საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 20 ოქტომბერს მარიამ ვახტანგის ასული ჯამბკურ-ორბელიანი 204 ხელმომწერთან ერთად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სოფელ ატენში სკოლის გახსნას სთხოვს.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 20 ოქტომბერს რუბენ ლუარსაბის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჭრებალოს სამკითხველოსთვის ქართული წიგნებით დახმარება სთხოვა. სამკითხველომ ბროკჰაუზის ლექსიკონი და 200 რუსული წიგნი თავისი სახსრებით შეიძინა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილს მეცხრამეტე საუკუნის ქართული მწერლობის ისტორიის შედგენა დაავალა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 20 ოქტომბერს სარგის ნესტორის ძე კაკაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, წიგნსაცავიდან გაეტანებინა მისთვის საჭირო წიგნები, რომლებითაც მხოლოდ ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი სარგებლობდა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 20 ოქტომბერს გერონტი დიმიტრის ძე ქიქოძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 150 მანეთით დახმარება სთხოვა. საზოგადოებამ მხოლოდ 50 მანეთი გადასცა.

1911

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 1911 წლის 20 ოქტომბერს გამგეობამ მოისმინა ქუთაისისა და სენაკის სათავადზანაურო სკოლების სამზრუნველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძის სიტყვიერი თხოვნა დამზღვევ საზოგადოებისგან მიღებული ფულის მოხმარების შესახებ. გამგეობამ შესაფერისი პასუხის გასაცემად დავით კარიჭაშვილს დაავალა სკოლების ვითარების შესწავლა და შემდეგ მოხსენების გაკეთება.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ თელავის მაზრის საადგილმამულო ბანკის მმართველს, ალექსანდრე ციციშვილს დაავალა სოფელ ყვარელში ილიასეული მამულის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ჩაბარება და შესაბამისი აქტის შედგენა. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალექსანდრე ყიფშიძე.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 24 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ აცნობა, რომ 14 ოქტომბერს სათავდაზნაურო ბანკის გამგეობამ თავადაზნაურობის წინამძღოლს გაუგზავნა მინდობილობა, რომლის თანახმადაც, ის დროებით განკარგავდა სოფ. ყვარელში ილიასეულ კარ-მიდამოს. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალექსანდრე ყიფშიძე.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ ამცნო, რომ 1911 წლის 13 ივნისს გამართულ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საგანგებო სხდომაზე განიხილეს თავადანაზნაურობის მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ი. გ. ჭავჭავაძის მამულის შესყიდვის საკითხი. მამული, რომელიც იმ დროისთვის თბილისის სათავადაზნაურო ბანკს ეკუთვნოდა, შედგებოდა 2715 კვ. საჟენი კარ-მიდამოსაგან და მასთან არსებული 1800 კვ. საჟენი საწისქვილე ადგილისაგან. თავადაზნაურობის კრებამ დაადგინა, ნება დაერთო გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლისთვის შეეძინა აღნიშნული მამული ბანკისგან და გადაეცა ის წერა-კითხვის საზოგადოების თელავის განყოფილებისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დ. ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალ. ყიფშიძე.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ შესთავაზა სოფელ ყვარლის ილიასეული მამულის თავის მფლობელობაში გადასვლა და შემდგომში საზოგადოების თელავის განყოფილებისთვის საექსპლოატაციოდ გადაცემა. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალექსანდრე ყიფშიძე.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილსის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ ამცნო, რომ 4 ოქტომბერს თავადაზნაურობის წინამძღოლმა სათავადაზნაურო ბანკში შეიტანა სოფელ ყვარელში მდებარე ი. გ. ჭავჭავაძის მამულის შესაძენად საჭირო თანხის (5344 მან. და 34 კაპ.) ნაწილი, კერძოდ 677 მან. და 71 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დ. ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალ. ყიფშიძე.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ ამცნო, რომ 15 ოქტომბერს თავადაზნაურობის წინამძღოლმა შესთავაზა მას სოფელ ყვარელში მდებარე ი. გ. ჭავჭავაძის მამულის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის გადაცემა. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დ. ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალ. ყიფშიძე.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 25 ოქტომბრის ქონებრივი მდგომარეობის ნუსხაში იაკობ გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ ვასილ ყიფიანის 390 მანეთი მართებდა, რომელიც დამკაზმველისთვის მას შემდეგ უნდა გაესტუმრებინა, როცა „ბუნების კარსა" და „რუსკოე სლოვოს" სრულიად გამზადებულს ჩააბარებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიას.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა სამსონ ფირცხლავამ თელავის განყოფილების გამგეობას მისწერა, რომ უარი ეთქვა 1910 წლის შემოსავლის 20%-ის დათმობაზე.

