რეგისტრირებული ფაქტები19729
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 დაიბეჭდა ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძის განცხადება, რომელშიც იუწყება, რომ მისი მიზანია საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტთან და მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოსთან ერთად ხელი შეუწყოს რევოლუციურ სულისკვეთებას, მისგან მოპოვებული თავისუფლების განმტკიცებას, ებრძოლოს კონტრ-რევოლუციურ გამოსვლებს, ხოლო მოქალაქენი ვალდებულნი არიან დაეხმარონ მას. რევოლუციის გამარჯვება მოქალაქეებისგან მოითხოვს ქვეყნის ნივთიერ, ფიზიკურ და გონებრივ ამუშავებას, ამიტომ ის მოუწოდებს მოქალაქეებს ხაზინაში შეიტანონ გადასახადები, დეზერტირები გამოცხადდნენ უფროსებთან, ყველამ ატაროს მოწმობა, არ დაარღვიონ საზოგადოებრივი წესრიგი, ვაჭრებმა ხელოვნურად არ გაზარდონ საქონლის ფასი და არ გამოიწვიონ კრიზისი. მისი სიტყვით, ყოველგვარი ურჩობა და განკარგულების შეუსრულებლობა, როგორც ღალატი დაუყოვნებლივ მკაცრად დაისჯება.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით აქვეყნებს ნ. ვ. ჩაიკოვსკის სიტყვას, რომელიც ამბობს, რომ სოციალისტებს აკისრიათ პასუხისმგებლობა ჯარსა და პროლეტარიატში ერთობის დარღვევაზე. ის ღებულობს რეზოლუციას და მოითხოვს ახალი მთავრობის მხარდაჭერას მის საიერიშო ბრძანებაზე ყველა ფრონტზე და სამხედრო კრებების აკრძალვას ფრონტებზე იერიშის გამოცხადების შემდეგ.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „საერთო ინტერესი, თუ სქესური ეგოიზმი ეწინააღმდეგება ქალთა ორგანიზაციებს“, სადაც საუბრობს ადამიანისა და მოქალაქის უფლებებზე, იხსენებს მე-18 საუკუნის ფრანგ ფილოსოფოსებს, მონტესკიესა და ვოლტერს, რომლებიც ებრძოდნენ უსამართლობას და თავისუფლების შეზღუდვას, თუმცა ავტორის აზრით, ყველას ავიწყდებოდა, რომ ქალიც ადამიანია და მასაც აქვს უფლებები. ის ახსენებს საფრანგეთში მიღებულ 1789 წლის დეკლარაციას, რომელიც ყველაზე სრულია, რადგან შემუშავებულია მთელი კაცობრიობისთვის განურჩევლად ფერისა, ტომისა და სარწმუნოებისა, მაგრამ ის არ არის განურჩევლად სქესისა, რაც აშკარა უსამართლობაა. ქალთა მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება აქვთ ქართველ მენშევიკებსაც და ყველანაირად ხელს უშლიან ქალთა ორგანიზაციების ჩამოყალიბებას, რაც შეიძლება სანანებლად გაუხდეთ მათ, „რადგან ის, რაც ეპატიებათ მე-18 საუკუნის რევოლუციონერებს, არ ეპატიებათ მე-20 სუკუნის პოლიტიკურ მებრძოლ სოციალისტებს“.

