საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91154

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონის და საინჟინრო გუნდის კულტ. საგანმანათლებლო კომისია მეორე მუშათა კლუბში (პლეხანოვის გამზ. N129) გამართავს საღამოს ამ ბატალიონის აზერბაიჯანთან ბრძოლის დროს დახოცილ გვარდიელთა ოჯახების დასახმარებლად. მოხსენებას გააკეთებს სახალხო გვარდიის მთ. შტაბის თავმჯდომარე ვალიკო ჯუღელი, იუწყება „ერთობა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობაში“ გამოქვეყნდა სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის 1920 წლის 22 ივლისის ბრძანება რესპუბლიკის ჯარებისადმი იმის შესახებ, რომ 1919 წლის იანვრის დასაწყისში დაარსებულ ფრონტის დამხმარე მთავარ კომიტეტში გაერთიანებული არიან: დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის წევრები – ნ. იმნაიშვილი, სამხედრო სამინისტროდან – ტიტე ართმელაძე, გვარდიის ექიმი ე. ცინცაძე, პროფესიული კავშირებიდან – ფანცხავა, დაჭრილთა და დასახიჩრებულთა კავშირიდან – მუსელიანი, ვაჭარ-მრეწველთა – ლაღიძე, რკინიგზის – ს. დოლიძე და ნინო განაშვილისა, ელიავასი, რამიშვილისა, კიკვაძისა და ბახტაძისა სერ. ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობით. კომიტეტმა ფრონტზე მყოფ მეომართათვის ბევრი რამ გააკეთა. მინისტრი მხედრობის სახელით მადლობას უხდის კომიტეტს და ყველას, ვინც ხელი შეუწყო ფრონტის გაძლიერებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს თბილისში სტუმრად მყოფი იტალიის სამთო უწყების მრჩეველი ფრანსუა როდრიგერი და სამთო ინჟინერი ფლავიო როდრიგე სამთამადნო სამმართველოს უფროსს, ინჟინერ იოსებ ყიფშიძეს შეხვდნენ. ისინი საქართველოს სპილენძის, ქვანახშირისა და ნავთობის საბადოებით იყვნენ დაინტერესებულნი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 ივლისის „ერთობაში“ ბათუმში მცხოვრებმა ფილიპე თავართქილაძე სთხოვდა ტყვეებსა და იმ პირთ, რომლებიც პროპორშჩიკ ნიკოლოზ ფილიპეს ძე თავართქილაძესა და ერასტი ფილიპეს ძე თავართქილაძესთან მსახურობდნენ, მათ შესახებ ცნობები მიეწოდებინათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თევდორე კიკვაძისთვის თვითა და ერთი კვირით შვებულების მიცემა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს განცხადება „დედაენის“ შემსწორებელი კომისიის წევრებისთვის ივლისის გასამრჯელოს მიცემის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე პრეზიდიუმს საზოგადოებისთვის 200 000 მანეთის ოდენობის სესხის აღების ნება მისცეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საწყობის გამგე ლავრენტი სანაძის თხოვნა ავანსად აგვისტოს ჯამაგირის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა და ჯამაგირის ორ ნაწილად მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს შრომის სამინისტროს ცნობა საზოგადოების დარაჯ მიხეილ შიოშვილისთვის ერთდროული დახმარების მიცემის შესახებ. გამგეობამ საკითხის გარკვევამდე დახმარებაზე უარი უთხრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, ლეონ მელიქსეთ-ბეგის განცხადება საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან იმ გამოცემების შეძენის შესახებ, რომლებიც კერძო პირებზე არ იყიდებოდა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე გელეიშვილის თხოვნა ნოე ჟორდანიას თხზულებების გამოსაცემად გაზეთ „იმერეთის“ 1894-1896 წლების ნომრების ორი-სამი დღით თხოვების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება სახელმძღვანელოების ბეჭდვა-გამოცემის დროებითი ხელმძღვანელის არჩევის შესახებ. გამგეობამ შესაფერისი პირის მოძებნა და მისთვის ჰონორარის დანიშვნა პრეზიდიუმს დაავალა.