საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87756

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 18 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების სოფელ ღორეშას სამკითხველოს გამგე ნიკოლოზ ორჯონიკიძე, გამგეობის წევრები: სვიმონ ჭუმბურიძე, იოსებ ორჯონიკიძე, არისტოფანე რამინაშვილი და მაქსიმე გაჩეჩილაძე მთავარ გამგეობას სამკითხველოსთვის ქართულ წიგნებს სთხოვენ.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 17 აგვისტოს ანეტა ქიქოძემ ქრისტინე შარშიძეს თბილისიდან ბახვში გაგზავნილი ღია ბარათით აცნობა, რომ გამოცდები დაიწყებოდა სექტემბერში და იქნებოდა კვირაში ორჯერ – ორშაბათობით და პარასკეობით.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 12 აგვისტოს ქუთაისის მაზრის თავად-აზნაურთა ყოფილმა წინამძღოლმა დავით ოტიას ძე ნიჟარაძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის გუბერნატორს ქუთაისის მაზრის სამხედრო ვალდებულთა საკრებულოს რევიზიის შედეგებთან დაკავშირებით.

1911

ტიპი: ღონისძიება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის საპროტოკოლო დადგენილების საფუძველზე შედგენილ 13 პუნქტიან ხელშეკრულებას ხელს აწერენ, ერთი მხრივ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და, მეორე მხრივ - იტალიის სამეფოს ქვეშევრდომი ლუჩიანო დე ბლასი (დეპლასი). ეს უკანასკნელი კისრულობს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასადგმელად საჭირო 5000 მანეთად ღირებული სამუშაობის წარმართვას ინჟინერ პეტრე მამრაძის პროექტითა და მისივე ზედამხედველობით. ნაკისრი ვალდებულების შესრულების თარიღად დათქმულია 29 აგვისტო (უკანასკნელი ვადაა 15 სექტემბერი). პირობის დარღვევის შემთხვევაში დე ბლასიმ წერა-კითხვის საზოგადოებას უნდა დაუბრუნოს მიღებული თანხა და გადაუხადოს პირსაგამტეხლო 500 მანეთი, რის შემდეგაც გამგეობა უფლებამოსილი იქნება საკუთარი შეხედულებისამებრ აირჩიოს სხვა შემსრულებელი. წინამდებარე ხელშეკრულების ნოტარიალურად გაფორმებას მხარეები 1911 წლის 10 აგვისტომდე გეგმავენ.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 10 აგვისტოს მიხეილ კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მის მიერ გამოცემული დავით კლდიაშვილის თხზულებათა ორტომეულის შესყიდვა სთხოვა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 18 აგვისტოს გურიის მცხოვრებლებმა – დიომიდე გიგინეიშვილმა, ნიკიფორე ჩარგეიშვილმა და გიორგი თალაკვაძემ – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თავიანთი ხარჯით სამკითხველოს გახსნა სთხოვეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 10 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კავკავის სკოლის განყოფილების გამგე მიხეილ გრიგოლის ძე შვილევმა სკოლის ახალ პედაგოგად მოსე ბურჯანაძის დანიშვნა შეატყობინა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 10 აგვისტოს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს ილიასეული საგურამოს მამულის მოიჯარადეებმა ა. ი. კოპტევმა და ე. სტაუგაიტისმა მათზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ აცნობეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და დახმარება სთხოვეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 აგვისტოს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარე სვიმონ წერეთელი იყო, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ მზად იყო ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 100 მანეთი გაეღო.

