რეგისტრირებული ფაქტები88484
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს პ. კვიცარიძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკის პირველი ნაწილი „ქართული სწორმეტყველება, სასინჯი სახელმძღვანელო“, რომელიც ავტორის დაუკითხავად გამომცემელ ზაქარია ჭიჭინაძეს გადაუკეთებია და ზოგი რამ გამოუტოვებია კიდეც, რაც არასწორი ქმედება იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გამგეობის ნებართვით ალექსანდრე ნებიერიძემ გაზეთ „თეატრის“ ბეჭდვა განაგრძო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ აპრილის დამლევს ან მაისის დამდეგს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ მუშტაიდში გაიმართებოდა ლატარეა-ალეგრი. მსურველებს შესაწირი ნივთი ოლღა ჭავჭავაძის ან საზოგადოების სახელზე უნდა გაეგზავნათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აპრილს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი იმყოფებოდა ოზურგეთში, სადაც დაესწრო მე-3 მეთოფურთა დრუჟინის აღლუმს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სასულიერო სკოლის პედაგოგ პ. კვიცარიძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკის პირველი ნაწილი – „ეთიმოლოგია“ ზაქარია ჭიჭინაძემ დაბეჭდა. წიგნის ფასი 40 კაპიკი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიევქტო კვიცარიძე ქუთაისის სასულიერო სკოლის პედაგოგი იყო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 13 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პოლიციის მე-9 ნაწილში ანასტასია სტასენკომ დამბაჩით თავი მოიკლა.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ცისკარიშვილის სტატია, რომლის მიხედვითაც თელავში მდებარე „დეპოს“ საქმე ახალმა მმართველობამ ჩაიბარა. ასევე, გამგეობამ საზოგადო წევრთა თანხმობით „დეპოში“ დაასაქმა პირი, რომელსაც დღიური შემოსავალ-გასავლის, სხვა დავთრებისა და ვაჭრობაზე თვალყურის დევნება ევალებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 აპრილს თბილისის მოქალაქე გალუსტ ბეგიჯანოვმა პოლიციაში ორი კამეჩი მიიყვანა, რომლებიც არ იცოდნენ ვის ეკუთვნოდა. პოლიციამ კამეჩები სანამ პატრონი გამოუჩნდებოდათ სტეფანე მირზოევს მიაბარა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 აპრილს პოლიციელმა ტიმოფეევმა სცადა დაეკავებინა ციხიდან გაქცეული მიხეილ კირაკოზოვი, მაგრამ დამნაშავემ დაკავების დროს პოლიციელის დაჭრა და ადგილიდან მიმალვა მოახერხა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 აპრილს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვმა გორში ყოფნის დროს მოინახულა ის ადგილი, რომელიც გენერალ-მაიორ ქიშმიშოვმა შეარჩია 1-ლი ზურგის დრუჟინის ყაზარმების ასაშენებლად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 აპრილს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი იმყოფებოდა გორში, სადაც მოინახულა 1-ლი კავკასიის ზურგის საკადრო დრუჟინა და დაესწრო მათ აღლუმს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ პელაგია ნიკოლოზის ასულ ფაღავასა და ანნა რევაზის ასულ ქორქაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ივანოვის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი და 794 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ალექსანდრე და იოსებ თომას ძე თუმანოვებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ოზურგეთში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე ორი სახლი: ერთი – ორსართულიანი და მეორე – ხის ერთსართულიანი, ასევე 163 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გიორგი და დიმიტრი ექვთიმეს ძე წერეთლებსა და ვასილ სიმონის ძე წერეთელს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ბაღის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი, 4 დესეტინა და 245 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

