვნენ დალხენილები. ამიტომ, შალვა ქარუმიძის აზრით, ჯერ არსებული სკოლების მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო და შემდეგ უნდა გახსნილიყო ახალი სკოლები.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობდა ისეთი მიუვალი კუთხეები, სადაც უბრალო წერილის წამკითხველიც კი რთული მოსაძებნი იყო და მისი აზრით, წერა-კითხვის გავრცელება მიუვალ კუთხეებში უფრო სასარგებლო საქმე იყო, ვიდრე საზოგადოების მატერიალური სახსრებით ორი-სამი სკოლის დახმარება.