რეგისტრირებული ფაქტები81501
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 აგვისტოს შედგა განათლების სამინისტროს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა განათლების მინისტრი. მომხსენებელი იყო ტექნიკური და პროფესიული სკოლების მთავარგამგე ბ. თაქთაქიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 აგვისტოს განათლების სამინისტროს სხდომაზე მიწისმზომელთა სასწავლებლის გაეროვნების საკითხის შესახებ დაადგინეს: სასწავლებელი იმავე შენობაში და პირობებში დარჩეს, რომელშიც იმყოფება, მომავალი წლიდან გაეროვნდეს 1-ლი კლასი, შესასვლელი გამოცდები იყოს ქართულ ენაზე და 1-ლ კლასში ყველა საგანი ქართულად ისწავლებოდეს. სასწავლებელი თანდათანობით უნდა გაეროვნდეს; მთავარგამგეს დაევალოს შესაფერის მასწავლებელთა მოწვევაზე ზრუნვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 აგვისტოს განათლების სამინისტროს სხდომაზე მოისმინეს ებრაელთა საზოგადოების თხოვნა კერძო საშუალო ტექნიკუმის გახსნის თაობაზე. მათ ნება მიეცათ ქართლში გახსნან სასწავლებელი იმ პირობით, რომ იქ ქართული ენა ისწავლებოდეს. სკოლის გახსნის საკითხს მინისტრი მას შემდეგ გადაწყვეტდა, თუ აღნიშნული სასწავლებელი დაიმსახურებდა საზოგადოებისა და მთავრობის ყურადღებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 აგვისტოს განათლების სამინისტროს სხდომაზე მოისმინეს ბ. საათაშვილის თხოვნის შესახებ მას ნება მიეცა თბილისში გაეხსნა კერძო საბუღალტრო კურსები ქართულ ენაზე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ტროფიმე დავითის ძე შარაშიძე ბათუმის საქალაქო უმაღლეს პირველდაწყებით ქართულ სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 აგვისტოს სადგურ სამტრედიის პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელმა რაჟდენ აბულაძემ ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს მისწერა, რომ 1917 წლის 29 სექტემბერს სასწავლო ოლქთან აღძრული შუამდგომლობის თანახმად იგი გადარიცხეს და დანიშნეს სადგურ სამტრედიის ორკლასიანიდან გარდაქმნილ რკინიგზის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად, რის შესახებაც დადგენილების ქაღალდი N27734 ინახებოდა რკინიგზის სამმართველოს სამოსწავლო ნაწილის განყოფილების კანცელარიაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 აგვისტოს სადგურ სამტრედიის პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელმა რაჟდენ აბულაძემ ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს მისწერა, რომ გასულ წელს სასწავლო ოლქში ითხოვა დამტკიცება სადგურ სამტრედიის ორკლასიანიდან გარდაქმნილ რკინიგზის უმაღლეს პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად და გაითვალისწინეს მისი 12 წლის პრაქტიკა სამასწავლებლო ასპარეზზე, საშუალო სასწავლებლის კურსის დამთავრება და კიევის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება. რაჟდენ აბულაძეს დაჰპირდნენ დამტკიცებას, მაგრამ შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო დანაპირები ვერ შეასრულეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 15 აგვისტოს სადგურ სამტრედიის პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგმა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს მისწერა, რომ ამზადებდა თანამდებობაზე დანიშვნის ქაღალდ N1177-ს და სთხოვა, შესაბამის უწყებასთან ეშუამდგომლა, რომ სამტრედიის უმაღლეს სასწავლო თანამდებობაზე დაემტკიცებინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 აგვისტოს ქუთაისის გუბერნიამ და ბათუმის ოლქმა სახალხო განათლების მინისტრს აცნობეს, რომ რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძეს დამთავრებული ჰქონდა სასულიერო სემინარიის ოთხი კლასი, რისი მოწმობაც დირექციაში ინახებოდა. აბულაძის შესახებ ყველა დამატებითი ცნობების მიღება შესაძლებელი იყო ამიერკავკასიის რკინის გზის სამოსწავლო განყოფილებიდან. /учебнъй отдъл/. ხელს აწერენ დირექტორი ნიკოლოზ მგელაძე და საქმისმწარმოებელი ივ. ჯანელიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
ი. გაბუნიას დოკუმენტები (ნამსახურეობის სია) დასამტკიცებლად გადაგზავნილი იყო დაბალი სასწავლებლების მთავარგამგესთან.
