საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 30 მარტისათვის სამტრედიაში იყო ერთი პარტიზანული ფედერალისტური რაზმი არჩილ ფურცელაძის მეთაურობით. რაზმი შედგებოდა 90 შეიარაღებული კაცისა და 4 ტყვიამფრქვევისაგან. ასევე იყო ერთი ბატარეა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კაპიტანი სერგო კარგარეთელი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 მარტს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი სამტრედიაში მიიწვიეს და დანიშნეს შემომვლელი რაზმის უფროსად, რომელსაც სადგურ ჩაქვიდან ხეობა უნდა გაევლო, ასულიყო მაღლობზე,რომელიც მიდიოდა სამების ფრონტისაკენ და ყველა საშუალებით შეეშალა ხელი ოსმალებისათვის, რათა მათ არ დაეკავებინათ სამების ფრონტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 მარტს თბილისიდან სამტრედიაში მატარებლით ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე ნოე ჟორდანია და კავკასიის არმიის მთავარსარდალი ევგენი ლებედინსკი ჩავიდნენ, შტაბის უმაღლეს მოსამსახურეთა თანხლებით. ბათუმიდან ჩამოვიდა ბათუმის ციხის კომენდანტი (გენერალური მდივანი). თათბირი ნოე ჟორდანიას რონოდაში გაიმართა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის დეკემბრისათვის ქართულ სამხედრო კორპუსთან დაარსდა ქართული ლაშქრის მომარაგების კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედაც დაინიშნა დამფუძნებელი კრების წევრი დავით ვაჩნაძე. კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ) დაინიშნა გიორგი მაზნიაშვილი. იმავე დროს მაზნიაშვილი ირიცხებოდა მე-2 დივიზიის ბრიგადის უფროსად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის დეკემბერში თბილისში კავკასიის ოლქის სამხედრო შტაბი დაიშალა. მე-2 დივიზიის უფროსად დანიშნული პოლკოვნიკი ვასილ კარგარეთელი დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

ტიპი: გარდაცვალება

ოსმალეთის ფრონტიდან უკან დახეული თექვსმეტი რუსული ეშელონი აზერბაიჯანში სადგურ შამქორთან გაანადგურა აფხაზავას ჯავშნიანმა მატარებელმა. შეტაკებისას დაიღუპა თავად აფხაზავა და მისი ორი უახლოესი თანაშემწე: მაყაშვილი და მაკარაშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის დეკემბერში ნოე რამიშვილის მიერ მეფისნაცვლის სასახლეში გამართულ კრებაზე გადაწყდა, კახეთიდან გამოეწვიათ აფხაზავას ჯავშნიანი მატარებელი, რომელიც ერთ-ერთ რუსულ სამხედრო ნაწილს ადევნებდა თვალყურს. აფხაზავას დაავალეს, ბაქოსკენ მიმავალ 16 რუსულ ეშელონს გაჰყოლოდა.

