საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82671

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ აქვეყნებს ინტერვიუს ყარაბაღის გენერალ-გუბერნატორთან, ხოსროვ-ბეკ სულთანოვთან. აზერბაიჯანელ პოლიტიკოსს ისლამის მომავალი ესახება მუსულმანური აღმოსავლეთის ხალხთა სახელმწიფოებრივ ერთეულთა კონფედერაციად, ამიტომ იგი ისევე თანაუგრძნობს ჩრდილოკავკასიელთა მისწრაფებას თვითგამორკვევისკენ, როგორც ქურთისტანსა და თავად აზერბაიჯანს.

1919

ტიპი: ღონისძიება

„ვოლნი გორეცის“ ცნობით, ინგუშეთის მმართველთან არსებული სახალხო საბჭოს არჩევნებზე ნაზრანში შეიკრიბნენ მთიანეთისა და დაბლობის წარმომადგენლები. არჩევნებს ესწრებოდნენ ინგუშეთის მმართველი და მისი ორი თანაშემწე – პოლკოვნიკი ტურიევი (სამხედრო ნაწილში), პოლკოვნიკი საფონოვი (სამოქალაქო ნაწილში) – და გენერალი ჩკუროვი; საბჭოს წევრებად აირჩიეს პოლკოვნიკი შახმურზიევი, იბრაჰიმ ბაზორკინი და ქოძოევი; გამგეობის წევრები გახდნენ ინჟინერი ლიანოვი, საიდ გარჩხანოვი და დატიხ დუდაევი; მხედართმთავრის წარმომადგენლად გენერალი მალსაგოვი იქნა არჩეული.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ თერგის ოლქში ვითარების მიმოხილვისას ევგ. ჟარკოვსკი აღნიშნავდა, რომ ადგილობრივ კაზაკობასა და სამხარეო რევოლუციურ ორგანიზაციებს შორის ვერ გამოინახა საერთო ენა: ბოლშევიკები გაუგებრობების მოსაგვარებლად მოლაპარაკებების მომხრენი იყვნენ, თერგის კაზაკობა კი გენერალ სლეპცოვის სანატრელ დროებას მისტიროდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „ვოლნი გორეცის“ პირველ გვერდზე გამოქვეყნებული იყო პრესის მიმოხილვა: ბაქოელ დენიკინელთა გაზეთი „გოლოს როსიი“ („Голос России“) დაღესტნის აჯანყებას აცხადებდა მთიელთა რესპუბლიკის ყოფილი მინისტრებისა და მაღალჩინოსნების მიერ მოწყობილ ავანტიურად და მიიჩნევდა, რომ თბილისში სახელდახელოდ მოწვეული ყრილობაც იმისთვის დაამთხვიეს საზავო კონფერენციის წარმომადგენელთა დაბრუნებას, რათა დასავლეთს შეეტყო დენიკინის ხელისუფლებისა და მისი „დობროარმიის“ ნაწილების მიერ დატრიალებული „საშინელებები“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ევგენი ჟარკოვსკი აგრძელებდა გაზეთის წინა ნომრებში დაწყებულ თემას და ის თერგის კაზაკობასა და ადგილობრივ სამხედრო რევსაბჭოებს შორის შექმნილ დაძაბულ, სამოქალაქო ომის პირამდე მისულ ვითარებაზე საუბრობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ გამოქვეყნებულ ევგ. ჟარკოვსკის სტატიიდან ვიგებთ, რომ მოზდოკის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარემ – პოლკოვნიკმა რიმარმა – შექმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც უნდა შეემუშავებინა ინგუშეთზე იერიშის გეგმა. ოპერაციის წარუმატებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად რიმარმა 1918 წლის 25 იანვარს მოზდოკში საოლქო ყრილობა დანიშნა.

1919

ტიპი: ავტორობა

თავისი რუბრიკაში ევგ. ჟარკოვსკი გვიამბობს, რომ ძველ იურთზე შეტევის წინ სტანიცა პეტროპავლოვსკაიაში ჩეჩენთა თანაგრძნობის ბრალდებით დააპატიმრეს კაზაკთა საჯარისო ოლქის თავმჯდომარე გუბარევი, რომელიც არ ემხრობოდა ჩეჩენ-ინგუშთა წინააღმდეგ ლაშქრობების გააქტიურებას.

1919

ტიპი: ავტორობა

ევგენი ჟარკოვსკის ცნობით, როდესაც მიტაევის ჩეჩენთა რაზმმა ალყაში მოაქცია კაზაკთა სადგური კახანოვსკაია, თერგის ოლქის მმართველებმა დასახმარებლად მხოლოდ სამასიოდე კაზაკის მობილიზება მოახერხეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

ევგენი ჟარკოვსკის ცნობით, მოზდოკელმა კაზაკობამ სამხედრო რევსაბჭოს თავმჯდომარედ დიდი საბრძოლო დამსახურების მქონე, მეტად პოპულარული პოლკოვნიკი რიმარი აირჩია, ხოლო ყიზლარელებმა ნება მისცეს გროზნოს სამხარეო რევსაბჭოს სათავეში მყოფ ბოლშევიკებს, რომ მათთვის დაენიშნათ ყველასთვის უცნობი 70 წლის კაზაკი ელისეევი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, თერგის ოლქში გახშირებულმა ძარცვა-ყაჩაღობამ ერთნაირად შეაწუხა კაზაკებიცა და ბოლშევიკებიც. წესრიგის დასამყარებლად გროზნოს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოს დაქვემდებარებაში შეიქმნა მუშათა მილიცია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 სექტემბერს ყიზლარის დეპუტატთა საბჭომ (თავმჯდომარე – გუბარევი) მძარცველებისგან სტანიცების დასაცავად ფრონტიდან გამოიწვია კაზაკთა შენაერთი, რომელსაც სათავეში ედგა პოლკოვნიკი პორტიანკა, – ვკითხულობთ ევგენი ჟარკოვსკის სტატიაში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ (რედაქტორი აჰმედ ცალიკოვი) პატივს მიაგებს დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლაში რევოლუციის იდეალებს შეწირულ დაღესტნის გმირთა ხსოვნას: ალი დახადაევს (1918 წ.), პეტროვსკში დახვრეტილ ულუბი ბუინაკსკისა და მის ხუთ ამხანაგს (1919 წ.), ყუმუხ-თემირხან-შურის გზაზე მოკლულ გარუნ საიდოვს (1919 წ).

