საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80220

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ივანე თევდორეს ძე ფხაკაძე, ვერა ბეჟუკის ასული ფირცხალაიშვილი, ვარლამ იოსების ძე ფურცხვანიძე, ფილიპე მაქსიმეს ძე ფარჯნაძე, სპირიდონ მაქსიმეს ძე ფირცხალავა, დომენტი ფირცხალაშვილი, სოფიო ფალიაშვილი, ყარამან ქვინთელია, ნესტორ გრიგოლის ძე ქორიძე, ნესტორ ქუთათელაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქართველიშვილი, ვლადიმერ საბას ძე ქაბზიანიძე, რუბენ ქევანაშვილი, ლადიკო გიგოს ძე ქანთარია და მარიამ ნიკოლოზის ასული ქადაგიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს ვარლამ ლევანის ძე ტაბატაძემ, დავით პავლეს ძე პაპიშვილმა, ვალერიან ლადოს ძე ნაჭყებიამ, ლიუბა გელაშვილმა და სოფიო ბართლომეს ასულმა იორდანიშვილმა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 17 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ცხინვალის განყოფილების საზოგადო კრებაზე აირჩიეს დამხმარე კომისიის წევრები: ბიძინა ბაგრატის ძე დავითიშვილი, გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი, ნიკოლოზ სვიმონის ძე გელაძე და მიხეილ დავითის ძე კობალაძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა შეატყობინა, რომ თებერვალში მან მთავარ განყოფილებას სასამართლოში წარსადგენად ეკატერინე ორჯონიკიძის ანდერძი გაუგზავნა. ანდერძის მიხედვით, ცხინვალის განყოფილებას ორჯონიკიძემ 3 000 მანეთად შეფასებული 45 დღიური მიწა უანდერძა. 20 მარტს ანდერძს ვადა გასდიოდა, ამიტომ დედანაშვილი ბურჯანაძეს სთხოვდა, თუ მთავარ გამგეობას სასამართლოში ანდერძი არ ჰქონდა წარდგენილი, თებერვალშივე წარედგინა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წევრმა გრიგოლ რცხილაძემ მოახსენა შემდეგი: გამგეობამ მას დაავალა ცხინვალის განყოფილებისგან მიღებული ეკატერინე მალხაზის ასული ორჯონიკიძის ანდერძის საოლქო სასამართლოში წარდგენა. ანდერძის თანახმად, ცხინვალის განყოფილებას ეკუთვნოდა 50 დღიური მამული სოფელ წყნარში სკოლის გასახსნელად. ანდერძი 1915 წლის 21 აგვისტოს ეკატერინე ორჯონიკიძის თხოვნით შეუდგენია დეკანოზ იროდიონ ოქროპირიძეს, რომელსაც ხელი მოუწერია ანდერძზე ორჯონიკიძის მაგივრად. რცხილაძის თქმით, ოქროპირიძე იყო როგორც ანდერძის გადამწერი, ასევე ხელის მომწერიც მეანდერძის მაგივრად. კანონთა კრებულის მეათე ტომის 1048-ე მუხლის მიხედვით, ერთი და იგივე პირს არ ჰქონდა უფლება, ერთდროულად ანდერძის გადამწერიც ყოფილიყო და მოანდერძის მაგივრად ხელის მომწერიც. რცხილაძის აზრით, სწორედ ამ მიზეზით არ დაამტკიცებდა სასამართლო ანდერძს და ანდერძის წარდგენისთვის საჭირო თანხაც ტყუილად დაიხარჯებოდა. ყოველივე ამის გამო რცხილაძე ურჩევდა გამგეობას, სათანადო განმარტების თანხლებით, უკან გაეგზავნა ცხინვალის განყოფილების გამგეობისთვის ანდერძი და მასთან ერთად წარმოდგენილი სხვა დოკუმენტი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა ეკატერინე მალხაზის ასულ ორჯონიკიძის ანდერძი, ანდერძის რუსული თარგმანი და მეანდერძის დაბადებისა და გარდაცვალების ცნობა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა არჩილ დედანაშვილმა სთხოვა განკარგულების გაცემა ეკატერინე ორჯონიკიძის ანდერძის თბილისის საოლქო სასამართლოში წარდგენის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობას გიორგი ზიკოს ძე დედანაშვილმა ამცნო, რომ მთავარი გამგეობისგან მიიღო შემდეგი საბუთები: 1915 წლის 21 აგვისტოს შედგენილი ეკატერინე მალახაზის ასული ორჯონიკიძის ანდერძი, იმავე ანდერძის რუსული თარგმანი, 1916 წლის 20 თებერვლით დათარიღებული ეკატერინე ორჯონიკიძის დაბადებისა და გარდაცვალების მეტრიკული მოწმობა, ვექილ რცხილაძის აზრი ანდერძის უკანონოდ შედგენის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა 1915 წლის მოქმედების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ცხინვალის განყოფილების გამგეობამ მუშაობა დაიწყო 1914 წლის 22 ნოემბერს. 