საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1050

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს პანტელეიმონ იპატის ძე ანთაძე სოფ. ქვემო ალვანში დააკავეს კონტრრევოლუციონერებთან თანამშრომლობისათვის. საქმის მიხედვით, იგი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმებს პროდუქტს აწვდიდა, როცა ისინი ალვანის რაიონში იმყოფებოდნენ და მათ მითითებებს ასრულებდა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 30 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შეიპყრეს ანდრანიკ მაშინიანცის მკვლელი ფარსეღ მაშინიანცი.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შეიპყრეს მილიციელ გაბრიელ ქოლბაიას მკვლელობასთან დაკავშირებული ყაჩაღი ლაზარე ფალია.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 25 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ფოთის მილიციამ შეიპყრო აგენტების დიდი ჯგუფი: დადიანი, რომელიც თავის თავს უწოდებდა „სამეგრელოს ბრწყინვალე მთავარს“, სინსკი, პეტროვი და სხვ. მათ მოხალისეთა ჯარის მთავარსარდალთან მიმოწერა უპოვეს. მათ, ყველას, საქართველოს საზღვრებიდან გაძევება ემუქრებოდა, გარდა დადიანისა, რომელსაც სასამართლოს გადასცემდნენ.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის ივლისში ზუგდიდში ორმხრივი სროლისა და დიდი წინააღმდეგობის შემდეგ დაიჭირეს ყაჩაღთა ბრბოს მეთაურები: ალმ. აბრამია, მირცხულავა და აფსავა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 22 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის სისხლის სამართლის მილიციამ ეგრეთ წოდებულ „ჟოკეი კლუბში“ ფრეილინის ქუჩაზე დაიჭირა კლუბის მეპატრონე მიხეილ ბენდერსკი და იქ მყოფი ცნობილი აფერისტები არშაკ იაკუბეკოვი და დავით ტერ-დავიდოვი. „ჟოკეი კლუბში“ მყოფი სხვა პირები მიიმალნენ.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 22 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის სისხლის სამართლის მილიციის მოსამსახურეებმა მამი-რიზდევის საჩაიეში და მამედ-ალი-ჯაფარ-ოღლის ბინაზე აღმოაჩინეს ბანქოსი და ბაიბურთის აზარტული თამაშები, ასევე დიდი რაოდენობით უბანდეროლო ბანქოს სათამაშო ქაღალდი და მათარები ბაიბურთის სათამაშოდ. დამნაშავეები მისცეს პასუხისგებაში.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს მილიციის უფროსის განკარგულებით მე-3 უბნის კომისარი კ. კვესაძე დააპატიმრეს. მას მექრთამეობა დააბრალეს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს თბილისის მკვიდრმა გუსეინ გასან-ოღლიმ ალი ბაბა-ოღლის მოტყუებით წაართვა 36 000 მანეთის ღირებულების საგალანტერიო საქონელი. მილიციამ ბრალდებული დაიჭირა და დააპატიმრა, საქონელი კი პატრონს დაუბრუნა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს მეოთხე კომისარიატიდან გაიქცა ტუსაღი ტატიანა ხურცილავა, რომელსაც ბრალად ედებოდა აკოფოვის მაღაზიიდან 20 000 მანეთის მოპარვა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს მილიციამ დაიჭირა მირიან სოიმ-ოღლი, რომელსაც ვორონცოვის ქ. N56-ში მდებარე სახლიდან 68 000 მანეთის გატაცება ედებოდა ბრალად.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს, საღამოს 6 საათზე, საელექტრონო კანტორა „ენერგია“ გატეხეს და 63 000 მანეთი მოიპარეს. მილიციამ დაიჭირა გ. ყაზარიანცი, რომელსაც გატაცებული ფული აღმოაჩნდა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 5 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სისხლის სამართლის მილიციამ დააკავა ქალაქის მილიციონერი ჭიჭიკო ლიბრაძე, ყოფილი მილიციონერი კუკულავა და ცნობილი ჯიბგირი გაბადაძე. მათ ბრალი ედებოდათ ქ. ქუთაისსა და სოფელ ჭოგნარში მომხდარ ძარცვებში.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს ქალაქის მილიციის უფროსის, ვლადიმერ სულაქველიძისა და სისხლის სამართლის მილიციის უფროსის, პ. ფაჩულიას ხელმძღვანელობით მილიციამ შეიპყრო სოლოლაკის ქუჩაზე და მის მიდამოებში თავმოყრილი სხვადასხვა ეროვნების სპეკულანტები, დაახლოებით ორასი კაცი.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 15 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მექი კედიამ დაატუსაღა საქართველოს სამხედრო სამინისტროს სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების თანამშრომელი პავლე ნიკიტინი, რომელსაც განზრახული ჰქონდ, საქართველოდან ჩრდილოეთ კავკასიაში გაეტანა მისთვის ჩაბარებული მთელი ტოპოგრაფიული კომპლექტი. 

1933

ტიპი: ნასამართლეობა

1933 წლის 4 იანვრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, სოფელ ზერტში აქტიური შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კულაკებს: ვანო და არტემ ტურუნაშვილებს, გეურქა, ზაქარია და გიორგი ცარელაშვილებს, ილიკო და სოფრომ მიზანაშვილებს, არტემ ბესარაშვილსა და სიმონ ტურაშვილს გადამალული ჰქონდათ ხილ-ბოსტნეულის დიდი მარაგი.

1933

ტიპი: ნასამართლეობა

1933 წლის 29 დეკემბერს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) გორის რაიონის საკონტროლო კომისიამ განიხილა ჯვრისხევის პარტუჯრედის წევრების – ალექსანდრე აკოფაშვილისა და ბაგრატ ხუტიაშვილის საქმე, რომელებიც აშკარად მფარველობდნენ კულაკებს. მათი საქმე გადაეცა პროკურატურას და დაიგეგმა საჯარო საჩვენებელი გასამართლება.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 11 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის უფროსმა მელქისედეკ კედიამ ყალბი ბონების გასაღებისათვის დააპატიმრა მიხეილ მელიქი, ალი ვაირაგოვი, მუსა კალანდაროვი და აპოლონ ჯაფარიძე.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის ივნისში ფირან ზანდუკელს ბრალად ედებოდა პირველ კომისარიატში მილიციელისა და გვარდიელის მკვლელობა, ასევე არამიანცის გატაცებაში მონაწილეობა და სხვ.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 6 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მე-10 კომისარიატის ყოფილი მილიციონერი სერგი ფირუზაშვილი პოსტის თვითნებურად მიტოვების გამო 2 კვირით დააპატიმრეს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 4 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სისხლის სამართლის მილიციამ დააპატიმრა მირ ყამუს-ოღლის მკვლელი ბაშირ-ჯალილ-ოღლი.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს მილიციამ დააპატიმრა არშაკ სარქისოვი და გიგუა აზატოვი, რომლებმაც ტარიელ გვათუა გაქურდეს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს მილიციამ შეიპყრო ნიკა სიყმაშვილის მკვლელები – დავით რამაზაშვილი და ანტონ მგალობლიშვილი.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს მილიციამ ყალბი ბონების გამსაღებელი სედრაკ პაპოევი შეიპყრო.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის ივნისში მილიციამ შეიპყრო ცნობილი ქურდი-რეციდივისტი ივანე ივანოვი (იგივე ცარიოვი), რომელსაც მრავალი ძარცვა ბრალდებოდა.