რეგისტრირებული ფაქტები92917
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: თანამდებობა
ევგენი ჟარკოვსკის ცნობით, მოზდოკელმა კაზაკობამ სამხედრო რევსაბჭოს თავმჯდომარედ დიდი საბრძოლო დამსახურების მქონე, მეტად პოპულარული პოლკოვნიკი რიმარი აირჩია, ხოლო ყიზლარელებმა ნება მისცეს გროზნოს სამხარეო რევსაბჭოს სათავეში მყოფ ბოლშევიკებს, რომ მათთვის დაენიშნათ ყველასთვის უცნობი 70 წლის კაზაკი ელისეევი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 სექტემბერს ყიზლარის დეპუტატთა საბჭომ (თავმჯდომარე – გუბარევი) მძარცველებისგან სტანიცების დასაცავად ფრონტიდან გამოიწვია კაზაკთა შენაერთი, რომელსაც სათავეში ედგა პოლკოვნიკი პორტიანკა, – ვკითხულობთ ევგენი ჟარკოვსკის სტატიაში.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ (რედაქტორი აჰმედ ცალიკოვი) პატივს მიაგებს დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლაში რევოლუციის იდეალებს შეწირულ დაღესტნის გმირთა ხსოვნას: ალი დახადაევს (1918 წ.), პეტროვსკში დახვრეტილ ულუბი ბუინაკსკისა და მის ხუთ ამხანაგს (1919 წ.), ყუმუხ-თემირხან-შურის გზაზე მოკლულ გარუნ საიდოვს (1919 წ).
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ „ვოზროჟდენიეზე“ დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას გენერალ დენიკინის „დობროარმიის“ შერყეულ მდგომარეობაზე, რომ მას შეუსუსტდა პოზიციები კრასნოვოდსკთან და მძიმე ვითარება ჰქონდა ცარიცინშიც, რომელსაც მთელი ძალებით უტევდა. ასევე თერგის ოლქში, განსაკუთრებით დაღესტნის მოსაზღვრე რაიონებში, არ წყდებოდა პარტიზანული ომები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 სექტემბერს პიატიგორსკის შტაბის უფროსს – გენერალ ივანე ერდელს საჭიროდ მიაჩნდა „დობროარმიის“ დიდი ძალის გაგზავნა თერგის ოლქსა და დაღესტანში მდგომარეობის განსამტკიცებლად. დენიკინის აზრით კი, ვინაიდან ცარიცინის ფრონტზე შექმნილი საგანგებო ვითარება არ იძლეოდა ამის საშუალებას, ამიტომ გენერალ ერდელს მთიელებთან მებრძოლი ძალების შესავსებად ასაკოვან კაზაკთა მობილიზაცია უნდა გამოეცხადებინა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აჰმედ ცალიგოვი წერს, რომ „ერთიანი და განუყოფელი“ რუსეთი ფინეთსაც კი არ თმობს (ს. საზონოვის პროტესტი), მით უფრო არასოდეს აიღებს ხელს ამიერკავკასიაზე. მას შავი რეაქციისგან კავკასიის ხსნის გზად ერთიანი ბრძოლა და კონფედერაცია მიაჩნდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
გაზეთის მოწინავე განიხილავს იმ მიზეზებს, რომლებმაც ხელი შეუწყო გენერალ დენიკინის იოლ გამარჯვებას მთიელებზე, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ დაღესტნის აჯანყებით სხვა დროება დგება კავკასიაში.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთში „ვოლნი გორეცი“ გაპო ბაევის სტატია გვიამბობს:„ დაღესტნის აჯანყებით დაწყებულმა ჩრდილოკავკასიელთა განმათავისუფლებელმა ბრძოლამ ოსეთის ხელისუფალთა წარმომადგენლებზეც იმოქმედა: ოსეთის მმართველის, პოლკოვნიკ ხაბაევის მიერ დანიშნული სოფლის მოხელეების სასტიკი ტონი უბრალო ხალხის მიმართ ამ რამდენიმე თვეში ისე შერბილდა, რომ ლამის ლაქუცად გადაიქცა“.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ლ. კრემერი ვრცლად განიხილავდა ალექსანდრე პუშკინის ნაკლებად ცნობილ პოემას „გალუბს“, მოხუცი ჩეჩნის დრამატულ ამბავს, იმის ნიმუშად, რომ მთიელთა სამოცწლიანი ბრძოლა მარადიულ ექოდაა დარჩენილი რუსულ ლიტერატურაში და იგი რადიკალურად განსხვავდება რუსეთის ოფიციოზის თვალსაზრისისგან. წერილში ნახსენებია მარლინსკიც.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 სექტემბრის „ვოლნი გორეცმა“ დენიკინელებთან ბრძოლაში დაღუპული 20 წლის ჩეჩენი ასლანბეკ შერიფოვი იმამ შამილის დიდი საქმის გამგრძელებლად მოიხსენია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა აზერბაიჯანში ბიბიეიბათის ნავთობის საბადოები დაათვალიერა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 29 სექტემბერს სოფ. კვალითის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ნიკიფორეს ძე გველესიანი გარდაიცვალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 სექტემბერს ოლივერ უორდროპი ბაქოში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ესტუმრა საპასუხო ვიზიტით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 სექტემბერს ბაქოში ჩასულ ოლივერ უორდროპს საგარეო საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწე, გუბერნატორი, ქალაქის მერი და სხვ. დახვდნენ.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აუწყეს, რომ ფოთის ახლოს იპოვეს გემ „არტას“ გერმანელი კაპიტნის, მერკჰაუზენის გვამი. ეს ამბავი აცნობეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ნ. ნაკაშიძე, შ. დედაბრიშვილი, იპ. ვართაგავა, ს. იაშვილი, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის ქართული სკოლისათვის ადგილობრივი განყოფილების გამგეობის თხოვნა წიგნების და სასკოლო ნივთების (2400 მანეთის ოდენობის) ნისიად, დაკლებულ ფასებში მიცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ წიგნები 20%-იანი ფასდაკლებით გადაეცათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მასწავლებელთა კავშირის ოზურგეთის კოოპერატიული წიგნის მაღაზიის „განათლების“ თხოვნა 30000 მანეთის ოდენობის კრედიტის გამოყოფის შესახებ. გამგეობამ მაღაზიას კრედიტის გამოყოფაზე უარი უთხრა. გამგეობის წევრ თეოდორე კიკვაძის თავდებობით კი 7000 მანეთის წიგნები 2 კვირის ვადით მისცეს.