1915 წელს 14 სხდომა ჩაატარა და 8 საქმე განიხილა, სხდომებზე ყოველთვის სრული დასწრება იყო. ამ წელს არ ჩატარებულა არც ერთი საზოგადო კრება. 1915 წელს ცხინვალის განყოფილებას სკოლა და ბიბლიოთეკა არ ჰქონდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა სთხოვა, ეცნობებინა მისთვის, რა ზომები მიიღო მთავარმა გამგეობამ ორჯონიკიძის ანდერძის საქმესთან დაკავშირებით. დედანაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღება საჩქარო იყო, რადგან სასამართლოში ანდერძის წარსადგენად დადგენილი ორი თვის ვადა იწურებოდა და წლიური ვადის დაკარგვის საფრთხე იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ცხინვალის განყოფილების მდივანმა არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, ცხინვალის განყოფილების გამგეობამ მოქმედება დაიწყო 1914 წლის 22 ნოემბერს. სხდომა ჩატარდა ოთხჯერ, გამგეობას გაურჩევია ოთხი საქმე, სხდომებზე დასწრება ყოველთვის სრული იყო. 1914 წელს ჩატარდა ერთი საზოგადო კრება, კერძოდ 17 ნოემბერს, რომელზეც აირჩიეს გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრები. კრების ოქმი კრების თავმჯდომარემ მაშინვე გადაუგზავნა მთავარ გამგეობას. ცხინვალის განყოფილების წევრთა რიცხვი და ვინაობა უკვე ჩართული იყო მთავარი განყოფილების საკვიტანციო წიგნში საწევრო გადასახადთან ერთად. 1914 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ცხინვალის განყოფილების მიზანი იყო ცოტაოდენი ქონების დაგროვება ბიბლიოთეკისა და სკოლის გასახსნელად და ღარიბი მოსწავლეების დასახმარებლად. იმ დროისთვის დაბა ცხინვალში საზოგადოების ცხინვალის განყოფილებას არც სკოლა გააჩნდა და არც ბიბლიოთეკა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა 1915 წლის შემოსავლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, განყოფილებას ამ წელს საწევრო გადასახადით 27. 52 მანეთი შეუვიდა, ყულაბებით – 20, სეირნობიდან და საღამოს კონცერტ-წარმოდგენებიდან – 615. 14, სპეციალური შემოწირულობებიდან – 49. 35 მან. სულ ცხინვალის განყოფილების 1915 წლის შემოსავალი 960. 31 მანეთს შეადგენდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წევრმა თ. კიკვაძემ მოახსენა, რომ ის არ ეთანხმებოდა 13 მაისის სხდომაზე თავმჯდომარის დ. კარიჭაშვილის წინადადებით მიღებულ დადგენილებას წლიური კრების გადატანის შესახებ. კიკვაძისთვის მიუღებელი იყო აზრი, თითქოს კრების დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობისათვის საზოგადოების არსებობისა და ფუნქციონირების კიდევ ერთხელ შეხსენება, გამოიწვევდა სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების დახურვას. მისი თქმით, კიდევ დასაშვები იქნებოდა, კარიჭაშვილის შიში ობიქტური ხასიათის რომ ყოფილიყო, მაგრამ თავმჯდომარეს არაერთხელ განუცხადებია, რომ კიკვაძეს კრების დაჩქარებით მოწვევა მის გასაშვებად სურდა. ამიტომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კარიჭაშვილი მუდამ ცდილობდა ამ საქმის გაჭიანურებას და მიაღწია კიდეც თავის მიზანს. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ხელმძღვანელი პირადი მიზნით აუქმებდა საზოგადო დაწესებულებას. ამის ნათელი მაგალითი იყო წიგნების გამომცემელი „ქართველთა ამხანაგობის“ ისტორიაც. კიკვაძე დიდი ხანია ამტკიცებდა, რომ იმდროინდელი ხელმძღვანელობის ხელში საზოგადოება ვერ აიცილებდა თავიდან გაკოტრებას. უკვე თითქმის გაკოტრებული საზოგადოების გადარჩენა კიდევ შეიძლებოდა. კიკვაძისთვის გასაგები იყო, რატომ უარყო გამგეობამ იმავე სხდომაზე მისი წინადადება „დედა ენის“ პირველი, მეორე ნაწილებისა და „აკიდოს“ პირველი ნაწილის სასწავლო კომიტეტში წარდგენის შესახებ. ის წინადადება სხვას რომ შეეტანა გამგეობაში, უეჭველ დასტურს მიიღებდა, მაგრამ რადგან კიკვაძე ოპოზიციას წარმოადგენდა, მისი წინადადება უარყოფილ იქნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წევრმა თ. კიკვაძემ მოახსენა, რომ მისთვის მიუღებელი იყო გამგეობის გადაწყვეტილება იპ. ვართაგავას „სიტყვიერების თეორიის“ კერძო პირისთვის, ნიკოლოზ ქუთათელაძისთვის გადაცემის შესახებ. მისი თქმით, გამგეობამ ბოლო ათი ათასი მანეთი მისცა ქუთათელაძეს ამ წიგნის დაწუნებისთვის. შეიძლებოდა წიგნის გადაგზავნა პირდაპირ სასწავლო კომიტეტში, სადაც ის განსახილველად გადაეცემოდა იმავე ქუთათელაძესა და კიდევ სხვა რეცენზენტს. ამით საზოგადოება ათი ათას მანეთს დაზოგავდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას დ. კარიჭაშვილმა მოახსენა თავისი მოსაზრებები საზოგადოების წევრ თ. კიკვაძის განცხადებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ტყული იყო, რომ რწმუნებულთა კრების მოწვევა თავმჯდომარის წინადადებით გადაიდო. კიკვაძე ითხოვდა კრების 20 ივნისისთვის დანიშვნას. კარიჭაშვილი დაემორჩილა საზოგადოების წესდებას, რომლის მიხედვით, რწმუნებულთა კრება უნდა დანიშნულიყო საზოგადო კრებამდე ერთი თვით ადრე. ვინაიდან რწმუნებულებიც კი არ იყვნენ არჩეულნი, რწმუნებულთა კრების დანიშვნა სრული უაზრობა იქნებოდა. აქ არ იყო ლაპარაკი არანაირ გადადებაზე. კარიჭაშვილის თქმით, ის მოქმედებდა კანონიერად და ამ წესებს არასგზით არ დაარღვევდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას დ. კარიჭაშვილმა განუცხადა, რომ 13 მაისის სხდომაზე მთავრობის მხრიდან საზოგადოების დახურვაზე არავის არ უსაუბრია. თქმული იყო მხოლოდ ის, რომ საბჭოთა მართვა-გამგეობის სისტემა არ სცნობდა კერძო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და ყველაფერს სახელმწიფოს უქვემდებარებდა, კონტროლსაც აწესებდა და ხელმძღვანელობასაც თვითონ აწარმოებდა. შესაძლებელი იყო სახელმწიფოს სრულებით შეეცვალა საზოგადოების ორგანიზაცია. კარიჭაშვილის თქმით, პრეზიდიუმს არანაირი შიში არ გააჩნდა სახელმწიფოს წინაშე, ამაზე მეტყველებდა მისი მოქმედება და მთავრობასთან მიწერ-მოწერა, რომელზეც კიკვაძეც საუბრობდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ამავე საზოგადოების წევრმა თ. კიკვაძემ მიმართა განცხადებით. მისი თქმით 13 მაისის სხდომაზე გამოირკვა, რომ სავსებით შესაძლებელი იყო 13 მაისიდან 20 ივნისამდე რწმუნებულთა არჩევაც და საზოგადო კრების დანიშვნაც. ამით არც წესდება და არც კანონი არ დაირღვეოდა. ხოლო დ. კარიჭაშვილს რომ კრების მოწვევის გადადება უნდოდა, ამას ცხადჰყოფდა მისი აზრებისა და 1920 წლის ქმედებების ობიქტური განხილვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 თებერვალს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ, ექვთიმე თაყაიშვილის დავალების შესაბამისად, საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ძვირფასი ნივთები და მნიშვნელოვანი ხელნაწერები მტრებისგან დასაცავად ყუთებში დაახარისხა. 20 თებერვალს კი მთავრობამ ყუთები დასავლეთ საქართველოში გაგზავნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის მიწერილ წერილს, რომელიც ეხებოდა დასავლეთ საქართველოში ძვირფასი ნივთების გადაგზავნას, დ. კარიჭაშვილმა დაურთო გაგზავნილი ნივთების სია. კერძოდ: აკაკისეული ნივთები, დანომრილი და განაწილებული სხვადასხვა ყუთში, ხახანაშვილისეული ნივთები: 1 თასი, 5 სუფრისა და 3 ჩაის კოვზი, სტანისლავის 2 ორდენი, ანნას 2 ორდენი, ვერცხლის მედალი მეფისკურთხევის სახსოვრად, 2 ოქროს საათი, 2 ვერცხლისა და 1 ოქროს მედალი, 9 ნაჭერი ბრელოკი ქაღალდის კოლოფში, სხვადასხვა ძველი ფული, ყელსაკრავის ქინძისთავი 7 მარგალიტით, 8 ფირუზითა და 1 იაგუნდით, მძივებით ნაკერი ქისა, მრგვალი და სურის სახის, მარგალიტით ნაკერი ნაჭერი 23 ოქროს ღილით. ასევე ცალკე ყუთში ვერცხლის გვირგვინები, ოქონის ხატი, ამ ხატის ჯაჭვი. საეკლესიო მუზუმის ხელნაწერებთან ერთად განთავსდა ხელნაწერები, მათ შორის ტბეთის სახარება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 7 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გამოცხადდნენ ნიკოლოზ ჩიგოგიძე და დავით ონიაშვილი. დამსწრეთა სიმცირის გამო კრება გადაიდო. თავმჯდომარის განცხადებით, პირებს, რომლებიც ვერ ახერხებდნენ მოვალეობის შესრულებას, ამის შესახებ გამგეობისთვის ოფიციალურად უნდა ეცნობებინათ, რათა ახალი დელეგატები შეერჩიათ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წევრმა თ. კიკვაძემ აუწყა, რომ ის არ ეთანხმებოდა გამგეობის დადგენილებას, რომლის საფუძველზე გამგეობას უნდა შეეძინა ნინო ნაკაშიძისგან წიგნი „ჩვენებური ფრთოსნები“ მიღებულ ფასზე 20%-ის დაკლებით. კიკვაძის თქმით, საზოგადოებას უნდა შეეძინა 2000 წიგნზე მეტი, იმ დროს როცა გამომცემელს 500-600 ეგზემპლიარი ჰქონდა გაცემული გასაყიდად. კიკვაძის ანგარიშით, ზარალი 81000 მანეთს შეადგენდა. ნაკაშიძისგან ქაღალდის ფუთების არახელსაყრელ ფასად შეძენასთან ერთად საერთო ზარალი 81000 მანეთს გაუტოლდებოდა. კიკვაძე გამგეობას ადანაშაულებდა პრინციპის შეგნებულად დარღვევაში.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე ავალიშვილი აცნობებს, რომ 5 და 6 იანვარს შესრულებული ზედმეტი სამუშაოსთვის ანაზღაურება ერგება მაღაზიის შემდეგ მომსახურეებს: დევაძეს, გლადიშევს, დანელიას, ბახტაძესა და ავალიშვილს, ხოლო ერთი დღის: ავალიშვილს, ბახტაძეს, დანელიასა და სტეფანოვს. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მაღაზიის მომსახურეებისთვის შესაბამისი ანაზღაურება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნიკოლოზ ჩიგოგიძე, დავით ონიაშვილი, ნინო ნაკაშიძე და იოსებ გიორგობიანი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ბავშვთა კვირის მომწყობი კომიტეტისთვის დახმარების საკითხი განიხილეს. გამგეობამ დაადგინა, კომიტეტისთვის მიეცა ნახევარი მილიონი მანეთი და საზოგადოების მიერ გამოცემული საბავშვო წიგნების თითო ეგზემპლიარი ათ ბიბლიოთეკაში დასარიგებლად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სამსონ კოპინაშვილმა გამგეობას კავკავის ქართულ სკოლაში მასწავლებლის ადგილი სთხოვა. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა დროებით გადადო.