რეგისტრირებული ფაქტები92919
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 ოქტომბერს თბილისის ქალთა VI გიმნაზიის დირექტორმა, გრიგოლ ლორთქიფანიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგე გრიგოლ ნათაძეს მიმართა, რომ მას წარუდგენდა გიმნაზიის რუსულისა და სომხური კლასების პროგრამებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიაში, სომხურ ენაში, სომხურ ლიტერატურასა და სომხეთის ისტორიაში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 9 ოქტომბერს სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს აცნობა, რომ გერმანული ენის მასწავლებლად დანიშნული იყო აკაკი გიორგის ძე აბულაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა ილია ჭავჭავაძის და, ელისაბედ საგინაშვილი ინახულა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 ოქტომბერს ოლივერ უორდროპს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიდარ ბამატი ესტუმრნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა ცაგერის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო ინსპექტორი ივანე ნიჟარაძე, ესწრებოდნენ საბჭოს წევრი მასწავლებლები: კირილე ჩიხლაძე, ლიდა ასათიანი, სოფიო მეფარიძე, ალ. ქიქოძე. იმსჯელეს სწავლის გადასახადის გაზრდის შესახებ და დაადგინეს: რადგან მოსწავლეები წელიწადში 20 მან. იხდიდნენ და შესული თანხა სიძვირის გამო ვერ ფარავდა სასწავლებლის ხარჯებს, გამგეობისთვის ეთხოვათ 1919/20 სასწ. წლიდან სწავლის საფასური გაეზარდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ოქტომბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორ ელ. ჭელიშვილს აცნობეს, რომ უფლება ჰქონდა, გიმნაზიის სპეციალური თანხიდან მასწავლებელ დარია ალექსანდრეს ასულ ალიხანოვისთვის ავადმყოფ ივანოვას დაბრუნებამდე თვიურად მიეცა 628 მან. და 33 კაპ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 7 ოქტომბერს ივანე გაჩეჩილაძემ მისწერა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ გაზეთ „სოციალ-დემოკრატის“ N 23-ე გამოცემაში დაიბეჭდა ცილისმწამებლური სტატია სათაურით „მყრალი ჭაობი“, რომელიც მისი თქმით, დაწერილი იყო ერთ-ერთი იმ მასწავლებლის მიერ, რომელიც მუდამ ცდილობდა სასწავლებლის ნორმალური ცხოვრების შეფერხებასა და პირადი შურისძიებით გაჟღენთილი ივ. გაჩეჩილაძის ავტორიტეტის დაცემას საზოგადოებაში.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 7 ოქტომბერს ივანე გაჩეჩილაძე სთხოვდა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ მისთვის ცილისწამების თავიდან ასაცილებლად და ავტორიტეტის აღსადგენად მოეხდინათ მკაცრი რევიზია და თუ „სოციალ-დემოკრატის“ N 23-ე გამოცემაში მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდებოდა მიეღოთ საჭირო ზომები ავტორის წინააღმდეგ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ოქტომბერს განათლების სამინისტრო სწერს თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორს, რომ ნება ეძლევა მასწავლებელ სიმონ ი. გძელიშვილს გიმნაზიის სპეციალური თანხიდან დახმარების სახით 500 მანეთი გამოუწეროს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ სამტრედიის მოურავის მოადგილე დავით მელქაძემ და საქმისმწარმოებელმა გიორგი წერეთელმა თხოვნით მიმართეს მთავარ გამგეობას, რომ სამტრედიაში არსებული წიგნების მაღაზია და ბიბლიოთეკა, რომლებიც დახურული იყო და არ ფუნქციონირებდა გადაეცათ მათთვის, რომ აემუშავებინათ და მეტი სარგებელი მოეტანა ნახსენებ დაწესებულებებს საზოგადოებისათვის.