საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80080

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ბათუმში ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების მისიის წარმომადგენელი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის რექტორი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი ჯედსონი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელ დიომიდე თოფურიძეს შეხვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ წერილში „არევა“ საუბარია კუთხური ნაციონალიზმის დამღუპველ შედეგებზე. ავტორს სტატიაში ილია ჭავჭავაძის ნააზრევი მოჰყავს და მას ხშირად იმოწმებს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ დამფუძნებელი კრების წევრ გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას ვრცელი სტატია „საიდან მოგველის საფრთხე“ გამოქვეყნდა. სტატიაში ავტორი რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე წერდა, ქვეყნის გადარჩენისა და ნორმალური განვითარების სწორ გზას კი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან კავშირში ხედავდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ მხარდასაჭერად ქართული კლუბის მიერ გამართულ სალიტერატურო, სამუსიკო და საცეკვაო საღამოში მონაწილეობდნენ: გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, იოსებ გრიშაშვილი, შალვა დადიანი და სხვ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გამოვიდა კორნელი კეკელიძის მიერ შედგენილი ქართული ჰაგიოგრაფიის პირველი ტომი.

1917

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საეკლესიო გალობის გასაუმჯობესებლად დიმიტრი არაყიშვილი სასწავლებლად შესაბამისი ხმისა და სმენის მქონე ახალგაზრდებს იწვევდა. მეცადინეობები ანჩისხატის N1-ში ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას ჩატარდებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თელავის მაზრაში მძიმე კრიმინალური მდგომარეობის გამო სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. მაზრის გენერალ-გუბერნატორად შალვა მაღლაკელიძე დანიშნეს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ავაზაკთა რამდენიმე ჯგუფი დააპატიმრეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს პარლამენტის სხდომაზე დადგა ორი სომეხი დეპუტატის ნიკოლოზ თარხანოვისა და ლეონ თუმანოვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ისინი სომეხ ტერორისტებთან კავშირსა და დანაშაულებრივ საქმიანობაში ამხილეს. მათ ააფეთქეს ძეგვის ხიდი და სცადეს ვერის ხიდის აფეთქება, რომლის განაღმვაც ქართველებმა დროულად შეძლეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „საქართველო“ დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა დამოუკიდებლობის მოპოვების 6 თვის აღნიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღნიშვნა და ხალხში ეროვნული სულისკვეთების აღდგენა კარგი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ მიტინგების გზით არ მიიღწეოდა, მას შესაბამისი აზროვნების მომზადება და ხალხის გაცნობიერება სჭირდებოდა. 6 თვე კი არ იყო აღსანიშნი თარიღი და მმართველმა პარტიამ ეს უფრო პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით გააკეთა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს, ზეიმის დასრულების შემდეგ, პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, მათ შორის იყო გერმანიის დელეგაცია ფონ-კრესთან ერთად. სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ შეაჯამა ხელისუფლების საქმიანობის ექვსი თვის შედეგები და საზოგადოებას უსურვა, რომ 26 მაისის აქტი მათთვის მუდმივ დღესასწაულად გადაქცეულიყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს მთავრობის სასახლის წინ ჩატარდა საზეიმო აღლუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული ჯარისა და სახალხო გვარდიის ყველა საბრძოლო დანაყოფებმა, აღლუმის ბოლოს მოედანს საზეიმოდ გადაუფრინეს აეროპლანებმა. აღლუმი ჩაიბარა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ნოე ჟორდანიამ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ დეკემბერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 6 თვის აღსანიშნავად დედაქალაქში გაიმართა სახალხო ზეიმი, მსვლელობა მოაწყვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა (უნივერსიტეტიდან — მთავრობის სასახლემდე). მთავრობის სასახლის წინ შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ნოე ჟორდანიამ და მთავრობის წევრებმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დემოკრატიულ კლუბში ალექსანდრე მაისურაძის ხელმძღვანელობით გაიმართულმა კონცერტმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის წევრებმა დადგეს პოლიო ირეთელის პიესა „სოფლის გმირები“, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის „ჩვენი ქვეყნის რაინდი“ შეცვლილი ვერსია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრმა ს. ჟორჟოლიანმა გამგეობის დავალებით შუამდგომლობა აღძრა განათლების მინისტრის წინაშე, რომ დაუთმონ შესაფერი შენობა ცენტრალურ სახალხო უნივერსიტეტისთვის. ჟორჟოლიანმა მიაქცია მინისტრის ყურადღება იმ გარემოებას, რომ სახალხო უნივერსიტეტი შენობის უქონლობის გამო ვერ შეძლებს თავის გეგმის შესრულებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ნოემბერს ელისაბედ ჩერქეზიშვილის მონაწილეობით გაიმართა სპექტაკლი „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქალაქის საბჭოს სხდომაზე მოხსენება წაიკითხა ალექსანდრე ხახანაშვილმა. სხდომაზე თბილისის საქალაქო არჩევნების საკითხი განიხილეს. ქალაქში შეიქმნა 51 საარჩევნო უბანი. საარჩევნო სიები დაიბეჭდა ქართულად, რუსულად და სომხურად. კანდიდატი ორი წლის სამუშაო ვადით აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქართული კლუბის დარბაზში გამართულ ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირის წევრთა საგანგებო კრებას დაესწრნენ აგრეთვე საგანგებოდ მოწვეული პარლამენტის ხელოვნების კომისიის წევრები და მათი წარმომადგენლები ფრაქციათა და პრესისა. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს დრამატურგი ნიკოლოზ შიუკაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართული კლუბის დარბაზში გამართულ ქართველ მსახიობთა პროფესიული კავშირის წევრთა საგანგებო კრებას დაესწრნენ პარლამენტის ხელოვნების კომისიის წევრები, ასევე პრესისა და ფრაქციათა წარმომადგენლები. კრების თავმჯდომარე იყო ნიკო შიუკაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ივანე ტურგენევის ასი წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ საღამოზე მოხსენებით გამოვიდნენ: იშკოვი, ვ. ჩემოდანოვი, სელიხანოვიჩი და ალექსანდრე ვოლკოვი. ღონისძიება მუსიკალური წარმოდგენით დასრულდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 ნოემბერს ქართულმა სამუსიკო საზოგადოებამ კონსერვატორიის დარბაზში გამართა კამერული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ბენდიცკი (როიალი), პ. ზალიბსკი (სიმღერა), ნიკოლაი ჩერეპნინი და ქართული სამუსიკო სკოლის კვარტეტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილი სტატიის თანახმად, საზოგადოების დასახმარებლად საქართველოს განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორისა და ზაქარია დავითის ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიები დაარსდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს თეატრ „ავლაბარ-პალასის“ შენობაში გამართულ მუშათა კლუბის დამფუძნებელი კრებაზე კლუბის საპატიო წევრად სახალხო გმირი ვალიკო ჯუღელი აირჩიეს, კრების თავმჯდომარედ კი — ა. თუმანიანცი. გამომსვლელებმა აღნიშნეს მუშათა კლუბის დიდი მნიშვნელობა მშრომელთა განვითარების საქმეში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საქართველოს ერობათა წარმომადგენლების თათბირს, რომელსაც თავმჯდომარეობდა შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, დაესწრნენ სხვა უწყებათა წარმომადგენლებიც. მოისმინეს მოხსენებები შემდეგ საკითხებზე: საფოსტო, სასოფლო გზების დაქსელვა, ერობის ბიუჯეტი, რესპუბლიკის ტერიტორიის ახალ ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფა და სხვ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს პარლამენტში ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე დაამტკიცეს ორასი მილიონი მანეთის ბონის გამოცემის კანონის საბოლოო ტექსტი, პირველდაწყებითი სკოლების გახსნისა და სააქციზო უწყების ორგანიზაციის კანონები, ასევე განიხილეს რამდენიმე კანონპროექტი.