საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80965

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ამიერკავკასიის ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა პროგრამა, რომელშიც არ იყო აღნიშნული ქალთა სწორუფლებიანობის საკითხი. პროგრამას ხელს აწერდნენ კავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის თავმჯდომარე ხარლამოვი, წევრები: მიხეილ პაპაჯანოვი, მამედ ჯაფაროვი, აკაკი ჩხენკელი და კიტა აბაშიძე. თუმცა, აკაკი ჩხენკელისა (სოციალ-დემოკრატიული) და კიტა აბაშიძის (სოციალ-ფედერალისტური) პარტიები თავიანთ პროგრამებსა თუ ბეჭვდით ორგანოებში აღიარებდნენ ქალთა ხმის უფლებას და სრულ ემანსიპაციას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 მარტს მინისტრთა თავმჯდომარემ, თავადმა ლვოვმა მიიღო ქალთა დელეგაცია ვერა ფიგნერის ხელმძღვანელობით, რომელმაც დასვა საკითხი, საყოველთაო არჩევანთა უფლებაში იგულისხმებოდა თუ არა „განურჩევლად სქესისა“ და გადასცა მთელი დელეგაციის ხელმოწერილი განცხადება. ლვოვმა უპასუხა, რომ ქალთა პოლიტიკური თავისუფლება არავითარ წინააღმდეგობას არ იწვევს და ახალი მთავრობის დროს საყოველთაო არჩევნების უფლებით ქალებიც ისარგებლებდნენ. ამასთანავე დაპირდა, რომ მთავრობა შეიმუშავებდა ახალ ფორმულას ბუნდოვანების გასაფანტად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 ივლისს ბორჯომში ჩასულ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სადგურზე დახვდნენ: ქალაქისთავი ვ. ღლონტი, ახალციხის სამაზრო ერობის თავმჯდომარე ნიკოლაიშვილი და დიდძალი საზოგადოება. იგი ბორჯომიდან აბასთუმანში გამგზავრა, სადაც ადგილობრივ მუსულმანთა დელეგაციას ესაუბრა. მათ მადლობა გადაუხადეს ადგილობრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების მოთხოვნებზე ყურადღებისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს გიორგი ზდანოვიჩის სახელობის სახალხო სახლის საესკიზო პროექტის კონკურსის გამარჯვებულებისთვის დაწესებული იყო პრემიები: პირველი ადგილისთვის 125 000 მანი, მეორესთვის – 100 000, მესამისთვის – 75 000.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს შავი ქვის მრეწველთა საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ჭიათურაში გიორგი ზდანოვიჩის სახელობის სახალხო სახლის აგება იყო დაგეგმილი. ხარჯი ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოს“ უნდა დაეფარა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივლისს თბილისში დაბრუნდა სიფლის მეურნეობისა და სახელმწიფო მამულების ინსპექტორი ეგოროვი, რომელმაც დაათვალიერა წინანდლისა და მუკუზანის რაიონები. მან განაცხადა, რომ ამ რაიონების ვენახებში წვიმის გამო ვაზის ავადმყოფობა უფრო კერძო მესაკუთრეთა ვენახებში გავრცელდა, სახელმწიფო ვენახები ველისციხესა და კარდანახში დაუზიანებელი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს ბათუმიდან დაბრუნდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის დირექტორი სიმონ გეგელაშვილი და ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორი სიმონ ჯაფარიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 მაისის გაზ. „ერთობის“ ცნობით, მიწათმოქმედების სამინისტროს თხოვნით, სამთო სამმართველომ მადნეული წყლების გამოსაკვლევად ინჟინერი და მკვლევარი დ. კონიუშევსკი კახეთში გაგზავნა. ამის შემდეგ კომისია ბორჯომ-აბასთუმანსა და ახალციხე-ახალქალაქში გაიგზავებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივლისს შრომის სამინისტრომ შუამდგომლობა აღძრა მთავრობის წინაშე, მუშათა ორგანიზაციების საჭიროებისთვის ქუთაისში რიჟინაშვილის უძრავი ქონების გადაცემის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის ივლისში თბილისს ეწვივნენ იტალიისა და ბელგიის მსხვილ სამრეწველო ფირმათა წარმომადგენლები: იტალიის სამთო უწყების მრჩეველი ფრანსუა როდრიგერი და სამთო ინჟინერი