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ იოსებ როინიშვილი საქართველოს სენატის წევრად აირჩია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 ოქტომბერს სახალხო განათლების სამინისტროს ბუღალტერს სერგი იაკობის ძე აზარაპეტოვს მისწერეს, რომ სამინისტროს საბუღალტრო საქმეების მოსაწესრიგებლად დანიშნეს სახალხო სკოლების ინსპექტორი კონსტანტინე მიხეილის ძე მიხაილოვი. აზარაპეტოვს და დანარჩენ თანამშრომლებს სთხოვენ დაეხმარონ კონსტანტინე მიხაილოვს საბუღალტრო საქმეების მოწესრიგების დროს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ელ. ჭელიშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს გიმნაზიის საოჯახო კომიტეტის ოქმიდან ამონაწერი გაუგზავნა და სთხოვა ნება დაერთო მასწავლებელ დარია ალექსანდრეს ასულ ალიხანოვისთვის სპეციალური თანხიდან თვიურად 628 მანეთი და 33 კაპიკი მიეცა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ელ. ჭელიშვილი და საქმისმწარმოებლის ნაცვალი დარანწურაშვილი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 6 ოქტომბრის გაზეთში „ვოლნი გორეცი“ ლ. კრემერი თავის რუბრიკაში („მთიელები რუსულ ლიტერატურაში“) მ. ლერმონტოვის შემოქმედებას განიხილავდა და აღნიშნავდა, რომ რუსი მწერლის მიერ შექმნილ თავისუფლებისმოყვარე მთიელთა სახეებს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო ბაირონის გმირებთან – ჩაილდ ჰაროლდან და კორსართან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფათალი ხან ხოისკიმ მთავრობის სახელით ნოტა გაუგზავნა საზავო კონფერენციის უმაღლეს კომისარს ამიერკავკასიაში, პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელს, აცნობა „დობროარმიის“ მიერ დაღესტანში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ და სთხოვა, მის ხელთ არსებული ყველა საშუალება ეხმარა კონფლიქტის მოსაგვარებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „აზერბაიჯანის“ დამოწმებით, ამიერკავკასიაში ბრიტანეთის მთავარი კომისრის – ოლივერ უორდროპის – მცდელობით ჩნდება ნეიტრალური ზონის შექმნის შესაძლებლობა დაღესტანსა და „დობროარმიას“ შორის, ასევე გაირკვევა, რამდენად მოხერხდება მძიმე ვითარების განმუხტვა მთლიანად ჩრდილო კავკასიაში.
1919
ტიპი: ავტორობა
გ. კალინსკი აანალიზებს დაღესტნის აჯანყების მიზეზებს და საუბრობს მიზნებზე: ხალხს მოთმინების ფიალა აუვსო გენერალ ხალილოვისა და მისი დამქაშების პარპაშმა, მაგრამ მთიელები არც კომუნიზმის წითელი გენერლების დასმას აპირებენ კისერზე – მათ მშვიდობიანი, ღირსეული ცხოვრება სურთ საკუთარი, ეროვნული მთავრობის პირობებში
1919
ტიპი: ღონისძიება
აჰმედ ცალიგოვი აღფრთოვანებით მიესალმებოდა დაღესტნისა და ჩეჩნეთის აჯანყებას, როგორც შამილის, ჰაჯი-მურატის, ყაზი-მუჰამედისა და ჰამზათ ბეგის დროებათა აღორძინებას.
1919
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, გენერალ ანდრეი შკუროს ცხენოსანთა კორპუსის ნაწილები პეტროვსკში იყო კონცენტრირებული, ხოლო თავად ახალგაზრდა გენერალი კურსკთან მიღებული კონტუზიის შემდეგ ხანგრძლივ შვებულებაში იმყოფებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
თბილისიდან მიღებული ცნობების თანახმად, უკან დახევის შემდეგ მთიელებმა კვლავ მიიტანეს იერიში გროზნოზე და ალყაში მოიქციეს ნავთობის საბადოების რაიონი. გენერალი ერდელი დაღესტნელების დასაშოშმინებლად დენიკინისგან მრავალრიცხოვან მაშველ ძალას ითხოვდა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
ნეკროლოგი, რომელსაც ხელს აწერს ცაგუნოევსკი, იტყობინება, რომ ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა ჩეჩენ-ინგუშთა მშვენება და სიამაყე, ჯერ კიდევ ჭაბუკი ასლანბეკ შერიფოვი, რაც აუნაზღაურებელი დანაკარგია არა მარტო ჩეჩნეთისთვის, არამედ მთელი ჩრდილო კავკასიისთვის.
1919
ტიპი: ღონისძიება
კავკასიის მთიელ ხალხთა საკავშირო მეჯლისმა კოოპტაციის წესით თავის რიგებში შეიყვანა პარლამენტისა და მთავრობის მემარცხენე ფრთის შემდეგი წარმომადგენლები: იბრაჰიმ-ბეკ ჰაიდაროვი (პარიზის საზავო კონფერენციის წევრი), ზუბაირ-ბეი თემირხანოვი (მთიელთა რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე), ნურ-მამედ შახსუვაროვი (მთიელთა რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრი), საფი დუდაროვი (მთიელთა რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კოლეგიის წევრი), სტუდენტი რაუფ ალბერგოევი.
1919
ტიპი: თანამდებობა
მთიელთა საკავშირო მეჯლისის წევრი ურუსოვი (მთიელთა რესპუბლიკის ყოფილი საექიმო-სანიტარული ინსპექტორი და პარლამენტის წევრი) დაინიშნა საექიმო-სანიტარული ნაწილის რწმუნებულად, რომელსაც დაევალა მთიელთათვის სამედიცინო დახმარების გაწევა მთელ ტერიტორიაზე და ამ საქმეში ნეიტრალურ სახელმწიფოთა მხარდაჭერის გამოყენება.

