რეგისტრირებული ფაქტები90064
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სამხედრო სამინისტროს კულტურა-განათლების სექციის უფროსი ლექტორ-მასწავლებელი ალექსანდრე ჟორჟოლიანი ახალციხეში გაემგზავრა ჯარში კულტურული მუშაობის მოსაწესრიგებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივლისს გვარდიელებმა თიანეთში, ბოკონის ტყეში, მოკლეს ცნობილი ყაჩაღი გიგია დაიაური. 21 ივლისს მილიციამ სოფელ კუპრიაანთკარში, იოსებ სამხარაულის სახლში, აღმოაჩინა ყაჩაღების მიერ მიბარებული ქონება. ამის შესახებ გაზეთს ატყობინებს ერობის თავმჯდომარე პაპავა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისს, პირველ საათზე, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის დროებითი აღმასრულებლის, ს. ავალიანის თავმჯდომარეობით უნდა გამართულიყო ფინანსთა მინისტრის სხდომა, რომელზეც განიხილავდნენ მნიშვნელოვან საკითხს ვალუტის შესახებ.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყებოდა, რომ თბილისის საგანგებო სასამართლოს სესია ახალციხეში მიემგზავრებოდა. სესიას სხვა საქმეებთან ერთად უნდა განეხილა ჩახნაშვილის საქმე, რომელსაც ბრალდებოდა ქურდობა ფულის დამამზადებელ ექსპედიციაში და სხვაგან.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის საკატორღო საპყრობილის უფროსად ტ. დემურია დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ ნათქვამია, რომ მიწათმოქმედების სამინისტრომ მდინარე ტყიბულის ჰიდრავლიკური ენერგიის გამოყენების შესახებ საკონცესიო ხელშეკრულება დადო ა. გიზთან. მას მიზნად ჰქონდა ელექტროენერგიის მიღება და გადაცემა ქუთაისის გუბერნიის იმ რაიონებისთვის,რომელშიც ამის საჭიროება იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 23 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა სამ. ჯაშის წერილი „ცხენოსანთა დივიზიის განიარაღება კავკავში“, რომელშიც ნათქვამია, რომ ივნისის დასაწყისში საოლქო რევკომმა განაიარაღა ღალატის გზაზე დამდგარი კავკასიის მე-2 ცხენოსანთა (ნახ. ქართული) „ტუზემნაია დივიზიის“ სარდალი, რუსეთში კარგად ცნობილი კომუნისტი ნიკო მარიკოზაშვილი. ის საპყრობილეში მოათავსეს. მისი შტაბის სამი თანამშრომელი, კომუნისტები, გაიქცნენ და ხუთი მილიონი ფული გაიყოლეს. მარიკოზაშვილს მთელი დივიზიით საქართველოს მხარეზე ჯარის გადაყვანის განზრახვაში სდებდნენ ბრალს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა ბათუმში საქართველოს მდგომარეობის შესახებ მოხსენება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მთავრობამ მას მიანდო ძველ დაწესებულებათა ლიკვიდაცია და ახალთათვის დირექტივების მიცემა. უპასუხა შეკითხვებს, ბათუმში არსებული უცხო სახელმწიფოების საკონსულოების, ნავსადგურში უცხო სახელმწიფოთა სამხედრო გემების, რესპ. სასურსათო მდგომარეობის შესახებ და სხვ.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 15 ივნისს სასამართლომ განიხილა შალვა მაღლაკელიძისა და სხვათა საქმე. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ექსპერტი ალექსანდრე ნეიმანი, დაიკითხა მოწმე – პოლ. შამშურინი. სასამართლოზე წაიკითხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფ. ვიცე-დირექტორის, ზ. ნანეიშვილისა და თბილისის გუბერნიის კომისრის ყოფილი თანაშემწის, დ. კალანდარიშვილის ჩვენებები, გამოქვეყნდა იმ მოწმეთა მონათხრობიც (ნოე რამიშვილი, პ. ჭიჭინაძე, ბენია ჩხიკვიშვილი, ნოე ხომერიკი), რომლებიც სასამართლოში ვერ გამოცხადდნენ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 22 ივლისის „ერთობა“ აქვეყნებს ბათუმის ოლქის საგანგებო კომისრის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის ბრძანებას: „საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მოღალატეობრივი ქმედებისთვის, სახელმწიფოს სასარგებლოდ პოლკოვნიკ იონინის ჩამოერთვას უძრავი და მოძრავი ქონება – სამი დესეტინა ბაღი სარიმაულში, საცხოვრებლით და სხვ.; გენერალ ტერმენს – უძრავი ქონება მდებარე ორთაბათუმში, მიწა – ხეხილით და ვენახით გაშენებული 15 დესეტინამდე, სახლი და სხვ.“ მიწათმოქმედების სამინისტროს წარმომადგენელს, აგრონომ რცხილაძეს დაევალა ჩაებარებინა ეს მამულები, როგორც სახელმწიფო ფონდში გადარიცხული საკუთრება.

