რეგისტრირებული ფაქტები19697
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საღამოს 6 საათზე რკინიგზის საავადმყოფოდან ფრონტზე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გამოასვენეს. დაკრძალვას დამფუძნებელი კრების წევრები ესწრებოდნენ. პროცესიას სიტყვით მიმართეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ სიმონ გურგენის ძე მდივანმა და ქალაქ თბილისის თავმა ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილმა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 2 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, 25 მარტს ნოე ჟორდანიამ თავის მოხსენებაში განაცხადა: „პრინციპულად ბოლშევიკები სცნობენ ერთა თვითგამორკვევას, მაგრამ პრაქტიკულად დღევანდლამდის მათი დამოკიდებულება ჩვენთან ისეთია, როგორც იყო მოხალისეების მხრიდან, როგორც მოხალისეები არ გვცნობდნენ... მათ როგორც წინათ არ სურდათ მენშევიკებთან მეგობრობა, არც ახლა სურთ“.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 1 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, აღბულაღის თემის თავმჯდომარემ თაბუკაშვილმა თბილისის ერობის გამგეობას წარუდგინა სოფლების: ვაკის, ქსოვრეთის, ამრამეთის, ბუჟურელეთის, ტბისის, გოლთეთის, ჩხიკვთა, აგრითის და ჭალის მოსახლეობის აღბულაღის თემთან შეერთების მოთხოვნა. ასევე, ივრის გერმანული თემის მაცხოვრებლები მოითხოვდნენ „მარიენფილდის“ სახელწოდებით ერთ ახალშენად გაერთიანებას. თბილისის ერობის გამგეობამ დღის წესრიგში დააყენა ორივე საკითხი განხილვა.
1920
ტიპი: ავტორობა
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 30 მარტის სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ეფრემის ძე ონიაშვილმა წარმოადგინა კანონპროექტი სამაზრო-სასოფლო მილიციისა და ადმინისტრაციის ახალი შტატის შემოღების შესახებ. მაზრისა და რაიონის კომისრის ნაცვლად დამტკიცდა მაზრისა და რაიონის მილიციის უფროსის თანამდებობები.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა განცხადებით მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს და საელჩოებს. მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ სომხეთი საქართველოს თავს დაესხა ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით. სომხეთი უარს აცხადებდა ყველანაირ მოლაპარაკებაზე, რის გამოც საქართველო იძულებული იყო გადამწყვეტი ზომები მიეღო. განცხადებას თან ერთვოდა დეპეშები, რომელთაც საქართველოს მთავრობა რამდენიმე კვირის მანძილზე უგზავნიდა სომხეთს ვითარების გასარკვევად და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

