რეგისტრირებული ფაქტები80985
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 ოქტომბერს ახალციხის მაზრის სოფელ ქვაბისხევის კომისარი ერასტი მაისურაძე ესწრებოდა ამავე სოფლის მცხოვრებთა კრებას, რომელიც გაიმართა ეკლესიის ეზოში. კრებას ესწრებოდა სოფლის დაახლოებით 30 მცხოვრები. განიხილეს სკოლებში საღვთო სჯულის აღდგენის საკითხი. მათი აზრით, აღნიშნული საგნის ამოღება ვნებდა ბავშვების ზნეობრივ განვითარებას. ერთხმად დაადგინეს, რომ თავიანთ მოთხოვნას წარუდგენენ დამფუძნებელ კრებას და გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციას. ისინი მოითხოვდნენ საგნის დაუყოვნებლივ შემოღებას განახლებული პროგრამით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 მაისს ლეჩხუმის სამაზრო საერობო გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მითაიშვილმა ცაგერიდან განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს აცნობა, რომ ტიფის გამო სკოლებში მოწაფეთა რიცხვი შემცირდა, დარჩენილებსაც ეშინიათ, და მშობლები, მასწავლებლები სწავლის დროებით შეწყვეტას ითხოვენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 აპრილს განათლების სამინისტრომ თბილისიდან ონში დეპეშით აცნობა რაჭის ერობის გამგეობას, დირექტორ ბერიძეს, რომ 75 ათასი მანეთს უგზავნიან ქალაქისა და სოფლის მასწავლებლების ხელფასებით დასაკმაყოფილებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
მთავარგამგე ჭუმბურიძე 1919 წლის 16 მაისს ცაგერში მითაიშვილს სწერს, რომ, ცირკულარის თანახმად, სასწავლო წელი 31 მაისს უნდა დასრულდეს, განსაკუთრებული პირობების გამო შესაძლებელია მოსწავლეთს ადრე დათხოვნაც.
1962
ტიპი: ღონისძიება
ქრისტინე შარაშიძემ თამაზ კალანდაძეს ევგენი ხარაძესთან გაატანა 1962 წლის 5 თებერვლით დათარიღებული წერილი და თავისი ნაშრომი სამხრეთ საქართველოს შესახებ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 3 მაისს რაჭის სამაზრო-საერობო გამგეობის წევრი მალაქია გობეჯიშვილი ონიდან პასუხობს განათლების სამინისტროს, რომ დაბალი საფეხურის სასწავლებელი ბავშვს უნდა აძლევდეს საზოგადო განათლებას, რადგან სპეციალური ცოდნის მიღება 7-10 წლის ბავშვისთვის შეუძლებელია. სწავლა 3 წელი უნდა გრძელდებოდეს პირველდაწყებით სკოლაში, ხოლო 4 წელი – უმაღლეს პირველდაწყებით სკოლაში.
1970
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ქრისტინე შარაშიძის მიერ ევგენი ხარაძისადმი მიწერილი წერილის მიხედვით, თამაზ კალანდაძის მამა (გარდაიცვალა 1958 წელს) ჩაქვის ჩაის მეურნეობის მთავარი აგრონომი, სოციალისტური შრომის გმირი, ორგზის ლენინის ორდენოსანი და მოსკოვის სასოფლო – სამეურნეო გამოფენის ორგანიზატორი იყო.
1962
ტიპი: ავტორობა
1962 წლის 5 თებერვალს ქრისტინე შარაშიძემ ევგენი ხარაძეს მისწერა, რომ ავადმყოფობის გამო სამხრეთ საქართველოს შესახებ თავისი ნაშრომის რამდენიმე ფურცელი ნაჩქარევად დაწერა და მათი დაბრუნება სთხოვა შესამოწმებლად და შესავსებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაბეჭდვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.
1961
ტიპი: ღონისძიება
1961 წლის ზაფხულში თამაზ კალანდაძის მამის პორტრეტი, რომელიც მოსკოვიდან გამოგზავნილმა მხატვარმა დახატა, მოსკოვის სასოფლო სამეურნეო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაჟდენ ხუციშვილის თხოვნა, რომ გარდა მის მიერ უკვე მიღებული ჰონორარისა (1200 მან.) 50 ცალი ფიზიკის სახელმძღვანელო მიეღო. გამგეობის დადგენილებით, მას 20 ცალი ფიზიკის წიგნი გადაეცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სკოლების მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ გომარეთის, ყალამშის, გერგეთის და ატენის სკოლებში სწავლა არ მიმდინარეობს, რადგან შესაფერისი მასწავლებლები ვერ იშოვეს. სასკოლო სექციას მასწავლებლების მოძებნა სთხოვეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი საზოგადო კრების შესახებ, რომელიც დანიშნული იყო 19 იანვარს. გამგეობის განჩინებით რწმუნებულთა საზოგადო კრება გადაიდო 2 თებერვლისათვის და ამის შესახებ ეცნობათ განყოფილებებს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს „კახეთის“ მუშა-მოსამსახურეთა კომისიის თხოვნა მათთვის ორი ცალი „ვეფხისტყაოსნის“ (ქართველიშვილის გამოცემა) დაწესებულ ფასში გადაცემის შესახებ. მათ ორი ეგზემპლარი გადასცეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფიო პეტრეს ასული ეპიტაშვილის თხოვნა. მიეცეს მას საკომისიოდ წიგნები. მან და მისმა ამხანაგებმა განიზრახეს წიგნის მაღაზიის გახსნა ქ. თბილისში. გამგეობამ დაადგინა, საკითხი ჯერჯერობით ღია დაეტოვებინათ, ვინაიდან თბილისში საკომისიოდ წიგნები არავის ეთმობოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვეჯინის განყოფილების თხოვნა, მიეცეს მას ბიბლიოთეკის საჭიროებისათვის წიგნებით დახმარება. გამგეობამ დაადგინა, მიეცათ 96 მანეთის წიგნები ბიბლიოთეკის საჭიროებისათვის.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გიგო შარაშიძემ წარადგინა მის მიერ გამოსაცემად თარგმნილი პატარა წიგნაკები: „ქვანახშირი“, „მოშინაურებული ცხოველები“ და „როგორ უნდა მოვიწყოთ ბოსტანი“. გამგეობის ცნობით, უკვე გამოსცეს გიგო შარაშიძის მიერ თარგმნილი: „ჰაერი და სითბო“, „მეხის ამბავი“, ჰონორარად მისცეს ას-ასი მანეთი. გამგეობამ დაადგინა, საკითხი განსახილველად სექციისთვის გადაეცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 მაისს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მითაიშვილმა (მდივანი ი. ხონელიძე) განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს აცნობა, რომ პარტახტიანი სახადი ძლიერდებოდა, რადგან სკოლა სენის გაძლიერების ერთგვარი კერა იყო, ცაგერის სკოლებში 9 მაისიდან სწავლა დროებით შეწყდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 მაისს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მითაიშვილი (მდივანი ი. ხონელიძე) ცაგერიდან სწერს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს, რომ მთელ მაზრაში, სვანეთის ჩათვლით, მხოლოდ ორი ტიპის სკოლაა, დაწყებითი და უმაღლესი დაწყებითი; დაბალი სკოლა არის 54, სკოლების მასწავლებლები – 88; უმაღლესი დაწყებითი არის 3, მასწავლებლები – 18.