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის დამლევს, მას შემდეგ, რაც გენერალმა მაზნიაშვილმა არტილერია გააგზავნა მახათას მთისა და სოღანლუღის ქედის დასაკავებლად, იგი გაემართა სამხედრო სკოლისაკენ სადაც თავი მოუყარა ხევსურთა დანაყოფებს (ოთხასამდე კაცი) და თავისუფალ ჯარისკაცებს კაპიტან ჯაფარიძის სუდენტთა ათასეულიდან და გაგზავნა არტილერიის დასაცავად თავად კი ისევ მთავრობის თავმჯდომარესთან გაემართა საქმის ვითარების მოსახსენებლად. მოხსენების შემდეგ იგი შეუერთდა არტილერიას მახათას მტაზე. საჭირო ზომებისა და ულტიმატუმის თავის დროზე წარდგენის გამო, მტრის ეშელონები მთავრობის გადადგომის ნაცვლად სურსათს, ტანისამოსსა და ცხენის საკვებს დასჯერდნენ და ბაქოსკენ გასწიეს, თუმცა მთავრობა კვლავაც შიშობდა, რომ ეშელონებს შეეძლოთ ფოილოს ხიდთან გადმოსხდომა და თბილისზე იერიშის მიტანა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს, სამხედრო კორპუსის შტაბში გამართული თათბირის შემდეგ, გიორგი მაზნიაშვილმა არტილერიის ახლად შექმნილ ბატარეას მახათას მთისა და სოღანლუღის ქედის დაკავება დაავალა. შემდეგ კი ევგენი გეგეჭკორს არსებული ვითარება მოახსენა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ევგენი გეგეჭკორთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ფრონტებიდან მობრუნებული თექვსმეტი ეშელონის მხრიდან თბილისზე თავდასხმის საფრთხე. შეხვედრის დეტალები გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა სამხედრო კორპუსის უფროსს, სტეფანე ახმეტელსა და შტაბის უფროს სოსო გედევანიშვილს გააცნო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის გვიან შემოდგომაზე თბილისიდან 303-ე ვერსზე თავი მოიყარა ოსმალეთის ფრონტიდან უკანდახეულმა თექვსმეტმა რუსულმა ეშელონმა ზარბაზნებითა და ტყვიამფრქვევებით. მათ მთავრობას წაუყენეს მოთხოვნები, რომელთა შორის მთავრობის გადადგომა იყო. გენერალი გიორგი მაზნიაშვილი მეფისნაცვლის სასახლეში ევგენი გეგეჭკორთან მიიწვიეს, რათა გაერკვიათ, შეძლებდნენ თუ არა ქალაქის დაცვას მათ ხელთ არსებული ძალებით. გენერალმა მოახსენა, რომ მე-2 დივიზიის შექმნის საქმე ცუდად მიდიოდა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, თავს არ დაზოგავდნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის გვიან შემოდგომით (თითქმის იმავე დროს, როცა თბილისში ჩოლოყაშვილისა და ქარუმიძის თაოსნობით ოთხასი ხევსური ჩამოვიდა) კაპიტან ჯაფარიძის მეთაურობით ათასეული შედგა. გენერალ გიორგი მაზნიაშვილს ამ ათასეულის თავის მიერ შედგენილ მე-2 დივიზიასთან შეერთება ჰქონდა განზრახული.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის გვიან შემოდგომაზე გენერალ მაზნიაშვილის თხოვნის საფუძველზე საზოგადო მოღვაწეებმა შალვა ქარუმიძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხევსურეთში გაგზავნეს. მათ თბილისში ჩამოიყვანეს ოთხასამდე ხევსური, რომლებიც სამხედრო სკოლის შენობაში დააბინავეს, შემოსეს, იარაღით აღჭურვეს, ჯგუფებად დაყვეს და ოფიცრები დაუნიშნეს. რამდენიმე დღის შემდეგ ეს ჯგუფები სამხედრო ქონების საწყობების სადარაჯოდ გაანაწილეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის შემოდგომაზე გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა გადაწყვიტა, ვასილ კარგარეთელის გარეშე ლეგიონების ზოგიერთი უფროსისგან თანხმობის მიღების შემდეგ თავად დაეწყო დივიზიის შედგენა. მან ფრონტიდან დაბრუნებული 1-ლი ქვეითი და ცხენოსანთა რაზმით (1500 ჯარისკაცით) დივიზიის შევსებაზე უარი განაცხადა, სანაცვლოდ კი შტაბში თავი მოუყარა 16-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის შემოდგომაზე გენერალი გიორგი მაზნიაშვილი მე-2 დივიზიის ბრიგადის უფროსად დაინიშნა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის შემოდგომისათვის თბილისში არსებობდა კავკასიის არმიის შტაბი, კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბი და ეროვნული ჯარები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ არა კავკასიის არმიის მთავარსარდალს, არამედ უშალოდ სამხედრო კომისარს. მე-2 ქართული დივიზიის უფროსი პოლკოვნიკი ვასილ კარგარეთელი იმხანად კავკასიის ოლქის შტაბში ირიცხებოდა და ამიტომ დივიზიას ფაქტობრივად ვერ ადგენდა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მე-2 ქართული დივიზიის უფროსი, პოლკოვნიკი ვასილ კარგარეთელი სოციალისტ-რევოლუციური პარტიის წევრი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა სამხედრო სექციამ პოლკოვნიკი ვასილ კარგარეთელი მე-2 დივიზიის უფროსად დანიშნა.