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ წერილობით აუწყა მთავარ გამგეობას, რომ 4 ივლისს წევრთა საერთო კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს შემდეგი პირები: იაკობ ფანცხავა, მარიამ ვარდოსანიძე, კარპეზ ბერიძე, ვარლამ იმნაძე, რაჟდენ კანდელაკი, გრიგოლ კვიცარიძე და თომა მთავრიშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ წერილობით აუწყა მთავარ გამგეობას, რომ 4 ივლისს წევრთა საერთო კრებაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის მოხსენებები და მოიწონეს გამგეობის მომავალი მოქმედების გეგმა. ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე იაკობ ფანცხავა და მდივანი კარპეზ ბერიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის თხოვნა 26 ივლისიდან ერთი თვით შვებულების მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივლისს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი დაბრუნდა დასავლეთ საქართველოდან. მან მოიარა ჭიათურა, ზესტაფონი, ქუთაისი, ტყიბული, ხონი, მარტვილი და სამტრედია, სადაც წაიკითხა მოხსენებები საქართველოსა და ამიერკავკასიის საერთაშორისო მდგომარეობაზე.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 21 ივლისს სასამართლოში გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძისა და სხვათა საქმეების გარჩევა დასრულდა. ნაფიცმა მსაჯულებმა შალვა მაღლაკელიძეს და ალექსანდრე აზნაუროვს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს, დანარჩენები კი – დამნაშავედ სცნეს. პორუჩიკ საზონ კონდრატის ძე ჩაჩიბაიას ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ორ წელიწადნახევარი მიუსაჯეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივლისის „ერთობაში“ ნათქვამია, რომ ქართველ მსახიობთა კავშირთან არსებულ გ. არდაშელი-იშხნელის სახელობის კავშირის წევრთა ობლად დარჩენილი შვილების აღსაზრდელ ფონდს ნ. ჩხეიძემ ათასი მანეთი შესწირა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გორის ფონდს ორი ათასი მან. შესწირა ექიმმა ბეგთაბეგიშვილმა, 15 213 მან.– სახელმწიფო დაწესებულებებში მოსამსახურეთა ეკონომიკურმა საზოგადოებამ. ეს თანხები მიიღო ივანე გომართელმა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 21 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა გვარდის ცხენოსანი პოლკის გვარდიელის კოსტა კობიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნეკროლოგი. იგი ოსებთან ბრძოლის დროს დაიღუპა ცხინვალის ხეობაში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 21 ივლისს თიანეთის საზღვართან, სოფ. ახატანთან დუშეთის მაზრის მილიციის უფროსის თანაშემწის და დუშეთის სახალხო გვარდიის შტაბის თავმჯდ. ტიტე შუშიაშვილის მეთაურობით ყაჩაღთა ბრბოს ალყა შემოარტყეს და ყაჩაღების მხრიდან მოკლეს თიანეთის მაზრის მცხოვრები დონდუაშვილი და დუშეთის მაზრიდან – მერაბიშვილი, დაიჭრა ი. მექვაბიშვილი, რომელიც გარდაიცვალა. დახოცილებს აღმოაჩნდათ იმ პირთა სია, რომელთაც მოკლვით ემუქრებოდნენ, მათ შორის იყვნენ: ანთელავა, შუშიაშვილი და სამი მილიციელი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა ბათუმში მრავალრიცხოვან კრებაზე გააკეთა მოხსენება საქართველოს მდგომარეობის შესახებ. მოხსენების შემდეგ მინისტრს დაუსვეს შეკითხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ივლისს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელსაც ალექსანდრე ლომთათიძე თავმჯდომარეობდა, ივანე გომართელის მოხსენებით მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექიმო-სასანიტარო განყოფილების მიერ წარდგენილი კანონი „საპროტეზო განყოფილების შტატის დამტკიცების შესახებ“ და სხვა საბოლოო ტექსტები. კრებამ ბანკის გამგეობის მეორე წევრის თანამდებობაზე სამსონ კილაძე დაამტკიცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა ბათუმში საქართველოს მდგომარეობის შესახებ მოხსენება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მთავრობამ მას მიანდო ძველ დაწესებულებათა ლიკვიდაცია და ახალთათვის დირექტივების მიცემა. უპასუხა შეკითხვებს, ბათუმში არსებული უცხო სახელმწიფოების საკონსულოების, ნავსადგურში უცხო სახელმწიფოთა სამხედრო გემების, რესპ. სასურსათო მდგომარეობის შესახებ და სხვ.