1911

ტიპი: თანამდებობა

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილებას (თავმჯდომარე – ი. შვილევი) ატყობინებენ, რომ 1911 წლის 10 აგვისტოს დადგენილებით მთავარმა გამგეობამ ვარლამ ბურჯანაძე მიიჩნია კავკავის ქართული სკოლის უფროსი მასწავლებლის სასურველ კანდიდატურად.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 7 აგვისტოს ვლადიკავკაზიდან გაგზავნილ დეპეშაში იოსებ შვილევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის მთავარ გამგეობას სთხოვდა, კავკავის ქართულ სკოლაში უფროსი მასწავლებლობის სამი მსურველიდან – სერგეი რუხაძე, ტრიფონ შუბლაძე და ვარლამ ბურჯანაძე – ერთ-ერთი დაემტკიცებინათ.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 5 აგვისტოს ინჟინერ პეტრე მამრაძეს, ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის ჩანაწერთა გასავლის ნაწილის მიხედვით, 1 100 მანეთი მისცეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 1-ლ აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ბაქოს განყოფილების ხაზინადარი ვასილ ხუჭუა ფილიალის სახელით 100 მანეთს უგზავნის თბილისის გამგეობას ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად და შემომწირველთა სიის გამოქვეყნებას სთხოვს გაზეთში. შემომწირველთა შორის არიან: ს. კვიტაშვილი -10 მან., ა. ბერელაშვილი -10 მან, ა. ჯინჭარაძე (ჭინჭარაძე) -10 მან., ნ. ჯაყელი -10 მან., კ. ლორთქიფანიძე -10 მან, გ. ქებაძე -5 მან., ვ. ახვლედიანი -5 მან., ა. გოცირიძე -5 მან., ლ. გოცირიძე -5 მან., ა. ალხაზიშვილი -4 მან., პ. გელოვანი -3 მან., ვ. ხუჭუა -2 მან., მ. კალანდარიშვილი -2 მან., ლ. აბდუშელიშვილი -1 მან.50 კაპ., ვ. ჩიკვაიძე -1 მან.50 კაპ., დ. თედეშვილი -1 მან., მ. შენგელია -1 მან.

პირები
წყარო

1911

ტიპი: გარდაცვალება

1911 წლის 1-ელ აგვისტოს სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი მოსე მიხეილის (მიქაელის) ძე ლეჟავა გარდაიცვალა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის აგვისტოში ქუთაისის საადგილმამულო ბანკის გამგეობამ და ზედამხედველმა კომიტეტმა იაკობ ფანცხავა თბილისში მიავლინა ამავე ბანკის თბილისის განყოფილების გამგედ.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 31 ივლისს ყვარელში, იური ჭავჭავაძის სახლში, ილიას დღე გამართეს. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ შალვა დადიანი და ელო ანდრონიკაშვილი.

1911

ტიპი: მფლობელობა

1911 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით მუზეუმის ასაშენებლად ვერაზე, ფიქრის გორაზე, 60000 მანეთად 4656. 75 საჟენი მიწა შეიძინა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 18 ივლისს თბილისის სამეურნეო საურთიერთო ნდობის საზოგადოების საბჭომ, რომლის თავმჯდომარე გრიგოლ ყიფშიძე იყო, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 100 მანეთი გამოუყო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 18 ივლისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მდივანმა, ილია ზურაბიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ თავადაზნაურობა ინჟინერ მამრაძის ილია ჭავჭავაძის ძეგლის პროექტისთვის 2 500 მანეთს ვერ გამოყოფდა, მაგრამ იმედოვნებდა, რომ პირველივე საგანგებო საგუბერნიო კრება გაითვალისწინებდა მათ შუამდგომლობას და 1912 წლის შემოსავლიდან საჭირო თანხას მოიძიებდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 16 ივლისს გრიგოლ ბურჭულაძემ საზოგადოების სახელით თბილისის სათავადაზნაურო ბანკს დახმარება სთხოვა. ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმა ახალი პროექტით 6 000 მანეთამდე ჯდებოდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კი 1 000 მანეთი ჰქონდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს სთხოვა, თავად-აზნაურთა სადეპუტატო საკრებულოსთან ეშუამდგომლა, რათა მათ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 2 500 მანეთი გადაერიცხათ.