1917

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1917 წლის 22 ნოემბრისათვის, როდესაც საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა სამხედრო სექციამ სოსო გედევანიშვილი სამხედრო კორპუსის შტაბის უფროსად დანიშნა, იგი 12 წლის განმავლობაში ჩამოშორებული იყო სამხედრო საქმეს პოლიტიკური მიზეზების გამო, სწორედ ამიტომ, ზოგიერთი სამხედრო მეთაური, მათ შორის გენერალი მაზნიაშვილი, თვლიდა, რომ გედევანიშვილი რიგიანად ვერ გაუძღვებოდა შტაბის უფროსის მოვალეობებს.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 22 ნოემბრისათვის, როდესაც საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა სამხედრო სექციამ სოსო გედევანიშვილი სამხედრო კორპუსის შტაბის უფროსად დანიშნა, მას უკვე ჰქონდა უმაღლესი სამხედრო განათლება მიღებული, ფლობდა კაპიტნის ჩინს და ფედერალისტების ფარტიაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭო აირჩიეს და მასთან შედგა სამხედრო სექცია, რომელშიც, მართალია, ქართული სამხედრო კავშირის წარმომადგენლები შედიოდნენ, მაგრამ ისევე როგორც საბჭოში, სამხედრო სექციაშიც ძალაუფლება მენშევიკებს ჰქონდათ. ამის მიუხედავად, სამხედრო სექციამ პარტიული მოსაზრებით დანიშნულ ქართული ჯარის მეთაურ ახმეტელს უფლება არ მისცა, თანაშემწეები თავისი სურვილით მოეწვია. სამხედრო სექციამ ასევე პარტიული მოსაზრებით სამხედრო კორპუსს შტაბის უფროსად იმხანად კაპიტნის ჩინის მქონე სოსო გედევანიშვილი დაუნიშნა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის სექტემბერში დანიშნული სამხედრო კორპუსის ახალი მეთაური სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი) გენერალ გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილს პირად საუბრებში არწმუნებდა, რომ ის მენშევიკურ პარტიაში არ ითვლებოდა, მაგრამ მაზნიაშვილი იგონებს, რომ ახმეტელის ოთხი ძმა პარტიის წევრი იყო და მისი აზრით, ახლად დანიშნული სარდალიც მენშევიკებს იყო მიკედლებული.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის სექტემბრისათვის, როდესაც წყდებოდა ქართული სამხედრო კორპუსის ჩამოყალიბების საკითხი, საქართველოში თავმოყრილი იყვნენ რუსეთის ფრონტებიდან ჩამოსული გამოცდილი სამხედრო მხედართმთავრები, მათ შორის, გენერლები: ოდიშელიძე, გაბაშვილი, ანდრონიკაშვილი, იმნაძე, გედევანიშვილი და სხვ. მათ ბევრად ჩამორჩებოდა იმხანად პოლკოვნიკის ჩინის მქონე სტეფანე ახმეტელი, თუმცა მენშევიკურმა მთავრობამ აქართველოს ჯარის მეთაურად სწორედ ის დანიშნა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ფრონტზე მიიღეს ბრძანება, რომ ვისაც სურს, შეუძლია დაბრუნდეს სამშობლოში ეროვნული სამხედრო ნაწილების შედგენის მიზნით, გიორგი მაზნიაშვილი 60-მდე ქართველ ოფიცერთან ერთად დასავლეთის ფრონტიდან თბილისში დაბრუნდა.

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ ხანებში მთავრობას მიუმართავს დავით ჭავჭავაძისათვის თხოვნით, ცხენოსანი ჯარი შეექმნა, მაგრამ მას საკუთარი პირობები წამოუყენებია, ალექსანდრე სულხანიშვილის თქმით, (ინფორმაცია არაზუსტია) ის მოითხოვდა სამი ბრიგადის ჩამოყალიბების უფლებასა და სრულ უფლებამოსილების მიღებას მტკიცე დისციპლინის შესატანად ჯარში. რის გამოც მთავრობა არ დათანხმდა. ცოტა დროის გასვლის შემდეგ კვლავ მიმართა მთავროიბამ თხოვნით, სასწრაფოდ შეექმნა ცხენოსანთა ჯარი, მაგრამ ჭავჭავაძე უარზე იდგა, ასეთ მოკლე ხანში, მტერი რომ კარს არის მომდგარი ვერ მოვასწრებ ჩამოყალიბებასო. ნოე ჟორდანიას მიუმართავს : გვიშველე თავადო, სამშობლო განსაცდელშია. თქვენც ისევე უნდა დაგვეხმაროთ ამ გაჭირვების ჟამს ,როგორც თქვენს მამა- პაპას უბრძოლია ქვეყნისათვისო.