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ „ვოზროჟდენიეზე“ დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას გენერალ დენიკინის „დობროარმიის“ შერყეულ მდგომარეობაზე, რომ მას შეუსუსტდა პოზიციები კრასნოვოდსკთან და მძიმე ვითარება ჰქონდა ცარიცინშიც, რომელსაც მთელი ძალებით უტევდა. ასევე თერგის ოლქში, განსაკუთრებით დაღესტნის მოსაზღვრე რაიონებში, არ წყდებოდა პარტიზანული ომები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 სექტემბერს პიატიგორსკის შტაბის უფროსს – გენერალ ივანე ერდელს საჭიროდ მიაჩნდა „დობროარმიის“ დიდი ძალის გაგზავნა თერგის ოლქსა და დაღესტანში მდგომარეობის განსამტკიცებლად. დენიკინის აზრით კი, ვინაიდან ცარიცინის ფრონტზე შექმნილი საგანგებო ვითარება არ იძლეოდა ამის საშუალებას, ამიტომ გენერალ ერდელს მთიელებთან მებრძოლი ძალების შესავსებად ასაკოვან კაზაკთა მობილიზაცია უნდა გამოეცხადებინა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ მოწინავე წერილში „ორი გამოსავალი“ აჰმედ ცალიკოვი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების პოლიტიკურ წრეებს ახსენებდა იმ საშიშროებას, რომელიც მათ დენიკინთან მთიელთა დამარცხების შემთხვევაში ელოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ გამოქვეყნდა აჰმედ ცალიკოვის წერილი, რომელიც ეხება დაღესტანში დენიკინის წინააღმდეგ დაწყებულ აჯანყებას.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აჰმედ ცალიგოვი წერს, რომ „ერთიანი და განუყოფელი“ რუსეთი ფინეთსაც კი არ თმობს (ს. საზონოვის პროტესტი), მით უფრო არასოდეს აიღებს ხელს ამიერკავკასიაზე. მას შავი რეაქციისგან კავკასიის ხსნის გზად ერთიანი ბრძოლა და კონფედერაცია მიაჩნდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

გაზეთის მოწინავე განიხილავს იმ მიზეზებს, რომლებმაც ხელი შეუწყო გენერალ დენიკინის იოლ გამარჯვებას მთიელებზე, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ დაღესტნის აჯანყებით სხვა დროება დგება კავკასიაში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 სექტემბრის „Вольный Горец“-ში დაბეჭდილი გაპო ბაევის სტატიის მიხედვით, ოსეთის ყველაზე ანტიბოლშევიკური განწყობით გამორჩეული სოფლებიც კი (ოლგინსკოე, არდონი, გიზელი, კადგარონი) უარყოფითად განეწყვნენ რუსი გენერლების, დენიკინისა და ალექსეევის მიმართ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთში „ვოლნი გორეცი“ გაპო ბაევის სტატია გვიამბობს:„ დაღესტნის აჯანყებით დაწყებულმა ჩრდილოკავკასიელთა განმათავისუფლებელმა ბრძოლამ ოსეთის ხელისუფალთა წარმომადგენლებზეც იმოქმედა: ოსეთის მმართველის, პოლკოვნიკ ხაბაევის მიერ დანიშნული სოფლის მოხელეების სასტიკი ტონი უბრალო ხალხის მიმართ ამ რამდენიმე თვეში ისე შერბილდა, რომ ლამის ლაქუცად გადაიქცა“.

1919

ტიპი: ავტორობა

ლ. კრემერის შეფასებით, მთიელთა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის დღეებში კვლავ ცოცხლდება შამილისა და ჰაჯი-მურატის სახეები, მეორდება დღემდე თითქოს მივიწყებული ჩეჩნეთის ექსპედიციები და მთიელთა სამოცწლიანი ბრძოლა თავისუფლებისათვის.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ლ. კრემერი ვრცლად განიხილავდა ალექსანდრე პუშკინის ნაკლებად ცნობილ პოემას „გალუბს“, მოხუცი ჩეჩნის დრამატულ ამბავს, იმის ნიმუშად, რომ მთიელთა სამოცწლიანი ბრძოლა მარადიულ ექოდაა დარჩენილი რუსულ ლიტერატურაში და იგი რადიკალურად განსხვავდება რუსეთის ოფიციოზის თვალსაზრისისგან. წერილში ნახსენებია მარლინსკიც.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 სექტემბრის „ვოლნი გორეცმა“ დენიკინელებთან ბრძოლაში დაღუპული 20 წლის ჩეჩენი ასლანბეკ შერიფოვი იმამ შამილის დიდი საქმის გამგრძელებლად მოიხსენია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა აზერბაიჯანში ბიბიეიბათის ნავთობის საბადოები დაათვალიერა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ბაქოში უნდა გამართულიყო ოფიციალური ვახშამი, რომელსაც ორმოცდაათამდე სტუმარი დაესწრებოდა, და მას ყველა მინისტრთან შეხვედრის საშუალება ექნებოდა.