ფლავიო როდრიგე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით დაიხურა გაზ. „გრუზია“ 90-ე ნომერში დაბეჭდილი წერილისთვის, რომლითაც შეურცხყოფა მიაყენეს საქართველოსთან კეთილგანწყობილ ურთიერთობაში მყოფ რუსეთის წარმომადგენელს საქართველოში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივლისს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი დაბრუნდა დასავლეთ საქართველოდან. მან მოიარა ჭიათურა, ზესტაფონი, ქუთაისი, ტყიბული, ხონი, მარტვილი და სამტრედია, სადაც წაიკითხა მოხსენებები საქართველოსა და ამიერკავკასიის საერთაშორისო მდგომარეობაზე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 ივნისს სოფელ ახალსაყდარში (ოზურგეთის მაზრა) ახალგაზრდა რევოლუციონერი სიმონ ივანეს ძე გუჯაბიძე დაკრძალეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივლისს, საღამოს 9 სთ-ზე, მეორე ქართულ კლუბში, პლეხანოვის ქ. N129-ში, უნდა გამართულიყო საოჯახო საღამო-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ სოფიო გაბაშიძე, გილბერტისა, რისსი, ბ. ბ. ვენაძე, თარხან-მოურავი და ჭუმბურიძე, როიალთან – ჟანა ფალიაშვილი.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 25 ივლისს ბაქოში ბოლშევიკების მიერ მოკლულ თომა კონსტანტინეს ძე ალანიას პანაშვიდს ქაშვეთის ეკლესიაში გადაუხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 18 ივლისს ახალშენ ეკატერინფელდში მოვალეობის აღსრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა ბორჩალოს მაზრის რეზერვის უფროსი მილიციონერი მიხეილ (მიშა) ჯანიაშვილი. იგი გორის მაზრის სოფელ სასირეთიდან იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 18 ივლისს ტრაგიკულად მოკლეს რაჟდენ ყიფიანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს შავი ქვის მრეწველთა საბჭომ გამოაცხადა კონკურსი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ზდანოვიჩის სახელობის სახალხო სახლის საესკიზო პროექტის შედგენაზე.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 23 თებერვალს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს აცნობა, რომ უცხოეთში ყოფნისას ბევრი მოლაპარაკება ჰქონდა და იგი რამდენჯერმე შეხვდა ირაკლი ბაგრატიონის ნაცნობებს.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის თებერვალში რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მას და ნიკოლოზ აფხაზს აკაკი ჩხენკელი მოუწოდებდა, საგარეო საქმეთა სამინისტროში ძველი ნაცნობობა განეახლებინათ.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 23 თებერვალს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ საქართველოს პოლიტიკური საკითხი ბევრმა დაივიწყა. შალვა მაღლაკელიძეს სურდა, რომ გერმანიაში დავით ვაჩნაძესა და ცომაიას ეკეთებინათ ქართული საქმე.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის თებერვალში შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გაჭირვების გამო ვერ მოახერხა ესპანეთში წასვლა. ირაკლი ბაგრატიონმა მას მისწერა, რომ დაგეგმილი მოლაპარაკება რომში გაიმართებოდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 23 თებერვალს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს ურჩია, რომ უკეთესი იქნებოდა თუ „ნოიე ცაიტუნგში“ იმუშავებდა. მისწერა, რომ მიიღო მის მიერ 25 ნოემბერს 120-ე ჟურნალში დაბეჭდილი წერილი სპარსეთის შესახებ.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის თებერვალში ესპანეთში მყოფმა ირაკლი ბაგრატიონმა შალვა მაღლაკელიძეს გაზეთ „ეხოს" ის ნომრები სთხოვა, რომლებშიც პრეტენდენტების შესახებ გაიოზ მაღლაკელიძის წერილები იბეჭდებოდა. მას სურდა, ჟურნალში ბაგრატიონებზეც გამოქვეყნებულიყო სტატია.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 23 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ირაკლი ბაგრატიონი იანვრის ბოლოს რომში არ ჩასულა.