რეგისტრირებული ფაქტები85197
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1946
ტიპი: ღონისძიება
ქრისტინე შარაშიძემ და თბილისის ორჯონიკიძის რაისაბჭოს საბინაო სამმართველოს N429 სახლმმართველობის სახლის მმართველმა, მარია სოფრომაძემ, გააფორმეს ხელშეკრულება 1946 წლის 20 ივნისიდან 1957 წლის 20 ივნისამდე მოქმედების ვადითა და განახლების უფლებით.
1946
ტიპი: მფლობელობა
1946 წლის 20 ივნისს ქრისტინე შარაშიძეს ქირით გადაეცა ჯავახიშვილის ქუჩის N11 სახლის მეორე სართულზე მდებარე ბინა 11 კვადრატული მეტრის ფართობით, საერთო საპირფარეშოთი და სამზარეულოთი.
1946
ტიპი: ღონისძიება
1946 წელს ქრისტინე შარაშიძის ბინის ქირა განისაზღვრა თვეში 8 მანეთითა და 62 კაპიკით, რაც შეიძლებოდა შეცვლილიყო ბინის ქირის განაკვეთისა და დამქირავებლის ხელფასის შეცვლის შემთხვევაში.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბერს განათლების სამინისტროს მთავარმა გამგემ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ (საქმის მწარმოებელი კონსტანტინე აბაშიძე) ფინანსთა სამინისტროს საკრედიტო განყოფილებას ლეჩხუმის მაზრის სკოლების მასწავლებელთა ჯამაგირებით დაკმაყოფილების თხოვნით მიმართა. აპრილის ბოლოს მათთვის გადაგზავნილი 100 ათასი მანეთი ფოსტამ შეაჩერა და მასწავლებლებმა ხელფასები ვერ მიიღეს, რასაც შესაძლოა არასასურველი შედეგები მოჰყოლოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქალაქის სტამბის კავშირთა გამგის, ნესტორ გელოვანის განცხადება. ის „დედა ენის“ პირველი და მეორე ნაწილების თითოეული ეგზემპლარის დაბეჭდვაში 12 მანეთს ითხოვდა. წიგნების გამოცემის საქმეს თევდორე კიკვაძე აწარმოებდა. მისი აზრით, სამართლიანი იქნებოდა, ცალზე 9-10 მანეთი მიეცათ. თავდაპირველი გარიგების თანახმად, მას თითო წიგნზე 6 მან. ერგებოდა, მაგრამ შემდეგ ტირაჟი შეიცვალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს იოსებ ავალიშვილის რეცენზია შაფაქიძის „თვალსაჩინო გეომეტრიის“ შესახებ. განჩინების გადაწყვეტილებით, შაფაქიძის ,,თვალსაჩინო გეომეტრიას“ დაუბრუნებდნენ პატრონს სასწავლო კომიტეტში წარსადგენად, თუ ის უკანასკნელი მოიწონებდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომას, მიიღებდნენ დაბეჭდვის გადაწყვეტილებას. ასევე განჩინების თანახმად, იოსებ ავალიშვილისთვის გამგეობას 200 თუმანი უნდა მიეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პედაგოგ ნინო ლომოურის თხოვნა ერთი უყდო „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ფასად დათმობის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მისთვის „ვეფხისტყაოსანი“ 25 მანეთად უნდა დაეთმოთ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 აგვისტოს მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარემ ვ. გელოვანმა, წევრებმა: ილარიონ კოპალიანმა, კოწია ბერუჩაშვილმა, ი. გულბანმა და მდივანმა – ვ. მახარობლიძემ ყრილობის სახელით მიმართეს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობას, რომ ყრილობამ იმსჯელა მასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის შესახებ და დაადგინა: მთავრობისგან მოითხოვოს მატერიალური პირობების გაუმჯობესება – დაუნიშნოს მათ 1000 მან. ჯამაგირი და გაუსწოროს მიუღებელი ხელფასები. წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებლები 1-ლი სექტემბრიდან გაფიცვას აპირებდნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი „დედაენის“ მეორე ნაწილის შესწორებით დაბეჭდვა-გამოცემის შესახებ. წიგნის შესწორება მინდობილი ჰქონდა ლუარსაბ ბოცვაძეს (ოქმი N33 , 1917 წლის 10 ნოემბერს), რომელსაც თავისი შრომა უნდა ეჩვენებინა დავით კარიჭაშვილისთვის. წიგნი უკვე შესწორებული და დამზადებული იყო გამოსაცემად. გამგეობამ გადაწყვიტა, „დედაენის“ მეორე ნაწილი 40000 ცალი დაებეჭდა. კორექტორ ტერენტი წერეთელს მიენდო მისი ქაღალდის შოვნა. 1 ოზმა(ქაღალდის საზომი ერთეული, უდრიდა 480 ფურცელს) ქაღალდის ფასი არ უნდა ყოფილიყო 100 მანეთზე, ხოლო წიგნის გასაყიდი ფასი 4 მანეთზე მეტი.
1919
ტიპი: ავტორობა
განათლების სამინისტროს მთავარგამგემ, გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ (საქმისმწარმოებელი კ.აბაშიძე) ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარეს კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძეს 1919 წლის 13 სექტემბერს სასწრაფო დეპეშით აუწყა, რომ მაზრის სკოლების დასაკმაყოფილებლად ონის ხაზინაში 100 ათასი მანეთი გაგზავნეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრ ვასილ ღლონტის თხოვნა მისთვის სესხად 178 მანეთისა და 68 კაპიკის მიცემის შესახებ. ეს თანხა მას ბათუმის სკოლის ორი მასწავლებლის ალექსანდრე მგელაძისა და ანასტასია ლომინაძის ხელფასისთვის სჭირდებოდა. ოსმალთა მიერ ბათუმის დაპყრობის შემდეგ მათ ოთხი თვე ანაზღაურება არ მიუღიათ. გამგეობამ გადაწყვიტა ბათუმის განყოფილებისთვის ვასილ ღლონტის პასუხისმგებლობით სესხად 178 მანეთი და 68 კაპიკი მიეცა. დადგენილების ოქმს ხელს აწერს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
მთავარგამგე ჭუმბურიძე 1919 წლის 11 ოქტომბერს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობას უგზავნის ლაილაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის წერილს და აუწყებს: რადგან მღვდელ მუსერიძის შრომა სასწავლებლისთვის აუცილებელია და თან მას ხელს არ შეუშლის მღვდელთმსახურების აღსრულება, შეიძლება იგი დარჩეს ორივე თანამდებობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი-ერთი უნდა დატოვოს.