1918
ტიპი: თანამდებობა
რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ 1917 წლის 4 სექტემბერს ამიერკავკასიის სამოსწავლო კომისარიატის განკარგულებით, რაჟდენ აბულაძე ამიერკავკასიის რკინიგზების სამმართველოს სამოსწავლო განყოფილების შუამდგომლობით სამტრედიის რკინიგზის ყოფილი ორკლასიანი სასწავლებლიდან გადაკეთებულ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაუშვეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
რკინიგზის სასწავლო კომიტეტმა განიხილა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის თხოვნა და აცნობა, რომ ის სამტრედიის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლად დაამტკიცეს. მიუხედავად ამისა, კომიტეტმა აბულაძის დანიშვნასთან დაკავშირებით მთავარგამგისგან უარი მიიღო, რადგან მას შესაბამისი წოდება არ ჰქონდა.
1918
ტიპი: ავტორობა
რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ უარი თქვა წოდების მიღებაზე. წოდების მიღება თუ აუცილებელი იყო, მიიღებდა მას იქ, სადაც ეტყოდნენ, მაგრამ სანამ სადმე წოდების მისაღებ კომისიებს მოაწყობდნენ, მანამდე ითხოვდა ხელახლა ეშუამდგომლა რკინიგზის სასწავლო კომიტეტს მთავარგამგესთან იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰქონდა თბილისის სასულიერო სემინარიის ოთხი კლასის მოწმობა, უფლებით გათანასწორებული იყო გიმნაზიებთან და 14 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ეს ყველაფერი მას უფლებას აძლევდა წოდების ხარისხის მიუღებლად დამტკიცებულიყო უმაღლესი დაწყებითი სკოლების მასწავლებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძეს თბილისის სასულიერო სემინარიის 4 კლასის (კურსის) დამთავრების მოწმობა ჰქონდა, რაც უფლებას აძლევდა, სახალხო განათლების მინისტრის გასული წლის ცირკულიარის თანახმად, ქართული ენა ესწავლებინა არამც თუ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში, არამედ გიმნაზიის ყველა კლასში. ასევე იგი ამზადებდა საბუთების სახით სამ მოწმობას და ორ ამონაწერს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 აგვისტოს გამართულ საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: სამსონ დადიანი, კოტე მაყაშვილი, პავლე საყვარელიძე, გერონტი ქიქოძე. სხდომის დამხმარეები იყვნენ: საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი, გიორგი ნანეიშვილი, თავმჯდომარე – სამსონ დადიანი, მდივანი – საქმისმწარმოებელი დავით ნახუცრიშვილი. პავლე საყვარელიძესა და გერონტი ქიქოძეს დროის უქონლობის გამო სხდომაზე დარჩენა არ შეეძლოთ, მათ გარეშე კი ქვორუმი არ შედგებოდა, ამიტომ გადაწყდა, სხდომა გადადებულიყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 აგვისტოს N 89 ბრძანებით მარიამ მიქელაძე-ორახელაშვილი ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 აგვისტოს გორის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე მ. კინწურაშვილმა ქალაქ გორის გამგეობის წევრ ალექსანდრე ნესტორის ძე მიხაილოვს განათლების სამინისტროსთან უშუამდგომლა გიმნაზიაში მათემატიკის პედაგოგად დანიშვნის თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 აგვისტოს პეტრე ანთელავამ წერილი მისწერა გაზეთის „Грузия“ რედაქციას.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ოჩამჩირეში შეიპყრეს ოსმალეთის საზღვაო ჯარის ოფიცერი განან შაკირ-ოღლი, რომელსაც ჯაშუშობა ბრალდებოდა. დაპატიმრებული ოსმალეთის მისიას გადასცეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 13 აგვისტოს გორის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებულმა, კიცხის ორკლასიანი სასწავლებლის (შორაპნის მაზრა) გამგემ, სავლე იოსების ძე აბულაძემ საქართველოს რესპუბლიკის საერო განათლების მინისტრს სთხოვა, მასწავლებლად დაენიშნათ თბილისის პირველი ქართული გიმნაზიის (ყოფილი სათავადაზნაურო) მოსამზადებელ კლასში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 აგვისტოს გორის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებულმა, კიცხის ორკლასიანი სასწავლებლის (შორაპნის მაზრა) გამგე სავლე იოსები ძე აბულაძემ საქართველოს რესპუბლიკის საერო განათლების მინისტრს წარუდგინა 1911 წლის 4 ივნისს გორის საოსტატო სემინარიის (იგივე ამიერკავკასიის) კურსის დასრულების ასლი N525,633 და 1916 წლის 28 მაისს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის მეორე რაიონის ინსპექტორის მიერ მიცემული ნამსახურების ფურცელი N1016. მან დასძინა, რომ 1918 წლის 29 იანვარს ქართული გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოშიც შეიტანა თხოვნა N28 პირველ ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ.