საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80272

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 24 ივნისს, დღის პირველ საათზე, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი, ჟურნალ „განათლების“ ხელმძღვანელი, ლუარსაბ გერასიმის ძე ბოცვაძე გარდაიცვალა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია, მდივანი − გიორგი გამზარდია) მთავარ გამგეობას 1918 წლის საწევროს 10% გაუგზავნა.

1919

ტიპი: ავტორობა

ქუთაისის გუბერნიის ერთკლასიანი სასწავლებლის გამგე ა. ბოჭორიშვილი 1919 წლის 25 ივნისს წერილით განათლების სამინისტროს წარუდგენს ნამანევის სასწავლებლის მოწაფეთა სწავლა-ყოფაქცევის უწყისს.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 27 ივნისს გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი, ცნობილი პედაგოგი ლუარსაბ ბოცვაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თ. კიკვაძის მოხსენება „დედაენის“ I- II ნაწილის და „ბუნების კარის“ ფასის გადიდება-გაყიდვის შესახებ. გამგეობამ დაადგინა: „დედაენის“ I ნაწილი გაიყიდათ ცალი 12 მანეთად, II ნაწილი ყდით – 18 მანეთად, უყდო – 15 მანეთად. „დედაენის“ II ნაწილის 15000 ეგზემპლარი დაებეჭდათ და გაკეთებინათ ყდაში. მაღაზიის გამგეს „დედაენის“ I ნაწილი გაეყიდა მხოლოდ ცალობით, დარჩენილი ეგზემპლარები აღმოსავლეთ საქართველოს ერთ რომელიმე კუთხეს მიწოდებოდა. „ბუნების კარი“ კი გაეყიდათ ცალი 20 მანეთად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე არაბიძის თხოვნა ს. იაშვილის წიგნის, „ბოტანიკის“ ანგარიშში 5000 მანეთის ავანსად მიღების შესახებ. წიგნები საკომისიოდ იყო წარმოდგენილი. გამგეობის განჩინებით, მასთან მოლაპარაკება, თანახმა იქნებოდა თუ არა დაეწერა „ბოტანიკის“ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამოცემა მიენდო სეით იაშვილს და ვარლამ ბურჯანაძეს. თუ დათანხმდებოდა, იმ შემთხვევაში გამგეობა ნაღდ ფულზე შეიძენდა საკომისიოდ მიღებულ 7000 ცალს 35-40% დაკლებით, ფულს კი ნაწილ-ნაწილ მისცემდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ ივანეს ასულ ანდრონიკაშვილის თხოვნა ნუკრიანის სკოლის ბინის ქირის გასული წლიდან დარჩენილი თანხის მიღების შესახებ, რომელიც 800 მანეთს შეადგენდა. გამგეობის განჩინებით, თხოვნა გადაეგზავნა ადგილობრივ განყოფილებას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის (რომელიც კავკავში მიემგზავრებოდა) წინადადება, რომ, თუ გამგეობა თანახმა იქნებოდა, კავკავის სკოლის მდგომარეობა გაერკვია და მათთვის თავისი აზრი გაეცნო. გამგეობამ დაადგინა, ეთხოვა მისთვის ადგილობრივი განყოფილების გამგეობის დახმარებით კავკავის ქართული სკოლის მდგომარეობის შესწავლა და დასკვნის გამგეობისთვის წარდგენა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გ. ჯავახიშვილის თხოვნა, ნება მიეცათ ესარგებლა მე-19 საუკუნის მწერალთა ხელნაწერებით წიგნსაცავიდან შინ წაღებით, რაც მწერლების მიმოხილვისთვის სჭირდებოდა. გამგეობამ მას ხელნაწერების სარგებლობის ნება დართო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისის (N141) გაზეთ „ერთობაში“ შალვა ჩოჩიამ გამოაქვეყნა წერილი „სამეგრელოს ავტონომისტები!“, რომელშიც პედაგოგ სტეფანე გაგუას ბრალდებები წაუყენა.