1911

ტიპი: ღონისძიება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის 1911 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 27 ოქტომბერს პეტრე ყიფიანის დახმარებით გამგეობამ გამართა ტრადიციული საღამო ილია ჭავჭავაძის ფონდის გასაძლიერებლად. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის ამხანაგი იოსებ ოცხელი და მდივანი იაზონ ბაქრაძე.

1911

ტიპი: ღონისძიება

სერგი ესტატეს ძე ჭილაია დაიბადა 1911 წლის 29 ოქტომბერს მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში.

1911

ტიპი: გარდაცვალება

1911 წლის 30 ოქტომბერს საჩხერის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი ეპიფანე სვიმონის ძე აბრამიშვილი გარდაიცვალა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 31 ოქტომბერს ინჟინერმა პეტრე მამრაძემ, ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის ჩანაწერთა გასავლის ნაწილის მიხედვით, ჰონორარის სახით 150 მანეთი მიიღო.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის პირველ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილმა (ვაჟა-ფშაველა) 100 მანეთით დახმარება სთხოვა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის პირველ ნოემბერს სერგი რომანოზის ძე გორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ბიბლიოთეკიდან წიგნი განსაზღვრული ვადით უნდა გაეცათ, დროის ამოწურვის შემდეგ კი წამღები შეეძლებდა წიგნის გატანის შესახებ შუამდგომლობა კვლავ აღეძრა. თუ შუამდგომლობა ხელახლა არ აღიძრებოდა, საზოგადოების გამგეობას წიგნი დანიშნულ დროს უკან უნდა დაებრუნებინა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის პირველ ნოემბერს სერგი რომანოზის ძე გორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წიგნსაცავიდან ხელნაწერის გაცემის შემთხვევაში საბჭოს უნდა განეხილა რამდენად სანდო იყო ის ადამიანი ან დაწესებულება, რომელსაც ეძლეოდა ან ეგზავნებოდა ხელნაწერი. სწერს, რომ გამგეობა კარგად იცნობდა თბილისში მცხოვრებ ქართველ მკვლევრებს და ყოველთვის შეეძლო გაეგო შეიძლებოდა თუ არა მათი ნდობა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის პირველ ნოემბერს სერგი რომანოზის ძე გორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წიგნსაცავი არ იყო მოწყობილი და თითქმის შეუძლებელი იყო იქ მუშაობა. მუშაობა მოუხერხებელი იყო დილით და განსაკუთრებით საღამოს მოსიარულე პირთა ხმაურის, დროის შეუსაბამობისა (წიგნსაცავი მაშინ იკეტებოდა, როცა მკვლევარს მუშაობის დაწყება შეეძლო, 7-8 საათზე) და ზამთარში სიცივის გამო. მისი აზრით, კარგი იქნებოდა თუ საზოგადოება მკვლევრებს ნებას დართავდა ხელნაწერი შინ წაეღოთ, ასევე თუ შემოიღებდა ისეთ წესს, რომ ხელნაწერი ყველა სამეცნიერო დაწესებულებისთვის გაეგზავნათ, როგორც თბილისში, ისე თბილისის გარეთ, რუსეთსა და ევროპაში.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის პირველ ნოემბერს სერგი რომანოზის ძე გორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ქართველ მკვლევართა რიცხვი ძალიან მცირე იყო. ამავე დროს, ყოველ მათგანს ჰქონდა სამსახური და იმდენად დატვირთული იყო, რომ სამეცნიერო მუშაობისთვის მხოლოდ ღამის რამდენიმე საათი ჰქონდა გამოყოფილი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის პირველ ნოემბერს სერგი რომანოზის ძე გორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ბევრი შეუსწავლელი ხელნაწერი იყო, რომლიც სათანადო აღწერას, გამოკვლევასა და გამოცემას საჭიროებდა. ხშირად ისმოდა საყვედური: „ჩვენს წარსულის ისტორიასა და მწერლობას არ ვიცნობთო“, – რაც მისივე თქმით, სრული ჭშმარიტება იყო.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის პირველ ნოემბერს სერგი რომანოზის ძე გორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ როცა წიგნსაცავიდან ხელნაწერი ეძლეოდა ან ეგზავნებოდა ვინმეს, წიგნსაცავის დავთარში უნდა მიეთითებინათ წიგნის ნომერი, სახელწოდება, სიგრძე-სიგანის ზომა, მასალა (ქაღალდი იყო თუ პერგამენტი), ფურცელთა ან გვერდთა რაოდენობა, ყდა და ა. შ. ხოლო დასურათებული წიგნის შემთხვევაში სასურველი იყო მათი მოკლე აღწერაც, იქვე ხელი უნდა მოეწერა წიგნის წამღებს ან იმ პირს, რომელმაც წიგნი გააგზავნა.