1919

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1919 წლის 28-29 ივნისის დიდი სეირნობისთვის საზოგადოებას გრიგოლ ჩარკვიანმა შესწირა 500 მან; სარაჯიშვილის ფირმამ – 1000 მანეთი და ღვინო, ძმები ძეგველოვები თევზეულს შეჰპირდნენ, მ. ლაღიძე კი – თავის წყლებს დაკლებულ ფასად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 15 ივნისს გამართული საზოგადო კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდნენ თავმჯდომარე ოლღა ხოფერია და მდივანი გიორგი გამზარდია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე კავკავში წასულიყო იქაური სკოლის მდგომარეობის შესასწავლად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) მთავარ გამგეობას შესთავაზა, საწევრო გაეზარდათ 5 მანეთამდე, ხოლო მუდმივ წევრთა გადასახადი − 100 მანეთამდე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორის წერილი ინგლისის პრემიერ-მინისტრ დევიდ ლოიდ ჯორჯისადმი. წერილი ეხებოდა ინგლისის გადაწყვეტილებას საქართველოს ჯარის მდინარე ბზიფის აქეთ დახევის შესახებ და ამით დემარკაციული ხაზის გავლებას მოხალისეთა ჯარსა და კავკასიის რესპუბლიკებს შორის. გეგეჭკორი ითხოვდა გარანტიებს, რომ ქართული ჯარის უკან დახევის შემთხვევაში მოხალისეთა ჯარები თავს არ დაესხმებოდნენ მათ. ის გამოსავალს გაგრის ოლქის ნეიტრალიზაციასა და იქ მოკავშირეთა ჯარის ან პიკეტის დაყენებაში ხედავდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 ივნისს განათლების სამინისტროში გაიმართა სახალხო სკოლების მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსების დირექტორთა კოლეგიის სხდომა მთავარგამგე გ. ი. ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით. კრებას დაესწრნენ: ტერეზა ხმიადაშვილისა, ბ. ბ. მახარაძე, ფილ. მგელაძე, ზაქ. ჩხიკვაძე, გ. გიორგობიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 ივნისს განათლების სამინისტროში გაიმართულ სახალხო სკოლების მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსების დირექტორთა კოლეგიის სხდომაზე პედაგოგებს შორის საგნები ასე განაწილდა: ქართული ენა და მეთოდიკა – ფ. მგელაძე; არითმეტიკა -გეომეტრია – გ. გიორგობიანი, ბუნებისმეტყველება-გეოგრაფია – წუწუნავა, ქართული სიტყვიერების ისტორია – გ.ჭუმბურიძე, პედაგოგიკა-დიდაქტიკა – ნ. ქუთათელაძე, საქართველოს ისტორია – ვ. კოტეტიშვილი, გალობა – ზ. ჩხიკვაძე, ხელგარჯილობის თეორია – მ. ვახვახიშვილი-წერეთლისა. პრაქტიკულ ხელგარჯილობას ბუდუგოვინა ხელმძღვანელობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

VI, VII კლასების ქართული ენის პროგრამა 1919/20 სასწავლო წლისთვის შეადგინა მასწავლებელმა ქსენია ჯუღელმა. იგი აღნიშნავს, რომ სურს, სხვა ეროვნების მოწაფეები წერა-კითხვის გარდა გაეცნონ ქართული ლიტერატურის უმთავრეს პერიოდებს, ამიტომ შემოკლებით ასწავლის გარკვეულ ნაწარმოებებს, რომელთა ჩამონათვალი დართულია.

1919

ტიპი: ავტორობა

თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის II, V, VI, VII, VIII კლასების ქართული სიტყვიერების პროგრამა 1919/1920 სასწავლო წლისთვის შეადგინა მ. აბრამიშვილმა. ახლავს განმარტებითი მოხსენება.

1919

ტიპი: ავტორობა

საქართველოს ისტორიის პროგრამა თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის VI, VII და VIII კლასებისთვის 1919 წლის ოქტომბერში შეადგინა ვახტანგ კოტეტიშვილმა. ახლავს განმარტებითი მოხსენება ისტორიის სწავლების მნიშვნელობის, სწავლების ფორმის და ა.შ. შესახებ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 30 ივნისს ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა მიხეილ კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1914 წელს დაამთავრა ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზია და 1917 წლამდე სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის მათემატიკურ განყოფილებაზე. რევოლუციის შემდეგ კი იძულებული გახდა, სწავლა შეეწყვიტა მე-3 კურსზე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 30 ივნისს ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი მიხეილ კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრს სწერს, რომ საქართველოს მთავრობა ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნას აპირებს, უმაღლესი განათლების მისაღებად. ვინაიდან, სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურს, მაგრამ ამისთვის არ აქვს შესაბამისი სახსრები, მთავრობასთან შუამდგომლობას სთხოვს, რათა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია დაუნიშნონ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას შეატყობინა, რომ მათ ჯერ არ ჰქონდათ ჩაბარებული განსვენებული გიორგი ზდანოვიჩის ნაანდერძევი ქონება, ამიტომ ვერანაირი სახის დახმარებას ვერ გაუწევდნენ ოლღა მიქელაძეს. ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.